- ქალაქ კრასნოიარსკში მამაკაცთა შორის ჩემპიონატი სილის გარტყმაში გაიმართა
- ვასილი კამოცკის შემოლაწუნების შემდეგ, ბევრი გონებას კარგავდა და ძირს ეცემოდა
რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში, სპორტის ახალ და უცნაურ სახეობაში - სილის გარტყმაში პირველი ჩემპიონატი გაიმართა. მამაკაცთა შეჯიბრი, რომელიც სპორტული ფესტივალის Siberian Power Show-ს ფარგლებში ჩატარდა, ოლიმპიური სისტემით გაიმართა - დამარცხებული ასპარეზობას ტოვებდა.
წესი მარტივი იყო - მონაწილეები ერთმანეთს სილას მორიგეობით, იქამდე ურტყამდნენ, სანამ ერთ-ერთი შეჯიბრის გაგრძელებაზე უარს არ იტყოდა (ან თუ ტურნირის წესებს უხეშად დაარღვევდა). ორთაბრძოლის სხვა სპორტული სახეობებისგან განსხვავებით, აქ დარტყმისთვის თავის არიდება თუ ბლოკის დაყენება არ შეიძლება. მონაწილეს კი ერთადერთი გზა რჩება - დარტყმა უნდა აიტანოს, წონასწორობის შენარჩუნებისთვის კი შეუძლია, მეტოქესთან გამყოფ კონსტრუქციას ჩაეჭიდოს.
ტურნირის საპრიზო ფონდი 30 ათასი რუბლი იყო (დაახლოებით 1250 ლარი), მისი გამარჯვებული კი ვინმე ვასილი კამოცკი გახდა, რომლის შემოლაწუნების შემდეგ, რამდენიმემ გონება დაკარგა და ძირს დაეცა.
რუსეთში სილის გარტყმაში სპორტს მიმდევრები მრავლად ჰყავს.
კომენტარები