Thumbnail

'ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მე მჯერა ამ გუნდის' - ვლადიმირ ვაისი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა
  • ვლადიმირ ვაისის გუნდი ირლანდიაში მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ირლანდიას ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა...

ვაისი: პირველ რიგში, მინდა მივულოცო ირლანდიის ნაკრებს. გულშემატკივარმა კარგი ფეხბურთი იხილა. პირველ 20 წუთში ვერ ავყევით ტემპს და შემდეგ, შევცვალეთ ტაქტიკა. თამაში წავაგეთ სტანდარტულიდან გაშვებული გოლის გამო. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მატჩამდე, მაგრამ მაინც სტანდარტულიდან გავუშვით. ვფიქრობ, ცოცხალი კედელი არასწორად იყო დაყენებული. მეორე ნახევარში კარგად ვითამაშეთ და ირლანდიელთა მეკარემ ორჯერ იხსნა კარი აშკარა გოლისგან. 

როგორ შეაფასებთ ჯგუფში არსებულ ვითარებას?

ვაისი: ირლანდია ჯგუფის ლიდერია და ვულოცავ მეტოქეს ამ წარმატებას. ჩვენ ჯერ უქულოდ ვართ და ეს ცუდია, თუმცა ორ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმუმი ვცადეთ, დავმარცხდით. 

ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელები ინგლისის პრემიერლიგის და ჩემპიონშიპის გუნდებში თამაშობენ, ჩვენ კი ამ მხრივ გვიჭირს. იყო დრო, როდესაც ქართველი ფეხბურთელები ინგლისში და იტალიაში თამაშობდნენ, თუმცა ეს იყო წარსულში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება და ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. რაც შეეხება ჯგუფს, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.

გამოდის, რომ გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე შეტევაში საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად ფერაფერს ქმნის...

ვაისი: ძალიან ცუდია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე გვაკლია, მაგრამ ამ ვითარებაში მე უძლური ვარ. ვაძლევ შანსს სხვა ფეხბურთელებს და ისინიც აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ.

გამოვიყვანე ოქრიაშვილი, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა აკლია. მივეცი შანსი არველაძეს, რომელმაც აჩვენა პოტენციალი, თუმცა ჯერ მასაც აკლია ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება. მეტს ველი ყაზაიშვილისგან, სათამაშო პრაქტიკა აკლია ქვილითაიას, ისევ არ გვყავს პაპუნაშვილი. მოკლედ, პრობლემები ბევრია, მაგრამ მე მჯერა ამ გუნდის და ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ წარმატებას.

წინ გველოდება ისტორიული მატჩი ერთა ლიგაზე ბელარუსთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ 2020 წლის მარტში გუნდი ოპტიმალურ ფორმაში იყოს. თუმცა, იქამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უნდა ვითამაშოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები