Thumbnail

'ჩემთვის აქ თამაში პრივილეგია იყო!' - ზაზა ფაჩულიამ საჩემპიონო ბეჭედი ჩაიბარა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზაზა ფაჩულიამ რიგით მეორე ბეჭედი მიიღო
  • ყოფილმა გუნდმა ქართველი ცენტრი დააფასა

NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში გოლდენ სტეიტმა დეტროიტ პისტონს უმასპინძლა. სწორედ ამ შეხვედრის დაწყების წინ, ყოფილმა კლუბმა ზაზა ფაჩულიას საზეიმოდ გადასცა 2018 წელს მოპოვებული საჩემპიონო ბეჭედი. 

ბეჭედი ზაზას ყოფილმა თანაგუნდელმა და ახლო მეგობარმა კლეი ტომპსონმა გადასცა. "ორაკლ არენა" ქართველი ცენტრის დაჯილდოვებას ოვაციებით შეხვდა, რომელსაც გოლდენ სტეიტის მთელი გუნდი შეუერთდა, განსაკუთრებით კი სტეფ კარი აქტიურობდა. 

ზაზას პირველი ბეჭედი

ზაზა წინა ორი სეზონის განმავლობაში გოლდენ სტეიტში თამაშობდა, ეს მისი მეორე საჩემპიონო ბეჭედია. ზაზამ გოლდენ სტეიტი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ხოლო კალიფორნიელებმა მის ნაცვლად დემარკუს კაზინსი დაიმატეს. გასულ სეზონში ზაზამ პლეი ოფში გოლდენ სტეიტს 26 წუთში 17 ქულა და 12 მოხსნა მოუტანა. დეტროიტ პისტონსი ამ სეზონში პირველად ესტუმრად "ორაკლ არენას", სწორედ ამიტომ "გაიწელა" ზაზასთვის საჩემპიონო ბეჭდის გადაცემის ცერემონიალი. 

"ჩემთვის პრივილეგია იყო "ორაკლ არენაზე" თამაში. ყოველ საღამოს აქ თამაში შესანიშნავი იყო, ხოლო პლეი ოფის მატჩები - საოცარი. 

იმედია, დეტროიტშიც სავსე ტრიბუნების წინაშე მოგვიწევს პლეი ოფის მატჩებში თამაში. ეს უდიდესი სტიმული იქნება გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერა ძალიან დაგვეხმარება, ეს კი სეზონის განმავლობაში ძალიან გვაკლდა", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ. 

NBA-ში ბეჭდის გადაცემის ტრადიცია 1947 წლიდან იღებს სათავეს. 11-კარატიანი ბეჭედი ბრილიანტით არის გაფორმებული. ზაზას პირველ საჩემპიონო ბეჭედში გამოყენებული მასალა ჯამში 7 ათასი დოლარი დაჯდა.

რაც შეეხება მატჩს: გოლდენ სტეიტმა დეტროიტი 121:114 დაამარცხა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტეფ კარი გახლდათ - მან 26 ქულა, 3 პასი და 9 მოხსნა დააგროვა. ზაზა ფაჩულიამ 13 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. 35 წლის ქართველმა ორი 2-ქულიანიდან 1 ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად ესროლა. უორიორსი დასავლეთ კონფერენციაში 50 მოგებითა და 23 მარცხით ლიდერობს, დეტროიტი კი - აღმოსავლეთში მე-7 ადგილზე ჩამოქვეითდა (37/36). პისტონსი მომდევნო მატჩს 27 მარტს, სტუმრად დენვერთან გამართავს.

ზაზა ფაჩულიამ ბეჭედი კლეი ტომპსონისგან მიიღო

კომენტარები

ბოლო ამბები