Thumbnail

'უნდა შევუტიოთ, გავიტანოთ და მოვიგოთ' - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდება
  • ვლადიმირ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კითხვებს უპასუხა

26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს გამართავს და დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში შვიცარიასთან დამარცხდა, ირლანდიამ კი გიბრალტარს გასვლაზე 1:0 მოუგო. მოახლოებული მატჩის შესახებ ვაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა... 

ფიქრობთ, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია ირლანდიაში ქულების მოპოვება?

ვაისი: ირლანდიის ნაკრებთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს და ვეცდებით, რომ ეს უსიამოვნო ტრადიცია დავარღვიოთ. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ. მით უმეტეს, პირველ შეხვედრაში ჯგუფის ფავორიტთან წავაგეთ და ქულები გვჭირდება. მოგვიწევს ცვლილებების გაკეთება, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.

ირლანდიის ნაკრებს ახალი მწვრთნდელი ჰყავს და რა ცვლილებებს ელოდებით მეტოქე გუნდში?

PREVIEW | ეს ის ირლანდია აღარ არის - რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს დუბლინში

ვაისი: თითოეულ მწვრთნელს თავისი ხედვა და ფილოსოფია აქვს. მარტინ ონილს დიდ პატივს ვცემ და მინდა მას ახალ გუნდში წარმატება ვუსურვო. ის ხშირად თამაშობდა 3, ან 5 მცველით, მიკ მაკარტი კი განსხვავებულ ტაქტიკას და ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ მოსაგებად გავალთ მინდორზე, შევუტევთ, თუმცა კარგად გვესმის რომ რთული თამაში იქნება. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ გავიყვან გუნდს ამ დიდებულ არენაზე, სადაც ყოველთვის ფანტასტიკური ატმოსფეროა. აქ უკვე სამჯერ ვიყავი როგორც საქართველოს ნაკრების, ისე სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში და ჯერ არ მომიგია. ვეცდები, რომ ეს უსიამოვნო ტრადიცია დავარღვიო.

გაიხსენეთ ეპიზოდი, როდესაც თქვენი ნაკრების ფეხბურთელი შვეიცარიელ მოთამაშეს დაეხმარა და შეიძლება ითქვას, რომ გადაარჩინა...

ვაისი: სამწუხარო ეპიზოდი იყო, როდესაც მოთამაშემ გონება დაკარგა. ჯანო ანანიძე ძალიან კარგი ბიჭია და საჭიროდ ჩათვალა რომ დაშავებულისთვის დახმარება გაეწია. საბედნიეროდ, დღეს უკვე ყველაფერი რიგზეა.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ერთა ლიგიდან შეუძლია. ხომ არ მცირებს ეს თქვენს მოტივაციას შესარჩევ ეტაპზე?

ვაისი: ერთა ლიგა ჩვენთვის შანსია და მომავალ წელს ვეცდებით რომ გავაკეთოთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და საოცარი ქართული ფეხბურთისთვის. თუმცა, იქამდე შესარჩევი ეტაპის მატჩებია და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჯგუფის ფავორიტი შვეიცარიაა, შემდეგ ირლანდია და დანია უნდა დავასახელოთ, თუმცა ჩვენც უნდა მოვინდომოთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ხვალ ბევრი რამ გამოჩნდება და ვნახავთ, რამდენად შეგვიძლია შესარჩევი ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა. ამისთვის დადებითი შედეგის მიღწევაა საჭირო და ვეცდებით, რომ შევუტიოთ და გოლი გავიტანოთ.

რაზე გააკეთებთ აქცენტს საწყისს წუთებში და როგორი იქნება თქვენი ტაქტიკა?

ვაისი: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რთული მატჩი გველოდება და პირველივე წუთებიდან მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. უნდა ვუფრთხილდეთ სტანდარტულ სიტუაციებს და ყურადღებით ვიყოთ საჰაერო ორთაბრძოლებისას. ასევე, უნდა შევუტიოთ და გოლის გატანაზე ვიზრუნოთ.

შვეიცარიასთან შეხვედრაში დაცვის მარცხენა ფლანგზე ჯიმი ტაბიძე თამაშობდა, რომელიც ირლანდიასთან ვერ ითამაშებს. ვინ შეცვლის მას?

ვაისი: ეს ჩვენი პრობლემაა, რადგან ჯიმი ტაბიძემ შვეიცარიასთან ძალიან კარგად ითამაშა. მისი შეცვლა შეუძლია როგორც ნავალოვსკის, ისე ხარაბაძეს. ასევე, შეგვიძლია ტაქტიკა შევცვალოთ და სამი ცენტრალური მცველით ვითამაშოთ. მაქვს გარკვეული მონახაზები და ვნახოთ, როგორი იქნება შემადგენლობა. ერთი ფაქტია, რომ ირლანდია საშიშია საჰაერო ორთაბრძოლებში და ამიტომ, კარგად უნდა დავიცვათ როგორც ფლანგები, ისე დაცვის ცენტრი.

ის ფეხბურთელები თუ არიან ფორმაში, ვინც ირლანდიაში გყავთ წამოყვანილი?

ვაისი: ნავალოვსკის და ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. ამიტომ, ისინი არ არიან ოპტიმალურ ფორმაში. თუმცა, სამატჩო განაცხადში ორივე იქნება.

ვაკო გვილია (საქართველოს ნაკრები)

“ხვალინდელი თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, პირველი მატჩი წავაგეთ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ვეცდებით სამი ქულა ავიღოთ ირლანდიაში და დავარღვიოთ ის უსიამოვნო ტრადიცია, რაც ამ გუნდის წინააღმდეგ გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ”. 

კომენტარები

ბოლო ამბები