Thumbnail

39 027 მაყურებელი! იუვენტუსის ქალთა გუნდის ახალი რეკორდი იტალიაში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ქალთა ფეხბურთის პოპულარობა იზრდება
  • მადრიდში მსოფლიო რეკორდის შემდეგ, ახალი რეკორდი იტალიაშიც დამყარდა
  • იუვენტუსისა და ფიორტენტინას ქალთა გუნდების ტოპ-მატჩს 39 027 მაყურებელი დაესწრო

მსოფლიოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე ორთვენახევრით ადრე, იტალიაში, იუვენტუსის გოგონების გუნდმა იტალიაში დასწრების ახალი რეკორდი დაამყარა. სერია A-ს ცენტრალურ მატჩს ტურინში (იუვენტუსი V ფიორენტინა) 39 027 მაყურებელი დაესწრო, რაც იტალიის ჩემპიონატში ყველა დროის საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ მატჩს წინ დიდი კამპანია უძღოდა და ყველა ბილეთი უფასოდ გაიცა.

იუვენტუსის ქალთა გუნდი ჩემპიონატის ლიდერია. ტურინელებმა ფიორენტინა 1:0 დაამარცხეს და უახლოეს მდევარს 4 ქულით გაასწრეს. გამარჯვების გოლი დანიელმა სოფი პედერსენმა, მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ იუვენტუსის ქალთა გუნდი იტალიის მოქმედი ჩემპიონია და თავის საშინაო მატჩებს, არა ტურინული გრანდის მთავარ არენაზე, არამედ ვინოვოს ბაზაზე ატარებს ხოლმე. იტალიურ ქალთა ფეხბურთში აქამდე ერთ მატჩზე რეკორდი 14 000 მაყურებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ქალთა საკლუბო ფეხბურთის მსოფლიო რეკორდი მარდიდში დამყარდა: ატლეტიკოსა და ბარსელონას ქალთა გუნებს შორის მატჩი ‘ვანდა მეტროპოლიტანოზე’ გაიმართა და შეხვედრას 60 000 ფანი დაესწრო.

ამაზე მეტი მაყურებელი ქალთა ფეხბურთში მხოლოდ ერთ მატჩს ჰყავდა: ეს იყო სანაკრებო შეხვედრა აშშ-ისა და ჩინეთის ქალთა ნაკრებ გუნდებს შორის 1999 წლის მუნდიალის ფინალში, რომელიც ამერიკელებმა მოიგეს და რომელსაც 90 185 მაყურებელი დაესწრო.

ქალთა ფეხბურთის მუნდიალი წელს საფრანგეთში გაიმართება. აშშ-ის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული (1991, 1999, 2015), გერმანია კი ორგზის ჩემპიონია (2003, 2007). მსოფლიოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი თითოჯერ აქვთ მოგებული ნორვეგიას (1995) და იაპონიას (2011). ტურნირი 1991 წლიდან ტარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები