Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებისა და ბუდოჩნოსტის 19 წლის ცენტრის მორიგი აღიარება
  • ლიგამ ქართველი ABA ლიგის რეგულარული სეზონის MVP-ად დაასახელა
  • მანამდე გოგა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდად აღიარეს და TOP5-ში შეიყვანეს 

საქართველოს ნაკრებისა და ბუდოჩნოსტის 19 წლის ცენტრი გოგა ბითაძე, როგორც მოსალოდნელი იყო, ადრიატიკის ლიგის (ABA) რეგულარული სეზონის MVP-ადაც დასახელდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დაასახელეს.

ადრიატიკის ლიგის ოფიციალური საიტი გოგაზე წერს:

"ABA ლიგის რეგულარული სეზონი დასრულებულია და ტურნირის ამ ნაწილში MVP-ის დასახელების დროც დადგა. ეს ბუდოჩნოსტის ცენტრი გოგა ბითაძეა, რომელიც რეგიონალურ ლიგაში მთელის სეზონის განმავლობაში დომინირებდა. 19 წლის მოთამაშის საშუალო სტატისტიკა მატჩში 16,3 ქულა, 6,4 მოხსნა, 2 დაფარება და 0,9 პასია. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 ბალი იყო, რაც მესამე უმაღლესი მაჩვენებელია ლიგა ABA-ში. გოგა ამ მხრივ მხოლოდ დრაგან აპიჩსა და ლუკა ბოჟიჩს ჩამორჩა. მანამდე გოგა ბითაძე ლიგაში ოქტომბრის MVP-ად დასახელდა, ასევე - რეგულარული ჩემპიონატის 21-ე ტურის MVP-ად.

გოგა ბითაძე პირველი არაექსიუგოსლავიელი ან არაამერიკელი MVP-ია ადრიატიკის ლიგის ისტორიაში.  

საგულისხმოა, რომ გოგა ბითაძე სეზონის განმავლობაში შთამბეჭდავი არამხოლოდ ინდივიდუალური სტატისტიკისა და მიღწევების გამო იყო. ის პლეი ოფისკენ მიმავალ გზაზე ბუდოჩნოსტში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მას შემდეგ, რაც გუნდს შეუერთდა. სწორედ ამან განაპირობა რეგულარული ჩემპიონატის MVP-ად მისი დასახელება".

📺 გოგა ბითაძის სეზონის გამორჩეული მომენტები

მანამდე ადრიატიკის ლიგის მონაწილე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და ABA ლიგის კომისიონერმა სეზონის ხუთეული დაასახელეს. გოგა ბითაძესთან ერთად რჩეულთა შორის ასევე მოხვდნენ: ჯო რაგლენდი, სტრატოს პერპეროღლუ, ჯოკ ლენდეილი და ჯეიკობ პულენი. შეგახსენებთ, რომ ჯიეკობ პულენი, რომელიც ამჟამად ცედევიტაში თამაშობს, საქართველოს მოქალაქე 2012 წელს გახდა და მას ევრობასკეტ 2013-ზე დაეხმარა. გოგა ბითაძის გუნდი ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში სწორედ ცედევიტას დაუპირისპირდება.

ბუდოჩნოსტი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია, 2018/19 წლების რეგულარული ჩემპიონატი კი მესამე ადგილზე დაასრულა. ბითაძის გუნდი ხორვატულ ცედევიტასთან პირველ ნახევარფინალურ მატჩს სტუმრად 25 მარტს გამართავს, საკუთარ დარბაზში კი 31 მარტს უმასპინძლებს. თუკი გამარჯვებულის გამოსავლენად მესამე თამაში გახდება საჭირო, ის ხორვატიაში გაიმართება.

ადრიატიკის ლიგა 2001 წელს დაარსდა და მასში სერბეთის, ხორვატიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, სლოვენიის, მონტენეგროსა და ისრაელის საკალათბურთო კლუბები გამოდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები