Thumbnail
  • ჰერტა-ბორუსია 1:1
  • პეტერ შტიოგერი ბორუსიას თავკაცის პოსტზე არ აგებს.
  • ჰერტამ მიმდინარე ჩემპიონატში ანგარიში 1:1 მეხუთედ დააფიქსირა. 

ბუნდესლიგის მე-19 ტური პარასკევს ბერლინში გამართული მატჩით გაიხსნა. ჰერტა-ბორუსიას დაპირისპირებაში მასპინძლები კი იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდნენ.

ოლიმპიაშტადიონზე, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში დეივი ზელკემ, ვალენტინ ლაცაროს პასით, 46-ე წუთზე გახსნა.

სტუმრებს კი მხსნელად 71-ე წუთზე შინჯი კაგავა მოევლინათ. ბერლინელთა საჯარიმოში შეჭრილმა ჯეიდონ სანჩომ კი იწვალა, მაგრამ მაინც შეძლო კარის სიახლოვეს ჩაწოდება, უმეთვალყურეოდ მყოფ იაპონელს კი ბურთისთვის თავის სწორად შეგებებაღა მართებდა და ასეც მოიქცა.

მთლიანობაში, შეხვედრა სტუმრებმა უკეთესად ჩაატარეს, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს - ბურთის ფლობა 62%. დორტმუნდმა კარის ჩარჩოში ბურთი 5-ჯერ გაგზავნა, ჰერტამ კი - 2-ჯერ. საჯარიმოებსა და კუთხურებშიც უპირატობა ბორუსიას ჰქონდა, შესაბამისად: 18/12-თან და 5/3-თან.

აღსანიშნავია, რომ ბორუსიამ ბუნდესლიგაში უკვე მეორე შეხვედრა ჩაატარა მთავარი ბომბარდირის პიერ-ემერიკ ობამეიანგის (13 გოლი) გარეშე, რომელიც ახლო მომავალში ლონდონის არსენალში უნდა გადავიდეს.

დორტმუნდელთა სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია ბაზელიდან ცოტა ხნის წინ გადმობირებულ მცველს მანუელ აკანჯის.

ამრიგად, პეტერ შტიოგერის წაუგებელი სერია ბორუსიას თავკაცის პოსტზე გრძელდება. მისი ხელმძღვანელობით ბუნდესლიგაში ჩატარებული 4 მატჩიდან დორტმუნდის გუნდმა 2 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა და ახლა 30 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს შალკესთან იყოფს.

რაც შეეხება ჰერტას, უნგრელი პალ დარდაის გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 7 ფრედ დასრულებული შეხვედრა დაუგროვდა, საიდანაც ხუთში ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. ბერლინელები 25 ქულით ცხრილში მე-11 პოზიციაზე რჩებიან.

ბუნდესლიგის მე-19 ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები