Thumbnail
  • კლივლენდთან მარცხის შემდეგ, დეტროიტმა ფინიქსს 118:98 მოუგო
  • ზაზა ფაჩულიამ იგორ კოკოშკოვის გუნდის წინააღმდეგ 4 წუთი ითამაშა

დეტროიტმა პლეი ოფის ზონაში პოზიციები გაიმყარა - პისტონსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ზაზა ფაჩულიას გუნდმა რეგულარული სეზონის 71-ე შეხვედრაში, სტუმრად 118:98 დაამარცხა ფინიქს სანსი, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, იგორ კოკოშკოვი წვრთნის. 

დეტროიტიდან საუკეთესო უეინ ელინგტონი იყო

დეტროიტელებს ახლა 37 მოგება და 34 მარცხი აქვთ - პისტონსი აღმოსავლეთში მე-6 ადგილს ინარჩუნებს. 37 გამარჯვება აქვს ბრუკლინსაც, მაგრამ ნეტსს დეტროიტზე ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული (ორივე წაგებული). კონფერენციაში მე-8 ადგილზე მაიამია - 35 მოგებითა და 36 წაგებით. 8 საუკეთესოს შორის მოსახვედრად კიდევ ორლანდო მეჯიქი (34/38) და შარლოტ ჰორნეტსი (32/39) იბრძვიან. ვაშინგტონ უიზარდსი კი (30/43) დეტროიტისთვის საფრთხეს თითქმის აღარ წარმოადგენს.

ფაჩულიას გუნდმა ფინიქსთან გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვა, რომელიც დეტროიტელებმა 29:20 მოიგეს, ბოლო მეოთხედში კი კოკოშკოვის გუნდს ძალები აღარ ეყო (31:18 ასევე დეტროიტის სასარგებლოდ).

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა ფინიქსის ლიდერმა დევინ ბუკერმა დააგროვა. დეტროიტიდან საუკეთესო უეინ ელინგტონი იყო - მის ანგარიშზე 23 ქულაა. პისტონსის ძირითადი ცენტრი ანდრე დრამონდი, რა თქმა უნდა, ორმაგი დუბლით გამოირჩა (16 ქულა, 19 მოხსნა), ხოლო ბლეიკ გრიფინი კი - 17 ქულით, 8 პასითა და 7 მოხსნით.

რაც შეეხება ფაჩულიას: 35 წლის ქართველმა ცენტრმა ამჯერად მხოლოდ 4 წუთი ითამაშა და 1 ასისტი ჰქონდა. ზაზამ ორქულიანის ჩაგდება მხოლოდ ერთხელ სცადა - უშედეგოდ. დეტროიტი მომდევნო მატჩს 24 მარტს, პორტლენდთან სტუმრად გამართავს.

📺 ვიდეო: ფინიქსი 98:118 დეტროიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები