Thumbnail

ჩისკო თბილისში დაბრუნდა, ოღონდ უკვე მწვრთნელის რანგში. ის თბილისის დინამოს სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ჩისკო ალბათ ის კაცია, ვისი დაბრუნებაც ყველას გაუხარდა - დინამოს ხელმძღვანელობასაც, ფეხბურთელებსაც და გულშემატკივარსაც. ეს არც არის გასაკვირი, რადგან გარდა იმისა, რომ ჩვენს ჩემპიონატში მასზე სახელოვან ლეგიონერს არ უთამაშია, ჩისკომ თავი, როგორც ღირსეულმა და გულღია კაცმა დაგვამახსოვრა - მოედანზეც და მის ფარგლებს მიღმაც. არადა, ძალიან დიდი ფეხბურთი უთამაშია. თვითონაც დინამოს თავის მეორე სახლს უწოდებს.

ჩვენ მას შევხვდით და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ - ქართულზეც და ესპანურზეც. ზიდანი, რონალდო და სხვა ფენომენები გაიხსენა, თავის სამწვრთნელო იდეებსა და პრინციპებზე მოგვითხრო, ყველაზე უხერხული მეტოქეებიც გაგვანდო და მოკლედ, ბევრი რამ La Liga-ს და ზოგადად, ფეხბურთის შიდა სამზარეულოდან...

POPSPORT: რა შეიცვალა დინამოსა და ქართულ ფეხბურთში ბოლო 5 წელიწადში? 

ჩისკო: ვფიქრობ, ბევრი რამ განვითარდა და ეს მთელი ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ასევე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კარგად იმუშავა. მე დიდ პროგრესს ვგრძნობ.

POPSPORT: რა არის თქვენი კონცეფცია, როგორი უნდა იყოს დინამო? 

ჩისკო: ვმუშაობ იმაზე, რაც გუნდს სჭირდება. შეიძლება, ერთი იდეის გწამდეს, მაგრამ შემდეგ მისი შეცვლა მოგიწიოს, რადგან გუნდმა შეიძლება ვერ შეძლოს შენი იდეების შესრულება. ხანდახან საკუთარ იდეებზე უარის თქმაც უნდა შეგეძლოს. მე ვფიქრობ, რომ ჩემს გუნდს შეუძლია ბევრი სხვადასხვა სისტემით ითამაშოს და სქემები შეცვალოს. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ ვის ვეთამაშებით.

მჯერა ჩემი გუნდის, მჯერა იმის, რომ შეგვიძლია შევცვალოთ დეტალები იმის მიხედვით, თუ ვის ვეთამაშებით და სად ვთამაშობთ - იქნება ეს ევროტურნირი, ეროვნული ჩემპიონატი, თუ საქართველოს თასი.

საკმარისი ტალანტი გვაქვს, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ

ყველაზე მნიშვნელოვანია, გვყავდეს ძლიერი გუნდი დაცვაში, არ გავუშვათ გოლები… ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც დიდი გუნდების წინააღმდეგ გადიხარ მოედანზე. საკმარისი ტალანტი გვაქვს, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. სხვადასხვა სტილით უნდა ვთამაშობდეთ - უნდა შეგვეძლოს, როგორც კარგად თავდაცვა, ასევე კონტრშეტევებზე თამაში, ხანდახან კი ბარსელონას სტილის შემტევი თამაშის ჩვენება - ეს, რა თქმა უნდა, მეტოქეზე იქნება დამოკიდებული.

POPSPORT: რა არის მთავარი პრობლემა - უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე რეალურად შეგვიძლია?

ჩისკო: მაგალითად, თუ მხოლოდ ბარსელონას სტილში ვითამაშებთ, ბურთი მუდამ ჩვენ გვექნება და შემდეგ, მაგალითად, მოგვიწევს ტოტენჰემთან დაპირისპირება... გახსოვთ ალბათ ეს თამაში... უცებ მთელი მატჩის უბურთოდ გატარება მოგვიწევს. როდესაც დიდი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, რთულია ბურთი მასზე ხშირად გქონდეს. ეს არის ჩემი იდეა - ჩვენ ისეთი გუნდი უნდა გვყავდეს, რომელსაც ბევრი სხვადასხვა რამის გაკეთება შეეძლება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთ გუნდად ვითამაშოთ. ძალიან კარგი ტალანტები გვყავს და ახლა საჭიროა, რომ ისე ვითამაშოთ, როგორც ძალიან კარგმა გუნდმა.

POPSPORT: რას იტყვით საქართველოს ნაკრებზე?

ჩისკო: საქართველოს ნაკრებმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს. ისინი წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდნენ. გასულ წელს მათ შესანიშნავ შედეგებს მიაღწიეს და ეს დიდი შრომის შედეგია.

POPSPORT: თქვენი ყოფილი თანაგუნდელი ოთარ კაკაბაძე ესპანეთში? რას ფიქრობთ ამაზე?

ჩისკო: მე ის ძალიან მიყვარს. აბურჯანიაც ჩემთან ერთად იყო. როდესაც ესპანეთში ჩამოვიდნენ, მათ ყველაფერში დავეხმარე. კაკაბაძე ჩემთან ერთად იყო დინამოში. ისინი ბევრს შრომობენ, ახლა ორივე საქართველოს ნაკრებში თამაშობს - მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვხედავ, რომ უმატებენ. ჩემი აზრით, გასულ წელს კაკაბაძე მზად იყო იმისთვის, რომ ლა ლიგაში ეთამაშა.

POPSPORT: რა მიზეზებმა განაპირობა ესპანური ფეხბურთის დომინაცია ბოლო ათ წელიწადში?

ჩისკო: როდესაც გვარდიოლა სიტიში მივიდა, მას სურდა, რომ პრემიერლიგაშიც ესპანური თამაში ეთამაშა. მაგრამ გახსოვთ, რა თანხების დახარჯვა მოუწიათ ამ გუნდის ასაშენებლად? ხანდახან ეს (მსგავსი თანხების დახარჯვა) მხოლოდ მანჩესტერ სიტის შეუძლია. ვინმემ შეიძლება მკითხოს, რატომ არ თამაშობს დინამო ამ სტილში და არ გაითვალისწინოს, თუ რა თანხა გადაიხადა სიტიმ მხოლოდ იმ მეკარის შესაძენად, რომელიც მათ სტილს ერგებოდა.

მე მჯერა ფეხბურთის ესპანური სტილის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, როდის და რა პირობებში უნდა ვითამაშოთ მსგავსი ფეხბურთი. ჩვენი ქვეყანა ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი მეტოქეები ჩვენი მეტოქეები არიან - ყველას თავისი სტილი აქვს.

როცა გყავს ჩავი, ინიესტა, ვილია, ტორესი - ესპანურად თამაში ადვილია. მაგალითად, ახლა ჩვენს ნაკრებში კარგი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ შედეგის მოტანა შეუძლიათ. სულ ასე თამაში ადვილი არ არის. შეიძლება, ამ ფეხბურთელებით ამ სტილში ვითამაშოთ, მაგრამ შედეგებს ვერ მივაღწიოთ.

POPSPORT: რა იქნება შემდეგი საფეხბურთო რევოლუცია ? სიმეონეს ატლეტიკო V კლოპის ლივერპული?

ჩისკო: მე ასეთი ფეხბურთის უფრო მჯერა: მეტად მწამს გოლის არგაშვების, ყველა ერთად რომ თამაშობს, გუნდი სივრცეებს რომ არ ტოვებს და შემდეგ 2-3 ან 4 შეხებაში, რაც შეიძლება დიდი მანძილით ახერხებს წინ წასვლას, სწრაფად თამაშობს და ბურთს კი არ იჭერს, არამედ სულ დიაგონალურად, ან ვერტიკალურად უტევს.

POPSPORT: რას იტყოდით რაფა ბენიტესსა და მის ვალენსიაზე?

ჩისკო: რაფა ბენიტესი სხვებზე 10 წლით იყო წინ. რაფამ ჩვენს გუნდთან, ვალენსიასთან, ძალიან კარგად იმუშავა, მის გუნდში ყველა კომფორტულად გრძნობდა თავს. მოედანზე ყველამ იცოდა, რა უნდა ექნა, ყველამ იცოდა, როგორ უნდა შეგვეზღუდა სხვა გუნდების თამაში და ყველამ იცოდა, რომ როდესაც ერთ გოლს გავიტანდით, ის თამაში მოგებული იყო. ძალიან ძლიერი დაცვა გვყავდა, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე მთელი გუნდი ვზრუნავდით.

ბარსელონას და რეალის წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ადვილი არ არის, მაგრამ მაშინ ჩვენს გუნდში ყველას ერთი იდეა ჰქონდა. მაგრად ვშრომობდით, მაგრად მოვინდომეთ და უეფას თასიც მოვიგეთ და სუპერ თასიც. თუ ბევრს შრომობ, მაშინ შენს ოცნებებს და მიზნებს უახლოვდები, მაგრამ თუ არ შრომობ და მხოლოდ ფიქრობ შენს ოცნებებზე, მაშინ ისინი არ შესრულდება.

რაფა იდეალური მწვრთნელია - მისთვის ერთი მეტრი ერთი მეტრია, ბევრს მუშაობს დეტალებზე. როცა გეტყვის, რომ ერთ მეტრში უნდა დადგე, ზუსტად ასე უნდა მოიქცე. ის ყველა დეტალს ითვალისწინებს. სანამ მას შევხვდებოდი, ფეხბურთზე სხვანაირად ვფიქრობდი, ბენიტესმა ჩემი შეხედულებები შეცვალა. ის ძალიან დიდი მწვრთნელია, მან თამაში ახლებურად მაჩვენა, დამანახა, რისი გაკეთება შეიძლება მოედანზე.

რაფამ ჩემში ყველაფერი შეცვალა - მასწავლა „შენ ასე უნდა გაიქცე“ – „შენ ეს უნდა გააკეთო“ და მე მჯეროდა მისი. ხანდახან ხვდები ადამიანს, რომლისაც გჯერა და რომც გითხრას, რომ შენ ამ ხეს თავი უნდა დაარტყა, მართლაც დაარტყამ, რადგან მისი გწამს. ის ყველაფერს კარგად აკონტროლებდა. მას ახალი და განსხვავებული სტილი ჰქონდა.

POPSPORT: ორი სხვა მწვრთნელი, რომელთანაც გითამაშიათ - როგორები იყვნენ ექტორ კუპერი და კლაუდიო რანიერი? 

ჩისკო: კუპერიც და რანიერიც დიდი მწვრთნელები არიან. კუპერს განსხვავებული სისტემა აქვს, მისი გუნდები უფრო დაცვაში დგანან, ბურთი განაპირა მცველებზე გადააქვთ და შემდეგ განაპირა მცველები გადაცემას ეგრევე წინ, თავდამსხმელებზე აკეთებენ, ისინი კი თავის მხრივ ბევრს მოძრაობენ. გახსოვთ პიოხო ლოპესი ვალენსიაში? ის ძალიან სწრაფი იყო და ყოველთვის, როცა ბარსელონას ეთამაშებოდა, ბევრი გოლი გაჰქონდა. რანიერის სხვა სტილი აქვს - მათ შორის ვარჯიშებზეც. ის იტალიელია და აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე აკეთებს.

POPSPORT: რას იტყოდით 2004 წელს თქვენს მთავარ ოპონენტზე, გალაქტიკოების რეალზე?

ჩისკო: როცა მოთამაშე ხარ, რეალთან თამაშში განსხვავებულს იმას ამჩნევ, რომ მუდამ კონცენტრირებული უნდა იყო - პაუზების დროსაც კი. ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგალითად, რონალდომ ბურთი აიღოს და გაიტანოს. კონცენტრაცია ორი წამითაც არ უნდა დაკარგო, თორემ ისინი აუცილებლად გაგიტანენ. უფრო მეტი ბრძოლა გიწევს... თუ ჩვეულებრივ ასი პროცენტით თამაშობ, მათ წინააღმდეგ ორასი პროცენტი მოგიწევს.

გიორგი მერებაშვილი და ჩისკო დინამოში თამაშისას

POPSPORT: როგორ აღწერდით ზიდანსა და რონალდოს, მოთამაშეებს, რომლებიც მოედანზე ნახეთ?

ჩისკო: ზიდანი - ეს არის წიგნი ფეხბურთზე. მის ვიდეოებსაც რომ უყურებ, უნდა ისწავლო. რონალდო ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. როდესაც ის მეკარესთან ერთი-ერთზე იყო, მეკარე მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ბურთი კარიდან როგორ გამოეღო. ის ნამდვილი გამანადგურებელია.

როცა რონალდო გარბოდა, შენ მხოლოდ ჰაერს გრძნობდი - როგორც ქარის დროს...

წონაში მომატების შემდეგაც კი, როდესაც სირბილს იწყებდა, მას ძალიან დიდი ძალა ჰქონდა. როცა გარბოდა, შენ მხოლოდ ჰაერს გრძნობდი - როგორც ქარის დროს. ეს ბიჭი სხვა დონეზე იყო. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. როცა მის წინააღმდეგ თამაშობ, სიამოვნება უნდა მიიღო და თამაშის შემდეგ იქნებ მაისურიც გაუცვალო.

POPSPORT: რას იტყოდით რაიკარდის ბარსელონაზე? 

ჩისკო: ბარსელონა სახლში და გასვლაზე განსხვავებული გუნდია. 'კამპ ნოუზე' მეტოქეს ბევრი პრობლემა აქვს: სტადიონი ძალიან დიდია, ბევრი სივრცეა, ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობს, ისინი ბურთს ძალიან კარგად ფლობენ, თითქმის არ კარგავენ. ამ სტადიონზე დროის და სივრცის განცდა განსხვავებულია. ამ სტადიონზე შეუძლებელია ბურთის ისე მოპოვება, როგორც ამას ჩვეულებრივ მიჩვეული ხარ. რაიკარდის ბარსელონას წინააღმდეგ შენს მოედანზე კიდევ შეიძლებოდა რაღაცის მოხერხება, 'ნოუ კამპზე' კი მათ წინააღმდეგ თამაში წარმოუდგენლად რთული იყო.

როცა მესიმ ბარსელონაში თამაში დაიწყო, ბურთით უფრო სწრაფად დარბოდა, ვიდრე სხვები უბურთოდ

POPSPORT: როგორ აღწერდით რონალდინიოსა და მესის? 

ჩისკო: რონალდიონიოზე რა უნდა ვთქვა? ის უდიდესი ტალანტი იყო, თამაშისგან მუდამ სიამოვნებას იღებდა. მის წინააღმდეგ მთელი ძალით უნდა გერბინა, მაგრად მოგენდომებინა, მერე კი სახეზე შეხედავდი და აღმოაჩენდი, რომ იღიმოდა. შენ 100 პროცენტით იხარჯებოდი, ის კი 20%-ზე იყო. რონალდინიოს ფეხბურთის თამაში სიამოვნებდა, ბუნებრივი ტალანტი იყო. ასევეა მესიც. ლეო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. როდესაც ბარსელონაში თამაში დაიწყო, ბურთით უფრო სწრაფად დარბოდა, ვიდრე სხვები უბურთოდ. მას ბურთით მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

POPSPORT: რომელია თქვენი ფავორიტი გოლი La Liga-ში? 

ჩისკო: როდესაც ვალენსიასთან ერთად ბეტისს ვეთამაშებოდი, ორი თვით ადრე, ბაბუაჩემი გარდაიცვალა. ეს არ იყო საუკეთესო გოლი, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულია. ბაბუა ძალიან მეხმარებოდა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. მან ყველაფერი გააკეთა ჩემი მომავლისთვის, იმისთვის, რომ ფეხბურთი მეთამაშა. იმ მომენტში მხოლოდ მასზე ვფიქრობდი, თუმცა ყველა გოლი განსაკუთრებულია.

POPSPORT: რომელია თქვენი საყვარელი სტადიონი, რომელზეც გითამაშიათ? 

ჩისკო: ვალენსიას 'მესტალია' იდეალურია. ასევე ბეტისის სტადიონი. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსის წინააღმდეგ ვთამაშობდით, მთელი სტადიონი ზანზარებდა. ეს იყო მომენტი, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება. ასევე ბეტისი-სევილიას დერბი. სტადიონიდან ორ კილომეტრზე გხვდება ხალხი - თითქოს შეშლილები არიან. ამ დროს ფიქრობ, რომ ძალიან გაგიმართლა, ამ მომენტში აქ რომ ხარ.

POPSPORT: ვინ არის ყველაზე უხერხული ოპონენტი, ვისთანაც გითამაშიათ? 

ჩისკო: არასოდეს დამავიწყდება დანი ალვეში. მას რომ გასცდები, არ ვიცი, როგორ ახერხებს, მაგრამ ერთ წამში ისევ წინ გიდგას. ერთ წამს ატყუებ, მეორე წამს ისევ იქ არის. თან ძალიან ძლიერია. რომ შეხედავ, ფიქრობ, რომ გამხდარია, მაგრამ მოედანზე ფიზიკური კონტაქტის დროს დიდი ძალა აქვს. ერთი-ერთზე მასთან თამაში რთულია. ასევე იყო სერხიო რამოსი, როდესაც ის მარჯვენა მცველად თამაშობდა. ძალიან ძლიერი იყო ორთაბრძოლებში. ეს ორი მოთამაშე, ყველაზე ძლიერი ოპონენტები არიან, ვისაც შევხვედრივარ.

POPSPORT: ვის ჰყავს ყველაზე მაგარი ფანები La Liga-ში? 

ჩისკო: ბეტისის ფანები ჩემთვის განსაკუთრებულები არიან. ასევე ვალენსიას გულშემატკივრები. როდესაც 2004 წელს ყველაფერი მოვიგეთ, მთელი ვალენსია ქუჩაში იყო და ზეიმობდა, მაგრამ ლა ლიგაში ბეტისის ფანკლუბი ალბათ ყველაზე ძლიერია.

POPSPORT: რა არის თქვენი ჰობი?

ჩისკო: ძალიან მიყვარს ცხენები. აქ არ მყავს ცხენი, ესპანეთში კი მყავს.  სოფლის გარეთ, ბუნებაში ვცხოვრობ და ძალიან მიყვარს იქ დროის მშვიდად გატარება და ცხენზე ჯირითი.

POPSPORT: როგორ გაიხსენებდით თქვენს კარიერას დინამოში? 

ჩისკო: იცით, ამ ბიჭებს, რას ვეუბნები? მნიშვნელოვანია, რომ დიდი ოცნებები ჰქონდეთ. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ჩემთვის ლა ლიგაში თამაში იყო დიდი ოცნება. ამ შეუძლიათ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. დინამო ჩემი სახლისგან ძალიან შორსაა, მაგრამ ამავდროულად ჩემი მეორე სახლია.

კომენტარები

ბოლო ამბები