Thumbnail

როგორ დავიბრუნოთ ოძეკის ტიტული - ტოჩინოშინი სუმოს ასოციაციის პრეზიდენტმა გაამხნევა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჰარუ ბაშო ტოჩინოშინისთვის წარუმატებელი გამოდგა
  • პირობა, რომელიც მან უნდა შეასრულოს ტიტულის დასაბრუნებლად
ტოჩინოშინმა ბაშო 7-8 ბალანსით დაასრულა

ოსაკაში ჰარუ ბაშო წარუმატებელი გამოდგა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინისთვის, მან სუპერტურნირი 7-8 ბალანსით დაასრულა და აპრილის რეიტინგ-ლისტში (ბანძუკე) სეკივაკეს რანგამდე დააქვეითებენ.

გადამწყვეტი ბოლო დღის ორთაბრძოლა გამოდგა, როცა იგი სეკივაკე ტაკაკეიშომ დაამარცხა, სწორედ ეს ორი რიკიში "გაცვლის" წოდებებს ახალ ბანძუკეში. იაპონიურ მედიაში ამ ბრძოლას "დუელი ოძეკობისთვის" უწოდეს. 

ტოჩინოშინმა სუმოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე ვადით გაძლო ოძეკის რანგში - 5 ბაშო. 1969 წლის მერე (როცა ტურნირების გამართვის თანამედროვე ფორმატი შემუშავდა) ეს მესამე "მიღწევაა", ერთხელ 2 ბაშოში (ნაკლები შეუძლებელია) დაკარგეს ოძეკობა, ერთხელ კი - 3-ში. 

იაპონიაში ამ ბრძოლას დუელი ოძეკობისთვის უწოდეს

ტურნირის დასრულების შემდეგ ტოჩინოშინს სუმოს ასოციაციის პრეზიდენტმა ჰაკაკუ ნობუიოშიმ მიმართა, რომელიც სუმოს ისტორიაში 61-ე იოკოძუნა ჰოკუტოუმია, მან 8-ჯერ მოიგო იმპერატორის თასი:

"ამ ბაშოზე შენ სუსტად გამოიყურებოდი. იმედია, კარგად დაისვენებ და მოემზადები და ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდები, როგორც ერთი წლის წინ იყავი. იმედია, შემდეგ ბაშოზე 10 მოგებას შეძლებ და დაიბრუნებ ოძეკის ტიტულს". 

კომენტარი თავად ტოჩინოშინმაც გააკეთა: "ვერაფერს გავაწყობ. დავმარცხდი იმიტომ, რომ მეტოქემ მაჯობა. ახლა კარგად დავისვენებ და მოვამზადებ ჩემ სხეულსა და გონებას ახალი ბრძოლებისთვის".

როგორც ხედავთ, პირობა დათქმულია - ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მაისში 15-დან მინიმუმ 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს და ის ისევ ოძეკი გახდება. თუ ამას ვერ მოახერხებს, მაშინ ოძეკის ტიტულის მოპოვება ისეთივე რთული იქნება, როგორც შარშან იყო მისთვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები