Thumbnail

უდინეზემ მთავარ მწვრთნელად შარშანდელი მხსნელი დააბრუნა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უდინეზეში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა
  • დავიდე ნიკოლა ოთხშაბათს გაათავისუფლეს
  • იტალიური კლუბი 40 წლის იგორ ტუდორმა ჩაიბარა

უდინეზემ ოთხშაბათს გათავისუფლებული მთავარი მწვრთნელის, დავიდე ნიკოლას შემცვლელი მალევე იპოვა. კრიზისში მყოფი იტალიური კლუბის დამრიგებლად წარსულში ცნობილი ხორვატი მცველი იგორ ტუდორი დაინიშნა. 

აღსანიშნავია, რომ 40 წლის ტუდორი უდინეზეც ერთხელ უკვე წვრთნიდა. შარშან მან უდინური კლუბი აპრილში ჩაიბარა და სერია B-ში დაქვეითებისგან იხსნა, თუმცა ახალი სეზონისთვის თანამდებობაზე არ დატოვეს.

უდინეზე იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-16 ადგილზეა და წელსაც ელიტიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება. 17 მარტს ფრიულელებმა ნაპოლისთან 2:4 წააგეს.

იგორ ტუდორმა უდინეზე უკვე ავარჯიშა

"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უდინეზეს ფანებს იმედები არ გავუცრუო. გუნდი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ სეზონის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება. მთავარია, ყველა მატჩში 100 პროცენტით დავიხარჯოთ. არ ვიცი, რამდენი ქულა გვჭირდება იმისთვის, რომ გადავრჩეთ, გამოთვლები არ მაინტერესებს. ჩვენთვის ახლა ყველა მატჩი ფინალია," - განაცხადა ტუდორმა პრესკონფერენციაზე.

საფეხბურთო საზოგადოება იგორ ტუდორს პირველ რიგში ტურინის იუვენტუსიდან იცნობს, სადაც ხორვატი 1998-დან 2007 წლამდე ირიცხებოდა. სერია A-ს 149 მატჩში მას 17 გოლი აქვს გატანილი, რაც ცენტრალური მცველისთვის კარგი შედეგია. ტუდორს იუვეს ფორმით არაერთი გადამწყვეტი და ეფექტური გოლი აქვს გატანილი.

ჩირო ფერარა, იგორ ტუდორი და ზინედინ ზიდანი - ხორვატს კარიერის საუკეთესო წლები იუვეში აქვს გატარებული

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი მან 2003 წელს, ლა კორუნიის დეპორტივოს გაუტანა. ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე დეპორტივო ტურინში თამაშს დიეგო ტრისტანისა და როი მაკაის გოლებით 2:1-ს იგებდა, დავიდ ტრეზეგემ 63-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო იგორ ტუდორმა კი იუვეს 93-ე წუთზე, ამ ძალიან მაგარი გოლით მოაგებინა. იმ სეზონში ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწიეს, სადაც მილანთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

📺 ვიდეო: იუვენტუსი 3:2 დეპორტივო (2003 წელი, ფერარას, ტრეზეგეს და ტუდორის გოლები)

#ComebackGoals | Juventus vs Deportivo | 2003

⏱ 12' Ferrara ⚽️ 1-0 ⏱ 63' Trezeguet ⚽️⚽️ 2-2 ⏱ 90+3' TUDORRRRRRR!!!!!!!!!! ⚽️⚽️⚽️ 3-2 #ComebackGoals #FinoAllaFine #GETREADY TO COMEBACK!

Posted by Juventus on კვირა, 10 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები