- ეროვნული ნაკრები შვეიცარიისთვის მზადებას განაგრძობს
- ვლადიმირ ვაისის გუნდი მესამე დღეა სრული დატვირთვით ვარჯიშობს
საქართველოს ეროვნული ნაკრები მესამე დღეა შვეიცარიასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ქართველი ფეხბურთელები სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და აღსანიშნავია, რომ ვატო არველაძე, რომელიც საწვრთნელი პროცესის დასაწყისში ინდივიდუალურად ემზადებოდა, ახლა უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
შეკრების მესამე დღეს ფედერაციის ოფიციალურ საიტთან კომენტარი წლის პირველ მატჩზე ტობოლის ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.
''გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ერთა ლიგაზე მიღწეული დადებითი შედეგის და შემტევი, ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ, ფეხბურთელებს უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს ჩვენი რეალური შესაძლებლობები.
ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოვიდგენდით. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და შესაბამისად, თავდაჯერება მოგვემატა.
ამას, რა თქმა უნდა, ემატება მაყურებლის ფაქტორი. ქართველი გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის დიდი ძალაა და მითუმეტეს ასეთ მატჩზე განსაკუთრებით გვჭირდება მათი დახმარება. ყველა მოთამაშე მოტივირებულია და ელოდება შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის კარგი თამაშითა და გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.“
კომენტარები