Thumbnail

'მან მეტოქის სიცოცხლე იხსნა!' - ჯანო ანანიძის გმირობას ევროპული მედია ეხმაურება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველო-შვეიცარიის მატჩის ერთი ეპიზოდი ყურადღების ცენტრში მოექცა
  • ჯანო ანანიძემ გონდაკარგულ ფაბიან შერს პირველადი დამხარება აღმოუჩინა
  • ქართველი ფეხბურთელის საქციელი ევროპულმა მედიამ გმირობად შეაფასა

საქართველო-შვეიცარიის მატჩის (0:2) ერთი ეპიზოდი უცხოური მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, მისი მონაწილე ჯანო ანანიძე კი გმირად შეირაცხა. 

23 მარტს, "დინამო არენაზე" გამართული შეხვედრის 24-ე წუთზე, საჰაერო ორთაბრძოლისას, ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ.

📺 ტაბიძისა და შერის შეჯახების ეპიზოდი

ფეხბურთელები გაზონზე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით საგანგაშო კი შვეიცარიელი მცველის მდგომარეობა ჩანდა, რომელმაც გონება დაკარგა. 

მეტი ამ თემაზე: შვეიცარიის ნაკრების მცველმა დინამო არენაზე სიკვდილს თვალებში ჩახედა

ნიუკასლის მცველი მოედანზე გონდაკარგული კარგა ხანს იწვა 

მოედანზე სამედიცინო ბრიგადები გამოჩნდნენ, მაგრამ სანამ შერს დახმარებას ექიმები აღმოუჩნდნენ, მასთან ჯერ ჯანო ანანიძე გაჩნდა. ქართველმა ნახევარმცველმა გონდაკარგულ შვეიცარიელს ენის გადაყლაპვის საშუალება არ მისცა. ექიმებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ შერის წამოსაყენებლად. ფეხბურთელმა თამაში გააგრძელა, მოგვიანებით კი განაცხადა: "საზარელი ეპიზოდი იყო, თუმცა თავად არაფერი მახსოვს. რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი".

მეტი ამ თემაზე: 'თავს გმირად არ მივიჩნევ' - ჯანო ანანიძე თავის საქციელსა და ტრავმაზე

შეხვედრის ეს ეპიზოდი ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა. ჯანოს საქციელზე სოცქსელებსა თუ ცნობილ სპორტულ საიტებზე ორი დღეა აქტიურად წერენ. 

The Sun: გასაოცარი ქმედება - ქართველმა გმირმა შერს პირში ხელი ჩაუყო, რომ მას ენა არ გადაეყლაპა. ნიუკასლის ფეხბურთელს არაფერი ახსოვს...

BBC: Euro 2020: შვეიცარიელ ფეხბურთელთან დასახმარებლად ქართველმა მიირბინა.

L'equipe: ჯანო ანანიძემ (საქართველო) ფაბიან შერს (შვეიცარია) დახმარება აღმოუჩინა.

Evening Standard: საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ფაბიან შერის დასახმარებლად მიიჩქარის...

Sportbible: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გონდაკარგული ფაბიან შერი დაღუპვას გადაარჩინა.

Championat.com: ჯანო ანანიძემ საქართველო მარცხისგან ვერ იხსნა. მან ადამიანის სიცოცხლე იხსნა

Sport-express: ჯანო გმირია. ანანიძემ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი გადაარჩინა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ქმედებით წლების წინ ჯაბა კანკავაც გამოირჩა. თავის დროზე დნეპროპეტროვსკის დნიპროს ნახევარმცველმა ანალოგიურად დახმარება მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, უკრაინელ ოლეგ გუსევს აღმოუჩინა.

ჯიმი ტაბიძემ თამაში თავშეხვეულმა გააგრძელა

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში მორიგ მატჩს 26 მარტს, სტუმრად ირლანდიასთან ჩაატარებს. ჯანო ანანიძე მუხლზე პრობლემების გამო ნაკრებს დუბლინში არ გაჰყვა.

კომენტარები

ბოლო ამბები