Thumbnail
  • ქართველმა მოციგურავემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში იასპარეზა
  • ყვითელაშვილმა საიტამაში მე-12 შედეგი აჩვენა და თავისუფალ პროგრამაში გამოვა 

იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მამაკაცთა მოკლე პროგრამაში წარმატებით იასპარეზა მორის ყვითელაშვილმა, რომელმაც 35 სპორტსმენს შორის მე-12 ადგილი დაიკავა და ახლა თავისუფალ პროგრამაში გამოვა. 

მოკლე პროგრამაში ყვითელაშვილის გამოსვლა 82,67 ქულით შეფასდა (47.10 - ტექნიკური ელემენტებისთვის, 36.57 - პროგრამის კომპონენტებისთვის). საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში, სადაც მხოლოდ ოთხმაგი ნახტომები იძლევა გამარჯვების შანსს, პროგრამის ტექნიკური ელემენეტების შესრულების ნაწილში 24 წლის ქართველი მოციგურავის შედეგი მერვეა. ამასთან, მორისი ევროპელთა შორის მეექვსეა. 

📺 მორის ყვითელაშვილის გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში

მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ამერიკელი ნეიტან ჩენია (107.4 ბალი), მეორეზე კი მისივე თანამემამულე ჯეისონ ბრაუნია (96.81). აღსანიშნავია, რომ ნეიტან ჩენი თავისუფალი პროგრამის წინ 13 ქულით უსწრებს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონს, იაპონელ უძურუ ჰანიუს (94.87), რომელიც ამჯერად მესამე ადგილს იკავებს.

მორის ყვითელაშვილი სიატამას არენაზე თავისუფალ პროგრამაში 23 მარტს, მე-14 სასტარტო ნომრით წარსდგება. ტურნირში კვალიფიცირებული 24 მოციგურავის გამოსვლისას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე იმსაჯებს.

მორის ყვითელაშვილმა მარტის დასაწყისში კრასნოარსკში გამართულ ზამთრის უნივერსიადაზე ბრინჯაო მოიპოვა, რაც საქართველოს პირველი მედალია ზამთრის უნივერსიადების ისტორიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები