Thumbnail
  • საქართველო 0:2 შვეიცარია
  • გოლი: 0:1 ცუბერი (57'), 0:2 ზაკარია (80')

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის სასტარტო მატჩში შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა თავი არ დაზოგა, იბრძოლა და მაქსიმუმი გააკეთა თუნდაც ქულის მოსაპოვებლად, მაგრამ ობიექტურად გაცილებით ძლიერმა შვეიცარიის ნაკრებმა თავისი კლასის ხარჯზე, აუღელვებლად შეძლო დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება. ეს არაა ერთა ლიგის D დივიზიონის დონე!

UPDATE:

"დინამო არენა" თითქმის შეივსო. თამაშის დაწყებამდე კი ეროვნული ნაკრებიდან ყოფილი ფეხბურთელები: ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ლაშა სალუქვაძე და ოთარ მარცვალაძე საზეიმოდ გააცილეს.

32 წლის ნუკრი რევიშველმა საქართველოს ნაკრების კარი 33 მატჩში დაიცვა

ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა და ჯიმი ტაბიძე გაამწესა, საბა კვერკველია და გიორგი ნავალოვსკი კი, რომლებსაც ნდობას მანამდე ყოველთვის უცხადებდა, ამჯერად სათადარიგოთა შორის გაამწესა. განსაკუთრებით მოულოდნელი მაინც მოსკოვის ლოკომოტივის მცველის სკამზე ყოფნა აღმოჩნდა. სხვა მხრივ სლოვაკი სპეციალისტის არჩევანი პროგნოზირებადი იყო - ნახევარდაცვაში სიღრმიდან ნიკა კვეკვესკირს, ჯაბა კანკავასა და ვაკო გვილიას უნდა ემოქმედათ, ფრთებიდან კი ჯანო ანანიძე და ვაკო ყაზაიშვილი თავდასხმაში გამწესებულ გიორგი ქვილიათას უნდა დახმარებოდნენ. წინასწარვე ცნობილი იყო, რომ შვეიცარიასთან ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა გიორგი ჩაკვეტაძე. მის გარდა, ვაისის გუნდმა ბოლო მომენტში ლაშა დვალი, გიორგი მერებაშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი მოისაკლისა. 

კაშიამ და კანკავამ შვეიცარიელთა იერიშებთან გამკლავება მოახერხეს

ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი თბილისში დიდი დანაკლისით ჩამოვიდა - შვეიცარიელებს ჰარის სეფეროვიჩი, ჯერდან შაჩირი და ადმირ მეჰმედი გამოაკლდათ, მიუხედავად ამისა, ფიფას რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფი გუნდი "დინამო არენაზე" 3 ქულისთვის გამოვიდა და საწყისი წუთებიდანვე აქტიურ პრესინგს მიმართა.

დიდწილად საკუთარ ნახევარზე განლაგებული საქართველოს ნაკრები პოზიციურად და ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა და გიორგი ლორიას საქმე პირველ 30 წუთში, პრაქტიკულად არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით მახვილი კუთხიდან როდრიგესის სახიფათო დარტყმას.

📺 როდრიგესის მოულოდნელი გასროლა

მიუხედავად ამისა, მასპინძლები მხოლოდ კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვით არ იყვნენ დაკავებულნი. ერთ ეპიზოდში კი გიორგი ქვილითაია აკანჯისთან კონტაქტის შემდეგ 11-მეტრიანსაც ითხოვდა.

📺 ქვილითაია V აკანჯი 

32-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარი გაშვებულ გოლს გადარჩა. სტუმრებმა მოედნის ცენტრში ჯანოს პასი ჩაჭრეს, ლორიას კარისკენ დაძრული ფროილერი კი წესების დარღვევით შევაჩერეთ. რიკარდო როდრიგესის შესრულებული სტანდარტის შემდეგ, ბურთი "კედელში" მდგარ კანკავას მოხვდა და მიმართულება იცვალა. ლორიამ ბურთს, რომელმაც ძელთან სანტიმეტრებში ჩაიარა, მხოლოდ თვალი გააყოლა.

📺 ლორიას კარი გადარჩა

შესვენებამდე გოლის გატანის შანსი საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა. 44-ე წუთზე ვაკო გვილიამ კარგ პოზიციაში მყოფ ვაკო ყაზაიშვილს დაუგორა, თუმცა სან ხოსეს შემტევს დარტყმა არ გამოუვიდა - ბურთი ზუსტად იქ წავიდა, სადაც სტუმართა მეკარე ზომერი იდგა.

📺 ყაზაიშვილის კარგი მომენტი

შესვენების შემდეგ შვეიცარიის ნაკრებმა წნეხი გააძლიერა. იქამდე კი სტუმართა კართან სახიფათო ეპიზოდი, ჯანო ანანიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით ქვილითაიამ შექმნა. ბურთი კარიდან შვეიცარიელთა მცველმა ხელით გამოიტანა, თუმცა არბიტრმა მანამდე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა.

📺 ქვილითაიას სახიფათო თავური

53-ე წუთზე ლორიას კარი გადარჩა. ფროილერმა კაშიას ორთაბრძოლა მოუგო, მაგრამ დარტყმისას სიზუსტე დააკლდა. რაც ვერ შეძლო ფროილერმა, მოახერხა ცუბერმა. აქედან სამიოდე წუთში, ემბოლოს პასის შემდეგ მან მეკარისგან შორეულ კუთხეში, ზუსტად დაარტყა - 0:1.

📺 ცუბერის გოლი (57')

შვეიცარიელებს წნეხი არც გატანილი გოლის შემდეგ შეუსუსტებიათ. ვლადიმირ ვაისმა დაცვის ხაზში ქაოსის აღმოსაფხვრელად კი ცვლილებას მიმართა - თავშეხვეული ჯიმი ტაბიძის ნაცვლად საბა კვერკველია შეუშვა. ამით სურათი დიდად არ შეიცვალა. 69-ე წუთისთვის ლორიამ ზედიზედ ორჯერ იხსნა კარი გაშვებული გოლისგან.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ვერ გამოასწორა, მატჩის გადარჩენის ბოლო იმედი კი, რომელიც გულშემატკივარს ჰქონდა, მე-80 წუთზე დენის ზაკარიამ მოსპო - 0:2. 

📺 ზაკარიას გოლი (80')

თუ პირველ ტაიმში კიდევ მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა იყო, მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა. შვეიცარიის ნაკრებმა შექმნა მომენტები, გაიტანა კიდეც და დაგეგმილი 3 ქულაც მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდი კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგ მატჩს 26 მარტს, სტუმრად ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია

გოლი: 0:1 ცუბერი (57'), 0:2 ზაკარია (80').

საქართველო (4-3-2-1): ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (62' კვერკველია) - კვეკვესკირი, კანკავა (კაპ), გვილია - ანანიძე (84' კაჭარავა), ყაზაიშვილი - ქვილითაია (73' ლობჟანიძე).

შვეიცარია (4-4-1-1): ზომერი - ლიხტშტაინერი (კაპ), შერი, აკანჯი, როდრიგესი -  ემბოლო (84' შტეფენი), ზაკარია, ჯაკა, ფროილერი (89' სოუ) - ცუბერი - გავრანოვიჩი (61' აეტი).

კომენტარები

ბოლო ამბები