Thumbnail
  • გერმანია 1:1 სერბეთი
  • გოლები: 0:1 იოვიჩი (12’), 1:1 გორეტცკა (69’)
  • გაძევება: პავკოვი (სერბ. 90+3).

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, ამხანაგური მატჩი სერბეთთან ჩაატარა და ფრეს დასჯერდა. შეხვედრა ვოლფსბურგში, "ფოლკსვაგენ არენაზე" გაიმართა და იოახიმ ლიოვის შეგირდები წაგებისგან მეორე ტაიმში, შეცვლაზე შესულმა მარკო როისმა და ლეონ გორეცკამ იხსნეს.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა მანამდე გამოაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში აღარ გამოიძახებდა თომას მიულერს, ჟერომ ბოატენგსა და მატს ჰუმელსს. სერბეთთან თამაშის დაწყებამდე გერმანელმა გულშემატკივრებმა პერფორმანსი დადგეს - ტრიბუნებზე სიტყვა "გმადლობთ" და ბუნდესნაკრებში ამ ფეხბურთელების ნომრები გამოისახა - 5, 13 და 17.

გერმანიის სახეცვლილმა ნაკრებმა კი სერბებისგან გოლი უკვე მე-12 წუთზე გაუშვა - კუთხურის მოწოდების შემდეგ, სერბეთის ნაკრების თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა მასპინძლებს ნემანია მაქსიმოვიჩის პასით გაუტანა.

წონასწორობა ლეონ გორეტცკამ 69-ე წუთზე მარკო როისის ჩაწოდების შემდეგ აღადგინა.

კომპენსირებულ დროში კი სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ - არბიტრმა სერბი ფორვარდი მილან პავკოვი გააძევა, რომელმაც ლეროი სანე მძიმე ტრავმისთვის გაიმეტა. იმ ეპიზოდში მანჩესტერ სიტის თავდამსხმელს ძალიან გაუმართლა და სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა. 

თამაშის შემდეგ იოახიმ ლიოვმა გუნდის შეუთამაშებლობას გაუსვა ხაზი:

"პირველ ტაიმში თვალნათლივ ჩანდა, რომ რგოლებს შორის შეთამაშება გვაკლდა, მაგრამ მეორე ტაიმში საქმე გამოსწორდა. მაგრამ მთლიანობაში გერმანიის ნაკრები შეტევაში არაეფექტური იყო, - აღნიშნა მწვრთნელმა, რომელმაც სანეს მდგომარეობაზეც ილაპარაკა. -  ეს იყო უკიდურესად უხეში მოქმედება, რასაც როგორც წესი, მოტეხილობა მოყვება ხოლმე. სანეს გაუმართლა, რომ მძიმე ტრავმა არ მიიღო".

ლეროი სანე მძიმე ტრავმის მიღებას გადაურჩა

გერმანიის ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნოიერი (46' ტერ შტეგენი), ჰალსტენბერგი, ზიულე, თაა, კლოსტერმანი (90' კერერი), კიმიხი, გიუნდოგანი, ჰავერტცი (46' როისი), ბრანდტი (56' გორეტცკა), სანე (90+6' შულცი), ვერნერი.

გერმანიის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჰოლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიას, ესტონეთსა და ბელარუსს დაუპირისპირდება. პირველ მატჩს ლიოვის შეგირდები სტუმრად 24 მარტს, ჰოლანდიის ნაკრებთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები