Thumbnail

'შვეიცარია ფავორიტია, მაგრამ ყურებს არ ჩამოვყრით' - ვაისის პრესკონფერენცია

  • საქართველოს ნაკრების თავკაცმა შვეიცარიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
  • ვლადიმირ ვაისი ჟურნალისტების წინაშე ოთარ კაკაბაძესთან ერთად წარსდგა
  • ვაისი მომავალ მატჩში ფავორიტად მეტოქეს მიიჩნევს, მაგრამ ბრძოლას ჰპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 23 მარტს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" შვეიარიას უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

მეტი ამ თემაზე: PREVIEW | გადაასწრებს ვაისი ჩივაძეს და ქეცბაიას? ყველაფერი შვეიცარიასთან მატჩზე

ვლადიმირ ვაისი ჟურნალისტების წინაშე ოთარ კაკაბაძესთან ერთად წარსდგა

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. შვეიცარია ძლიერი მეტოქეა, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთლებითაა დაკომპლექტებული. ჩვენი მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მხოლოდ ერთა ლიგის პლეი ოფისთვის მოსამზადებელ ეტაპად არ გამოვიყენოთ და ამ ტურნირშიც წარმატებას მივაღწიოთ.

რა მოლოდინი გაქვთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წინ და რა მიზანი გაქვთ დასახული?

ვაისი: მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია, ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება მინიმუმს, ბოლომდე ბრძოლა ყველა შეხვედრაში. სამწუხაროდ, პირველ მატჩს დანაკლისით ვხვდებით, მაგრამ ამავე დროს, დაგვიბრუნდნენ გიორგი ქვილითაია, ოთარ კაკაბაძე და ჯანო ანანიძე, რაც მახარებს. 

შვეიცარიის ნაკრებს შაჩირი და სეფეროვიჩი აკლია. ხომ არ ცვლის ეს დანაკლისი თქვენ გეგმებს და ტაქტიკურ მონახაზს?

ვაისი: ვიცი, რომ შვეიცარიის ნაკრებს შაჩირი და სეფეროვიჩი დააკლდება, მაგრამ მათ სხვა მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავთ. თითოეულ პოზიციაზე ორი თანაბრად ძლიერი ფეხბურთლი ჰყავთ და მწვრთნელისთვის ეს არჩევანი დიდი ბედნიერებაა. 

📸 საქართველოს ნაკრების ვარჯიში შვეიცარიასთან მატჩის წინ 

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

როგორ წარმოაჩინეს თავი ვარჯიშებზე ლევან ხარაბაძემ და ვატო არველაძემ?

ვაისი: ორივე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. საქართველოში ბევრი ტალანტია და მათგან ნაწილი იკარგება, ზოგი კი იხსნება და მაღალ დონეზე თამაშობს. მიხარია რომ ლევან ხარაბაძე გიორგი ჩაკვეტაძის გზას დაადგა და შვეიცარიაში წავიდა სათამაშოდ. ასევე მახარებს ვატო არველაძის წარმატება, რომელიც ძალიან ნიჭიერია და შესაძლოა, ხვალ ვიხილოთ კიდეც მოედანზე. 

ვლადიმირ პეტკოვიჩმა განაცხადა, რომ ამ დუელში ფავორიტი შვეიცარიის ნაკრებია. ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების წარმატების შემდეგ, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ვაისი: შვეიცარიის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა. ნახეთ, რა კლუბებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები და სად თამაშობენ ჩვენი მოთამაშეები. შვეიცარიამ ბელგიის ნაკრებს 5:2 მოუგო და ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ვეთანხმები პეტკოვიჩს, შვეიცარია ფავორიტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურები უნდა ჩამოვყაროთ. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ერთა ლიგაზე წარმატების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს იმედი დაუბრუნდა. თუ აცნობიერებთ, რომ ამ იმედს შენარჩუნება სჭირდება?

ვაისი: ვფიქრობ, რომ ხვალ თამაშზე 55 000 გულშემატკივარი იქნება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების წარმატებაში ქომაგებმა დიდი წვლილი შეიტანეს. გულშემატკივრები ჩვენს თამაშს 30%-ით აუმჯობესებენ და სწორედ ეს ძალა სჭირდებათ ჩვენს ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აკლია.

პეტკოვიჩის თქმით, საქართველოს ნაკრები თამაშობს რუსული სტილის ფეხბურთს ბრაზილიური ელემენტებით. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ვაისი: დიდი მადლობა პეტკოვიჩს ამ კომპლიმენტისთვის, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი, ქართული სტილი და ვცდილობთ ქართული, ტექნიკური ფეხბურთი ვითამაშოთ.

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრები):

"ერთა ლიგაზე წარმატებით ვიასპარეზეთ და ქართველი გულშემატკივარი გავახარეთ. თუმცა, შვეიცარიის დონის მეტოქე იქ არ გვყოლია და ესეც უნდა აღინიშნოს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწოთ. მით უმეტეს, სავსე "დინამო არენა" გუნდების ძალებს დააბალანსებს".

კომენტარები

ბოლო ამბები