Thumbnail

რეკორდული კონტრაქტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში - ამ სპორტსმენს ალბათ არც იცნობ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბეისბოლისტ მაიკ ტრაუტს კლუბი 12 წელიწადში 430 მლნ დოლარს გადაუხდის 
  • 27 წლის სპორტსმენის კონტრაქტი სპორტის ისტორიაში რეკორდულად მაღალია

ამერიკელმა ბეისბოლისტმა მაიკ ტრაუტმა MLB-ის კლუბ ლოს ანჯელეს ენჯელსთან 12-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმად, 430 მილიონ დოლარს მიიღებს. 27 წლის ბეისბოლისტისთვის, რომელიც ამერიკული ლიგის ვარსკვლავია, კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა მსოფლიოს პროფესიული სპორტის ისტორიაში რეკორდულად მაღალია.

გამოდის, რომ ფილადელფიელთა აუტფილდერი წელიწადში 36 მილიონ დოლარზე მეტს, თვეში კი დაახლოებით 3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბეისბოლისტი არც პირადი, მრავალმილიონიანი სარეკლამო კონტრაქტების ნაკლებობას უჩივის.

მაიკ ტრაუტი ამერიკული ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ 2014 და 2016 წლების რეგულარულ ჩემპიონატებში დასახელდა და MLB-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში შვიდჯერ იყო მიწვეული.

მაიკ ტრაუტს ენჯელსთან უწინდელი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა

მანამდე სპორტში ყველაზე მსუყე კონტრაქტი 2018 წელს, მოკრივე კანელო ალვარესსა და DAZN-ს შორის გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, სპორტსმენმა 11 ბრძოლაში 365 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. უძვირფასესი კონტრაქტების ხუთეულში კიდევ ორი ბეისბოლისტია: ბრაის ჰარპერი (330 მლნ) და ალექს როდრიგესი (275 მლნ), ხუთეულს კი NBA-ს ვარსკვლავი, ჰიუსტონის მცველი ჯეიმს ჰარდენი ასრულებს (228 მლნ).

კომენტარები

ბოლო ამბები