Thumbnail
  • პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა სერბეთთან მატჩში ბარძაყის კუნთი დაიზიანა
  • შესაძლოა ფორვარდი იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ვეღარ დაეხმაროს
  • კრიშტიანო რონალდომ ქომაგი დაამშვიდა და გამოჯანმრთელების ვადა დაასახელა

ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩში მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა მეორე ტურში შინ სერბეთთან ფრედ 1:1 ითამაშეს, 34 წლის თავდამსხმელმა კი მოედანი უკვე 29-ე წუთზე დატოვა. 

კრიშტიანო ფლანგზე ბურთს მისდევდა, როდესაც კუნთში ტკივილი იგრძნო და ნაბიჯი შეანელა. პორტუგალიელთა კაპიტანმა უმალ სამწვრთნელო შტაბს შეცვლის საჭიროება ჟესტით მიანიშნა.

ამ ამბავი შემაშფოთებელი განსაკუთრებით ტურინის იუვენტუსისა და მისი ქომაგისთვისაა. "ბებერ ქალბატონს" წინ ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალი ელის, სადაც უპირველესად სწორედ პორტუგალიელი თავდამსხმელის წყალობით გააღწია. 

სერბეთთან მატჩის შემდეგ კრიშტიანო რონალდომ გულშემატკივრები დაამშვიდა: 

"ამ ტრავმის გამო არ ვნერვიულობ. კარგად ვიცნობ ჩემს სხეულს. მგონია, რომ აღდგენას ორ კვირაზე მეტი არ დასჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება".

თუკი კრიშტიანოს ვარაუდი გამართლდება და მის გამოჯანმრთელებას მართლაც ორი კვირა დასჭირდება, გამოდის, რომ ის სერია A-ში იუვენტუსის შეხვედრებს ემპოლისთან (30 მარტს), კალიარისა (2 აპრილს) და მილანთან (6 აპრილს) გამოტოვებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იუვენტუსს აიაქსთან პირველი ¼-ფინალური დაპირისპირება 10 აპრილს, ამსტერდამში უწევს და იქ პორტუგალიელი ფორვარდის თამაში მაინც საეჭვო იქნება.

იუვემ ჩემპიონთა ლიგაში გზიდან ატლეტიკო რონალდოს ჰეთ თრიკით ჩამოიშორა

კრიშტიანოსთვის სერბებთან თამში სულ მეორე სანაკრებო მატჩი იყო იმ პაუზის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელმა მუნდიალის დასრულების შემდეგ აიღო. ეროვნულ გუნდში დაბრუნებულმა რონალდომ რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან (0:0) ითამაშა.

საინტერესოა, რომ 34 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, სხვასთან ერთად, შესაშური ჯანმრთელობითაც გამოირჩევა. მაგალითად, საკლუბო დონეზე ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში სულ 16 მატჩი აქვს გამოტოვებული, მისთვის ყველაზე ტრავმატული კი 2016/17 წლების სეზონი იყო, რომელშიც ტრავმის გამო 7 მატჩი გააცდინა.

კომენტარები

ბოლო ამბები