Thumbnail
  • შვეიცარიასთან მატჩში ჯანომ დაშავებულ ფაბიან შერს დახმარება აღმოუჩინა
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის საქციელს დიდი აჟიოტაჟი მოყვა
  • 26 წლის ქართველი ფეხბურთელი თავის საქციელს გმირობად არ აფასებს 
  • ანანიძის თქმით, მისი ტრავმა საშიში არაა და მოედანს მალე დაუბრუნდება 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელმაც საქართველო-შვეიცარიის მატჩში (0:2) დაშავებულ მეტოქე ფეხბურთელს, ფაბიან შერს პირველი დახმარება გაუწია, ევროპულმა მედიამ გმირად შერაცხა, თუმცა 26 წლის ქართველი ფეხბურთელი აცხადებს, რომ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

მეტი ამ თემაზე: 'მან მეტოქის სიცოცხლე იხსნა!' - ჯანო ანანიძის გმირობას ევროპული მედია ეხმაურება

23 მარტს, "დინამო არენაზე" გამართული შეხვედრის 24-ე წუთზე, საჰაერო ორთაბრძოლისას, ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ და ტრავმები მიიღეს. სანამ გონდაკარგულ შვეიცარიელს დახმარებას ექიმები აღმოუჩნდნენ, ჯანომ მას ენის გადაყლაპვის საშუალება არ მისცა.

📺 ტაბიძისა და შერის შეჯახების ეპიზოდი

"ყოჩაღ ჯანოს, რომ რეაგირება ასე სწრაფად შეძლო. ეს იყო ნაღდი ვაჟკაცის საქციელი და ჩვენ ვამაყობთ მისით. ამ სიტუაციაში ნებისმიერი ჩვენგანი ასე მოიქცეოდა", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა Sport24-თან.

ვაისმა ჯანო შვეიცარიასთან მატჩის 84-ე წუთზე შეცვალა

თავად ჯანო ანანიძემ კი საიტთან ეპიზოდი ასე შეაფასა:

"ვერ ვიტყოდი, რომ გმირი ვარ. უბრალოდ, იქვე ვიყავი და დავეხმარე ადამიანს. მგონია, რომ ჩემს ადგილზე ნებისმიერი ასე მოიქცეოდა. 

დავინახე, რომ შერი და ჯემალი ერთმანეთს შეეჯახნენ. შვეიცარიელი ცუდად დაეცა. ეს შევამჩნიე და გადავწყვიტე, დავხმარებოდი. შერს პირი გავაღებინე, რომ კბილებში ენა არ მოყოლოდა, შემდეგ კი უკვე ექიმებმაც მოირბინეს. 

სხვათა შორის, შეჯახების შემდეგ ტაბიძე მალევე წამოდგა, მაგრამ მოგვიანებით თავი ცუდად იგრძნო და შეცვალეს. შერმა კი შეხვედრა ბოლომდე ჩაამთავრა.

თამაშის შემდეგ შერისთვის მაისურის გაცვლაზე არც მიფიქრია. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შემცვალეს. გაბრაზებული ვიყავი, რადგან ჩემმა გუნდმა წააგო. ასეთ დროს კი მაისურზე ვერ იფიქრებ".

ჯანო ანანიძეს  ფაბიან შერისთან ორთაბრძოლაც მოუხდა

ჯანო ანანიძე ამ მატჩში მუხლმა შეაწუხა და ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს დუბლინში აღარ გაჰყვა, სადაც საქართველოს ნაკრები 26 მარტს ირლანდიას დაუპირისპირდება. ჯანომ თავის ტრავმაზეც ისაუბრა:
 
"საშიში არაფერია. უახლოეს შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ვერ დავეხმარები, მაგრამ მოედანს უახლოეს მომავალში დავუბრუნდები". 

სართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში მორიგ მატჩს 26 მარტს, სტუმრად ირლანდიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები