Thumbnail

‘ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი!’ - ჯოკოვიჩის მესამე მარცხი 2019 წელს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის მასტერსის მერვედფინალში დამარცხდა
  • მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ბაუტისტა აგუტთან წააგო
  • ესპანელმა თამაში წვიმით გამოწვეული პაუზის შემდეგ შეატრიალა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის მასტერსს, მოულოდნელად, მერვედფინალში გამოეთიშა. სერბი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან 6:1, 5:7, 3:6 დამარცხდა, რომელიც მეოთხედფინალში ამერიკელ ჯონ ისნერს (7) შეხვდება.

ჯოკოვიჩმა ბაუტისტა აგუტს სოლიდური მოთამაშე უწოდა

“ის სოლიდური მოთამაშეა, მაგრამ ეს თამაში არ უნდა წამეგო. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, არაერთი შანსი ვერ გამოვიყენე,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა, რომელსაც პირველი სეტი 6:1 ჰქონდა მოგებული და ლოგიკურად, შეხვედრა გამარჯვებამდე უპრობლემოდ უნდა მიეყვანა. ნოლე სულ რაღაც 25 წუთის შემდეგ 5:0-ს იგებდა. წვიმით გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ, ესპანელმა მეორე სეტში მოუმატა და 7:5 მოიგო, მესამე სეტში კი რეიტინგის პირველი ნომერი 6:3 დაამარცხა და საბოლოოდ, თამაში 2 საათსა და 29 წუთში მოიგო.

ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ეს 2019 წელს მესამე წაგებაა. მას მერე, რაც წლის დასაწყისში, დოჰას ტურნირზე ნახევარფინალში გააღწია, მერე კი ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, ნოვაკი მარტის დასაწყისში ინდიან ველსის მასტერსზე მესამე წრეში, ფილიპ კოლშრაიბერთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები