Thumbnail

⚽ მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჟურნალში ფეხბურთი - გამოდის კვარტალში ერთხელ და აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო პროცესებს

იოჰან კრუიფი ამსტერდამის გარეუბანში - ბეტენდორპში გაიზარდა. მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრები 1970-იანი წლების მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - ცხოვრებაში მემარცხენე იდეოლოგიის გამტარებელი გახლდათ.

ის ამბობდა, რომ ფრანკისტებთან მადრიდის რეალში არასოდეს ითამაშებდა, რადგან რეალი სამთავრობო, დიქტატორული წყობის გუნდი იყო. 1974 წელს ბარსელონაში გადასვლის შემდეგ კრუიფი კატალონიური თავისუფლების იდეის დიდი გულშემატკივარი გახდა და თავის დროზე ამ ქვეყნის ფიფას და უეფას მიერ არაღიარებულ ნაკრებსაც კი წვრთნიდა.

კრუიფი 2 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მისი მემარცხენე იდეა, დღემდე, ბეტენდროპში მისი ბავშვობის სახლის სახით ცხოვრობს. სახლის მესაკუთრე ამსტერდამის სოციალური სახლების ასოციაციაა, რომელიც კრუიფის ბინას აქირავებს, ერთი პირობით - მხოლოდ მათზე, ვისი წლიური შემოსავალი 40,000 ევროს არ აღემატება. სამოთახიანი ბინის ქირაობა, თვეში 600 ევროდ არის შესაძლებელი, რაც ბაზარზე ძალიან დაბალი ფასია.

კრუიფების სახლი აკერშტრაატის 32 ნომერში მდებარეობს, აიაქსის ძველი სტადიონის - დე მეერის მახლობლად. ბევრი თხოვნის მიუხედავად, მშობლიური სახლის სახლ-მუზეუმად გადაკეთების იდეას, თვითონ კრუიფი სიცოცხლეშივე ეწინააღმდეგებოდა და უნდოდა, რომ ფართი სოციალური კუთხით გამოეყენებინათ.

სახლის ფასადს კრუიფის ციტატა ამშვენებს, რომელიც ბავშვებზე და მათ ფეხბურთში ჩართულობაზე მოგვითხრობს: „როდესაც პატარა ვიყავი, გარეთ ქუჩაში თამაში ნორმა იყო. დღეს ბავშვები ფეხბურთს უფრო ტელეფონში, ან კომპიუტერში თამაშობენ... გამოსავალი ერთია, სკოლაში მეტი უნდა იმოძრაონ. ჰოლანდიაში სკოლებმა საკუთარი სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა გააუმჯობესონ და დატვირთონ, სხვანაირად არაფერი გამოვა!“

კრუიფის მამა, ჰერმანუს კორნელიუს კრუიფი 1958 წელს, 45 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს, 45 წლამდე მამასავით ნაადრევი სიკვდილის ეშინოდა.

მამის გარდაცვალებიდან ცოტა ხანში, იოჰანი, დედამისთან ერთად საცხოვრებლად რამდენიმე ბლოკის მოშორებით გადავიდა. მალევე კი დედამ აიაქსში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა, ამის პარალელურად 11 წლის კრუიფი ასაკობრივ გუნდებში ბრწყინავდა - ოჯახი სრულად კლუბზე დამოკიდებული გახდა.

3 გზის ოქროს ბურთის მფლობელის ბინა, წლების მანძილზე სტუდენტებს საცხოვრებლად უფასოდ გადაეცემოდათ, პირობა აქაც სოციალურ ხასიათს ატარებდა - ისინი ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით მოხუცებს სხვადასხვა საკითხების გადაჭრაში ეხმარებოდენ.

აკერშტრაატის #23

ამ ხასიათში ტოტალური ფეხბურთიც არ ჯდება? ესეც ხომ ერთგვარი კომუნის იდეაა? არა საბჭოური, არა წითელი, არა ძალდატანებით... არამედ შეთანხმებული და ნდობაზე აგებული. ყველა უტევს, ყველა თავს იცავს, 90 წუთი მცველიდან ფორვარდამდე - 50 მეტრია დაჭერილი და ამ 50 მეტრში, მხარდამხარ ნებისმიერი სახის მოთამაშეს შეიძლება შეხვდეთ - რეზულტატი მთავარი არ არის, მთავარია იდეა, რომელიც გვარდიოლას სახით კრუიფის დანატოვარი მემკვიდრეობაა, გაცილებით მძლავრი და დახვეწილი, ვიდრე პეპის წინამორბედები 1949 წლის ჯეკ რეინოლდსის გუნდიდან დღემდე.

71 წლის მარტინ შილი აკერშტრაატზე, ქუჩის გადაღმა ცხოვრობს და წლებია, კრუიფების მეზობელია: „როდესაც იოჰანი გარდაიცვალა, ამ პატარა ქუჩაზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ის ყველას უყვარდა, ბევრი რამ შეცვალა არამარტო ფეხბურთში, არამედ ზოგადად, ხალხის ცნობიერებაში და ეს ვფიქრობ ამსტერდამზეც აისახება.“

მიმდინარე სეზონიდან, აიაქსის ამსტერდამ არენას იოჰან კრუიფის არენა ეწოდება. ასევე, ოლიმპიურ მოედანთან სკვერიც კრუიფის სახელს ატარებს. ამ ბოლო ცვლილებას,  ამსტერდამელები გაუბრაზებია - ხალხს არ ჰკითხეს და ისე გადაარქვესო. ეს პატარა პროტესტიც კრუიფისეულია, ამსტერდამულია და ამ ქალაქში, 14-ნომრიან რევოლუციონერთან ერთად, მუდამ იცხოვრებს.

იოჰან კრუიფის ცხოვრება კადრებში (1947-2016)

იოჰან კრუიფის ცხოვრება კადრებში (1947-2016)

იოჰან კრუიფის ცხოვრება კადრებში (1947-2016)

იოჰან კრუიფის ცხოვრება კადრებში (1947-2016)

იოჰან კრუიფის ცხოვრება კადრებში (1947-2016)

იოჰან კრუიფის ცხოვრება კადრებში (1947-2016)

იოჰან კრუიფის ცხოვრება კადრებში (1947-2016)

იოჰან კრუიფის ცხოვრება კადრებში (1947-2016)

იოჰან კრუიფის ცხოვრება კადრებში (1947-2016)

იოჰან კრუიფის ცხოვრება კადრებში (1947-2016)

იოჰან კრუიფის ცხოვრება კადრებში (1947-2016)

კომენტარები

ბოლო ამბები