Thumbnail
  • ირლანდია 1:0 საქართველო
  • გოლი: 1:0 ჰურიჰანე (36')
  • ირლანდიის ნაკრებმა საქართველოსთან მეათედ ითამაშა და მეცხრედ მოიგო 
  • ეროვნულ გუნდში ვატო არველაძისა და ლევან ხარაბაძის დებიუტი შედგა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი სტუმრად დუბლინში, ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარა და ისევ დამარცხდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ორი ტურის შემდეგ უქულოდ, გატანილი გოლის გარეშეა და D ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. 

შვეიცარიასთან, თბილისში წაგებული შეხვედრის (0:2) შემდეგ, ვლადიმირ ვაისს შემადგენლობაში ცვლილების განხორციელება დასჭირდა. დაშავებული ჯიმი ტაბიძისა და ჯანო ანანიძის გამოთავისუფლებული ადგილები სასტარტოში საბა კვერკველიამ და ოთარ კიტაიშვილმა დაიკავეს. სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა ვაკო ყაზაიშვილმა, ძირითადში კი ვატო არველაძე ვიხილეთ. პოლონური კორონას 21 წლის თავდამსხმელისთვის ეს მატჩი ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო აღმოჩნდა.

"ავივაზე" ირლანდიის ნაკრები პირველივე წუთებიდან მასირებულ იერიშზე გადმოვიდა. მიკ მაკარტის ფეხბურთელები ზეწოლას ორივე ფლანგიდან წარმატებით ახერციელებდნენ, საქართველოს ნაკრები კი თავის დაცვას გაჭირვებით, ზოგჯერ წესების დარღვევითაც, მაგრამ როგორღაც მაინც ახერხებდა, მაგრამ ბურთის დაჭერას - ვერაფრით. 

მასპინძლებმა საქართველოს ნაკრების კართან პირველი ძალიან სახიფათო მომენტი უკვე მე-11 წუთზე შექმნეს. საჯარიმოში შეჭრილი კევინ ჰურიჰანეს დარტყმის შემდეგ, საკმაოდ წინ გამოსულმა გიორგი ლორიამ გადაგვარჩინა.

📺 გიორგი ლორიას სეივი

პირველი ნახევარი საათი, ასე თუ ისე, გავძელით, მაგრამ 36-ე წუთზე გურამ კაშიამ საჯარიმოს მისადგომებთან დევიდ მაკგოლდრიკი წესების დარღვევით შეაჩერა და ეს ჯარიმა გაშვებულ გოლად დაგვიჯდა.

📺 კაშიამ მაკგოლდრიკი შეაჩერა

ჰურიჰანემ დარტყმა უნაკლოდ შეასრულა, ბურთმა "კედელს" მარცხიდან შემოუარა და ლორიას კარში აღმოჩნდა.

📺 1:0 ჰურიჰანე (36')

გოლს წინ ირლანდიელი გულშემატკივრების საპროტესტო აქცია უსწრებდა. როგორც დაანონსებული იყო, ფანებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადმოყარეს და ამით FAI-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ჯონ დელეინის ასოციაციაში ახალ თანამდებობაზე დანიშვნა გააპროტესტეს. 

📺 ჩოგბურთის ბურთები 

ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის პირველი და ძალიან რეალური შანსი გაუჩნდა. ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში მყოფ გვილიას მიუვიდა. ვაკოს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მისი დარტყმა მეკარე დარენ რენდოლფმა მოიგერია.

📺 გვილიას შანსი

შესვენების შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა სცადა და გარკვეულწილად, ეს გამოუვიდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, მეორე ტაიმი პირველზე უკეთესად ნამდვილად ჩაატარა. წინ განსაკუთრებით გვილია აქტიურობდა, ჩვენი შეტევა კი დიდწილად მარჯვენა, ოთარ კაკაბაძის ფლანგიდან ვითარდებოდა. 

📺 გვილიას მორიგი ერთი ეპიზოდი

მაგრამ გოლი ისევ ლორიას კარში გავიდა, თუმცა არბიტრმა ჯეფრი ჰენდრიკზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გააუქმა. 

📺 გაუქმებული გოლი ლორიას კარში

თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთი ფეხბურთელის დებიუტი შედგა - ვლადიმირ ვაისმა დავით ხოჭოლავას ნაცვლად მოედანზე ციურიხის 19 წლის მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე შეუშვა.

📺 ლევან ხარაბაძის დებიუტი

71-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ გადარჩა. დევიდ მაკგოლდრიკი, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს, საბა კვერკველიასთან მაღალ ბურთზე ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. ირლანდიელი ფორვარდი წინ გამოსულ ლორიასაც გასცდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან კარში ზუსტად ვეღარ დაარტყა.

📺 მაკგოლდრიკის შეტევა

ერთი შეხედვით, საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა, მეტადაც ფლობდა ბურთს და ცდილობდა შეტევას, მაგრამ ირლანდიელთა კარს რეალური საფრთხე ამით არ დამუქრებია. თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მასპინძლების დასჯა ჯაბა კანკავამ შორეული დარტყმითაც სცადა, მაგრამ სამწუხაროდ, ბურთმა ირლანდიელთა კარის ძელს გარედან გაჰკრა...

📺 კანკავას გასროლა

ბოლო წუთები საქართველოს ნაკრებმა შეტევაში გაატარა. ვაისმა მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილიც შეუშვა, მაგრამ არც ამით შეიცვალა რამე. დიდი ძალებით უკან დახეულმა მასპინძლებმა ანგარიშის შენარჩუნება და მორიგი 3 ქულის მოპოვება მოახერხეს. 

D ჯგუფში გამართული პარალელური მატჩი შვეიცარიასა და დანიას შორის ფრედ 3:3 დასრულდა. შესაბამისად, ჯგუფს 6 ქულით ირლანდია ლიდერობს, საქართველო კი, გიბრალტარის მსგავსად, ქულის გარეშეა.

ჩვენს ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები 7 ივნისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო დანია - ირლანდიას.  

ირლანდია 1:0 საქართველო

გოლი: 1:0 ჰურიჰანე (36')

საქართველო (4-3-2-1): ლორია - კაკაბაძე (85' ოქრიაშვილი), ხოჭოლავა (65' ხარაბაძე), კვერკველია, კაშია - კვეკვესკირი, გვილია, კანკავა (კ) - არველაძე (73' ყაზაიშვილი), კიტეიშვილი - ქვილითაია.

ირლანდია (4-3-3): რენდოლფი - კოულმენი, დაფი, კიო, სტივენსი - ჰურიჰანე, ჰენდრიკი, უილანი  - ბრეიდი (74' ო'ბრაიენი), მაკგოლდრიკი (81' დოჰერტი), მაკლინი.

კომენტარები

ბოლო ამბები