Thumbnail
  • დეტროიტი დენვერთან 92:95 დამარაცხდა
  • პისტონსისთვის ეს ზედიზედ მე-3 და ბოლო 5 მატჩში მე-4 წაგებაა
  • ზაზა ფაჩულიას გუნდის მე-7 ადგილზეა და კონკურენტები მიუახლოვდნენ

პორტლენდთან და გოლდენ სტეიტთან წაგების შემდეგ, დეტროიტ პისტონსი, როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტ დენვერ ნაგეთსთანაც დამარცხდა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ძლიერ მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ 3 ქულით, 92:95 წააგო. დეტროიტელებისთვის ეს ზედიზედ მესამე და ბოლო 5 შეხვედრაში მე-4 მარცხია, რის გამოც პისტონსმა პლეი ოფისთვის ბრძოლაში საქმე გაირთულა.

ფაჩულია, დრამონდი და გრიფინი

35 წლის ქართველი ცენტრის გუნდს ახლა 37 მოგება და 37 მარცხი აქვს. დეტროიტი აღმოსავლეთ კონფერენციაში ამ შედეგით მე-7 ადგილზე და, შესაბამისად, ჯერ კიდევ პლეი ოფის ზონაშია (საუკეთესო 8 გუნდი გადის), მაგრამ კონკურენტები კარგად თამაშობენ და დეტროიტს მიუახლოვდნენ. უახლოეს მდევარ ორლანდო მეჯიქს (მაიამის 104:99 მოუგო) 6 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და ასევე 37 გამარჯვებით, ოღონდ 38 მარცხით მე-8 ადგილზეა. იქვეა მაიამიც (მე-9 ადგილი), რომელიც ფაჩულიას გუნდს მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 8 მატჩით ადრე, პლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს შარლოტ ჰორნეტსსაც (35/39), რომელიც მე-10 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩი დეტროიტს, 29 მარტს, სწორედ უშუალო კონკურენტ ორლანდოსთან აქვს (საკუთარ მოედანზე) და პისტონსისთვის ეს ფაქტობრივად ფინალის ტოლფასი შეხვედრაა.

რაც შეეხება უშუალოდ დენვერთან დუელს: ფაჩულიას გუნდმა პირველ პერიოდში ძალიან ცუდად ითამაშა და მეოთხედი 9:27 წააგო. დეტროიტისთვის ცუდი გამოდგა მეორე პერიოდიც, რომელიც პისტონსმა 30:39 დათმო. მეორე ტაიმში ფაჩულიას გუნდმა დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა და დენვერს პერიოდების მიხედვით, მხოლოდ 15 და 14 ქულა ჩააგდებინა (15:23, 14:30), მაგრამ თამაშის თავის სასარგებლოდ შეტრიალება ვეღარ შეძლო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე დენვერის გამთამაშებელი ჯამალ მარეი გახლდათ, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო. ნიკოლა იოკიჩმა 23 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. დეტროიტიდან საუკეთესო შედეგი ისევ ბლეიკ გრიფინს ჰქონდა - 29 ქულა, 15 მოხსნა. კვლავ ორმაგი დუბლით გამოირჩა პისტონსის ძირითადი ცენტრი ანდრე დრამონდიც (13 ქულა, 17 მოხსნა).

ფაჩულიამ ამჯერად 5 წუთი ითამაშა და ამ დროში 2 ქულის მოპოვება შეძლო - მან ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. ზაზას ასევე 2 მოხსნა ჰქონდა - 1 შეტევაში, 1 დაცვაში.

📺 ვიდეო: დენვერი 95:92 დეტროიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები