Thumbnail
  • საქმე უკრაინის ნაკრებში ბრაზილიელი ჟუნიორ მორაეშის ნატურალიზაციას ეხება 
  • 31 წლის ფორვარდმა პორტუგალია-ლუქსემბურგთან ევროშესარჩევის მატჩებში ითამაშა
  • უკრაინელები ამბობენ, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ფიფას წესი არ დაურღვევია

უკრაინის ნაკრებს, ფიფას რეგლამენტის დარღვევისთან დაკავშირებით, შესაძლოა სერიოზული სანქციები დაეკისროს. პორტუგალიური Maisfutebol იუწყება, რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ბრაზილიელი თავდამსხმელის ჟუნიორ მორაეშის ნატურალიზაციის წესი დაარღვია. 

ფიფას წესებით, ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში იმ შემთხვევაში შეუძლია თამაში, თუ: დაიბადა ქვეყნის ტერიტორიაზე; ქვეყნის ტერიტორიაზე დაიბადნენ მისი მშობლები ან პაპა-ბებიები;  მუდმივად ცხოვრობდა ქვეყანაში ხუთი წლის განმავლობაში. 

რაც შეეხება მორაეშს, ფეხბურთელმა 2017 წელს ჩინეთში იჯარით გადაბარგებამდე უკრაინაში ოთხი წელიწადი და რვა თვე დაჰყო. გამოცემის ცნობით, თუკი მსოფლიო ფეხბურთის მმართველები მაქსიმალურად მკაცრ სასჯელს მიმართავენ, უკრაინის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩებში, პორტუგალიასა და ლუქსემბურგთან, რომლებთანაც მორაეშმა ითამაშა, ტექნიკური წაგება ჩაეთვლება.

დონეცკის შახტარის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟუნიორ მორაესმა უკრაინის მოქალაქეობა 18 მარტს მიღო, მომდევნო დღეს კი 31 წლის ფეხბურთელი უკვე ამ ქვეყნის ნაკრებში გამოიძახეს. ანდრეი შევჩენკოს გუნდმა ევრო 2020-ს შესარჩევ ციკლში, 22 მარტს, შინ პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა (0:0), 25-ში კი ლუქსმებურგს ანგარიშით 2:1 სძლია და ორი ტურის შემდეგ, 4 ქულით B ჯგუფს ლიდერობს.

ანდრეი შევჩენკოს გუნდს ჯგუფში ლიდერობის დაკარგვა ემუქრება

უკრაინელი იურისტები პორტუგალიური მხარის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ უკრაინაში წლის განმავლობაში უწყვეტ ცხოვრებად, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში 183 დღის გატარება ითვლება, ფიფა კი საფეხბურთო მოქალაქეობის მინიჭებისას, კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობას ითვალისწინებს. იმ წელიწადში, როდესაც ჩინეთში იჯარით გამოდიოდა, მორაეშმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯამში 183-ზე მეტი დღე მაინც დაჰყო და შესაბამისად, დარღვევა არ დგინდება.

ჟუნიორ მორაესმა კარიერა ბრაზილიურ კლუბებში: სანტოსში, პონტე-პრეტასა და სანტუ-ანდრეში დაიწყო, რის შემდეგაც ევროპაში გადაბარგდა. მან რუმინულ გლორიასა და  ბულგარულ ცსკა-ში ითამაშა, უკრაინაში კი, შახტარში გადასვლამდე, დონეცკის მეტალურგისა და კიევის დინამოს ღირსებას იცავდა. მორაესმა ხანმოკლე დროით იჯარით ჩინურ ტიანძინშიც ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები