Thumbnail
  • 📅 26 მარტი | ⌚ 23:45 | ⚽ ირლანდია V საქართველო | 📺 I არხი
  • საქართველოს ნაკრების ჯანო ანანიძე დააკლდა
  • ირლანდიელთა რიგებში ერთი ცვლილება იქნება

26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის მეორე მატჩს გამართავს - დუბლინის "ავივაზე" ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

პირველ ტურში, თუ საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან 0:2 დათმო, ირლანდიელებმა სტუმრად არც ისე დამაჯერებელი თამაშით 1:0 დაჯაბნეს სუსტი გიბრალტარი. იმ თამაშის 49-ე წუთზე "ბარნლის" 27 წლის ნახევარმცველმა ჯეფ ჰენდრიკმა ირლანდიას 3 ქულა მოუტანა. მიკ მაკარტის გუნდი არადამაჯერებლად გამოიყურება, თითქოს, ირლანდიაში თაობის კრიზისია...

ისტორიული ქულა

2017 წლის 2 სექტემბრის საღამოს საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლში უმასპინძლა და 1:1 ეთამაშა. მე-4 წუთზე შეინ დაფიმ წინ გამოსულ მაკარიძეს თავით გაუტანა, მაგრამ 30 წუთში ჯაბა კანკავას წამოწყებული კომბინაცია ჯანო ანანიძემ გააგრძელა და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. ასე აიღო ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ქულა ირლანდიასთან მე-9 დაპირისპირებაში. 

მეტი ამ თემაზე

აქამდე მართლაც კატასტროფული შედეგი გვქონდა - 8-დან 8 მარცხი. თუმცა მხოლოდ ამხანაგურ მატჩზე ვერ ვიტყვით, რომ ბრძოლა იყო - მაშინ ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა თემურ ქეცბაიას კრებული 4:0 გაანადგურა, ხოლო რობი კინმა მეორე და უკანასკნელი დუბლი შეასრულა ჩვენი ნაკრების კარში. 

საქართველო 1:1 ირლანდია (2017 წ) 

საქართველო V ირლანდია 

2003 წ. მარტი. ევრო 2004: საქართველო 1:2 ირლანდია
(კობიაშვილი 61 - დ. დაფი 18, დოჰერტი 84)

2003 წ. ივნისი. ევრო 2004: ირლანდია 2:0 საქართველო
(დოჰერტი 43, რ. კინი 59)

2008 წ. სექტემბერი. მუნდიალი 2010: საქართველო 1:2 ირლანდია
(ყენია 90 - დოილი 13, უილანი 70)

2009 წ. თებერვალი. მუნდიალი 2010: ირლანდია 2:1 საქართველო
(რ. კინი 73-პენ, 78 - იაშვილი 1)

2013 წ. ივნისი. ამხანაგრი: ირლანდია 4:0 საქართველო
(კიო 42, კოქსი 48, რ. კინი 77, 87)

2014 წ. სექტემბერი. ევრო 2016: საქართველო 1:2 ირლანდია
(ოქრიაშვილი 38 - მაკგიდი 24, 90)

2015 წ. სექტემბერი. ევრო 2016: ირლანდია 1:0 საქართველო
(უოლტერსი 68)

2016 წ. ოქტომბერი. მუნდიალი 2018. ირლანდია 1:0 საქართველო
(კოულმენი 56)

2017 წ. სექტემბერი. მუნდიალი 2018: საქართველო 1:1 ირლანდია
(ყაზაიშვილი 34 - შ. დაფი 4)

ჩაკვეტაძეს ჯანო დაემატა

ნაკრების ვარჯიში დუბლინში
ფოტო: GFF.GE

ვლადიმირ ვაისი ირლანდიაში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა, რომელთაგანაც 22 სამატჩო განაცხადში მოხვდება. კუნძულზე ვერ გაფრინდა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჯანო ანანიძე, რომელმაც მუხლის ტრავმა მიიღო. ვერ გაფრინდა ვერც ჯიმი ტაბიძე, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ გუნდს აკლია ახალი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე აკლია, მას არც შვეიცარიასთან მატჩში უთამაშია. 

გიბრალტარი 0:1 ირლანდია

თითოეული წუთი მეზიზღება

მიკ მაკარტის დაბრუნება (ის გუნდს 1996-2002 წლებშიც წვრთნიდა) ირლანდიის ნაკრებში ვერ გამოდგა პომპეზური - გუნდმა სუსტ გიბრალტარს 1:0 ძლივს მოუგო. 17-წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებული მაკარტი საქართველოსთან შემადგენლობას, ალბათ, არ შეცვლის. ცვლილება თუ იქნება, მხოლოდ მინიმალური: "გიბრალტართან თამაშის თითოეული წუთი მძულს. ვიცოდი, რაზეც ვთანხმდებოდი, მაგრამ ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს იყო საშინელი მატჩი, მაგრამ ბრწყინვალე სამი ქულა", - განაცხადა პრესკონფერენციაზე 60 წლის სპეციალისტმა. 

მიკ მაკარტი ნაკრებში 17 წლის მერე დაბრუნდა

დოჰერტიმ აღნიშნა, რომ მეტ დოჰერტის მარჯვენა ფლანგზე დაყენება ექსპერიმენტი იყო, რომელმაც "არ იმუშავა" და ის ამას აღარ გაიმეორებს. 

სავარაუდო შემადგენლობები

ირლანდია (4-4-2): რენდოლფი - კოულმენი, დაფი, კიო, სტივენსი - ბრეიდი, ჰენდრიკი, ჰურიჰანე, მაკლინი - მაკგოლდრიკი, მაგუაიერი

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ხარაბაძე - კვეკვესკირი, კანკავა - ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, გვილია - ქვილითაია

საინტერესო ფაქტები

⚽ რობი კინს საქართველოს ნაკრების კარში 5 გოლი აქვს გატანილი.

⚽ მარტის თვეში ირლანდიას მხოლოდ ერთხელ ვეთამაშეთ - შინ 1:2.

⚽ ამ გუნდებს შორის 8 ოფიციალური მატჩიდან 7-ში ირლანდიამ იმარჯვა. აქედან 6-ში ერთბურთიანი სხვაობით.

⚽ ირლანდიის ნაკრების კარში ქართველებს 5 გოლი აქვთ გატანილი. აქედან ორი დუბლინში იმყოფება - ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი.  

⚽ ირლანდიამ 5-დან 5 საშინაო მატჩი მოუგო საქართველოს ნაკრებს. 

⚽ ამ გუნდების ბოლო სამ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებმა გოლი ვერ გაიტანა. 

⚽ ბოლო სამ დუელში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ საქართველოს ნაკრებს 2017 წლის ოქტომბრის მერე არ წაუგია ზედიზედ ორი მატჩი (მაშინ - უელსი და სერბეთი)

⚽ ირლანდიის ნაკრებს ბოლო სამი მატჩია, რაც შინ გოლი ვერ გაუტანია.  

კომენტარები

ბოლო ამბები