Thumbnail

'ჩვენი მიზანი გრანდ სლემის ტიტულის მოგებაა' - ATP-მ ბასილაშვილს სიუჟეტი მიუძღვნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP UNCOVERED-ში
  • ფლორიდაში ნიკა ყურადღების ცენტრშია
  • ძველი დრო, რუსეთის სახელით თამაში, ყოფილი მწვრთნელის პროგნოზი
რეკორდული 2018 - ნიკოლოზ ბასილაშვილის სეზონის შეჯამება

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს მე-19 ჩოგანია, ფლორიდაში მაიამის მასტერსზე სათამაშოდ ჩავიდა და ის ATP-ის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა. ქართველი ჩოგბურთელი მასტერსზე მე-17 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში ისვენებს და მომავალ მეტოქეს ელის.

ამჯერად, ნიკას უფრო ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნეს ATP UNCOVERED-ში...

ნიკოლოზ ბასილაშვილი: პაზლის აწყობა

"ნიკოლოზ ბასილაშვილი პერფექციონისტი და ამავე დროს, ხელოვანია. ის ცდილობს, რაც შეიძლება ზუსტად ჩააგდოს ბურთი კორტზე, მანამდე კი გამანადგურებელი ძალით დარტყმების კომბინაციით, იდეალური ჩოგბურთი ითამაშოს. მაგრამ ჩოგბურთი ხომ ოპტიმალური გზის ამორჩევაა - გეგმის დასახვა და მისი მაქსიმალურად ეფექტურად შესრულება. 

აი, რას ამბობს მისი ძალზე გამოცდილი გერმანელი მწვრთნელი იან დე ვიტი: "უნაკლოდ თამაშის დიდი ფანი არ ვარ. ვიცი, რომ ასეთი რეპუტაცია მაქვს, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ უნაკლოდ თამაში შეუძლებელია. გადაწყვეტილებები, რაც შეიძლება მარტივი გზით უნდა მიიღო და არ გაართულო თამაში. მას კი მართლა ძალიან უყვარს ყველაფრის უნაკლოდ შესრულება. უყვარს, როცა ჩანს, თითქოს, ყველაფერს იოლად იგებს. საბოლოოდ კი გამოდის, რომ გამარჯვების მიღწევა უჭირს".

ბრძოლა საკუთარ ხასიათთან

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც პროფესიონალი 2008 წელს გახდა, ყოველდღიურად ებრძვის თავის ხასიათს. 

"მესმის კარგად, როგორ "მუშაობს" სინამდვილეში ჩოგბურთი", - გვიყვება მშვიდად მოსაუბრე ნიკოლოზ ბასილაშვილი. - "ეს არც ბურთის ძლიერი ჩაწოდებაა და არც შეჯიბრი ფიტნესში. ეს არის მენტალური ორთაბრძოლა. სპორტის ამ სახეობაში ძალზე მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ გაუმკლავდე ნერვებს გადამწყვეტ მომენტებში. ამ მხრივ, მე ჯერ კიდევ ბევრს ვითვისებ".

"22-23 წლის ასაკამდე ნამდვილად "ველური" ვიყავი. ამ გადასახედიდან, პროფესიონალი არც ვყოფილვარ. მაღალ დონეზე თამაშის უდიდესი სურვილი მქონდა, მაგრამ ამას ვერ ვახერხებდი. იმიტომ, რომ არ მქონდა თამაშის გეგმა, როგორ მიმეღწია წარმატებისთვის. ვხვდებოდი, რომ რაღაც მაკლდა. მსოფლიო რეიტინგში კარგა ხანს, ორი-სამი წელი ვიტრიალე 50-100-ის შუალედში. მივხვდი, რომ მჭირდებოდა ვიღაც, ვისაც 100%-ით ვენდობოდი".

წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბალეტის მოცეკვავის, ნოდარის ვაჟი მიუყვებოდა ამ დინებას და არ ტოვებდა კომფორტის ზონას. ამის მიზეზი ფინანსურ გაჭირვებასთან ერთად ისიც იყო, რომ მას გარს ყოველთვის "სწორი" ხალხი არ ჰყავდა შემოკრებილი.

კორტზე არავის ერიდება

2019 წლიდან ნიკა უკვე ჩოგბურთის ელიტაშია

სტეფან კუნი, რომელიც ბასილაშვილს გრანიტ ბეიში (საკრამენტო) ავარჯიშებდა, როცა ქართველი 16 წლის იყო და შემდეგ ერთხელაც 2005-2006 წლებში, იხსენებს ქართველს: "მომწონდა მისი მოუხეშავი მონაცემები, ძალა, როგორ ურტყამდა ის ბურთს. ძალიან მაღალი ფიზიკური გამძლეობისა იყო. არ ეზარებოდა მძიმე შრომა. მივხვდი, რომ ამ ბიჭს ჩოგბურთის კორტზე არავისი და არაფრის ეშინოდა".
ნიკას ტალანტი ეჭვის ქვეშ არასოდეს ყოფილა, ის ხუთი წლის იყო, როცა ჩოგანი ხელში აიღო.

დაახლოებით იმ დროს, როცა მისი თანამემამულე ირაკლი ლაბაძე უიმბლდონის ახალგაზრდული გათამაშების ფინალში როჯერ ფედერერთან დამარცხდა. ის იხსენებს: "იყო პერიოდი, როცა მე და მამაჩემს მანქანაში კვირების განმავლობაში გვეძინა. ეს საინტერესო თავგადასავალი იყო. ძალიან ცუდ პირობებში ვვარჯიშობდი, არ მყავდა სპონსორი. ასე მივიღე რუსეთის მოქალაქეობა. 20-21 წლის ასაკში მე ფაქტობრივად, ხელახლა დავიწყე ჩოგბურთის თამაში. ეს დრო უკვალოდ არ გამქრალა. რთულმა დროებამ უფრო მოწადინებული გამხადა, კიდევ უფრო გამიძლიერა მაღალ დონეზე თამაშის სურვილი. 
ბრძოლა გადარჩენისთვის

მამის წყალობით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხელი შეუწყო ნიკას, გაეგრძელებინა და განევითარებინა კარიერა საქართველოს გარეთ, ქვეყნის, რომელიც ფეხბურთის ქვეყანაა და ფანტასტიკური ძალოსნები ჰყავს. ბასილაშვილისთვის, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერთგულებასა და სამართლიანობას, ეს დრო იმედგაცრუების დროება იყო: 

"მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ტურნირებზე სათამაშოდ საჭირო თანხა მქონოდა. ვფიქრობდი მხოლოდ ვარჯიშზე, ეს იყო გადარჩენის გზა. როცა 2015 წელს უიმბლდონზე მოვხვდი და ორი წრეც გავიარე, ჩემს გონებაში ყველაფერი შეიცვალა. კარგად ვთამაშობდი, მაგრამ 50-ეული ჩემთვის მაინც მიუღწეველი იყო. ვიცოდი, რომ მჭირდებოდა მასწავლებელი, ვინც დამეხმარებოდა. მე კარგად ვიცოდი იანის ტაქტიკა, მწვრთნელობის მანერა, მე მომწონდა ის და ამიტომაც მივმართე".

კარგი მოსწავლე

ბოლო 13 თვის განმავლობაში ქართველი ჩოგბურთელის აღზევება მეტეორის სისწრაფით მსოფლიოს 89-ე ჩოგნობიდან მე-18-მდე, სწორედ ბასილაშვილისა და ჟილ სიმონის ყოფილი მწვრთნელის, იან დე ვიტის ალიანსის შედეგია. დე ვიტი მას 2018 წლის ივნისიდან წვრთნის. პირველი კარგი კვირისა და კარგი ვარჯიშების შემდეგ, ნიკამ 12 თამაშიდან 8 დათმო. "მომხიბლა მისმა მიდგომამ ვარჯიშებისადმი. მივხვდი, რომ ეს ბიჭი საქმეს ძალიან სერიოზულად უდგებოდა. ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თამაში უფრო მაღალ დონეზე დაეხვეწა", - იხსენებს გერმანელი მწვრთნელი. 

პირველი ფინალი ჰამბურგის თიხნარზე მოიგო

ტიტულის ფასი

შედეგებიც მალე მოვიდა - ჯერ იყო გამარჯვება ATP 500-იანი სერიაში, გერმანიის ღია პირველობაზე გამარჯვება, როცა ნიკამ ლეონარდო მაიერი დაამარცხა, შემდეგ იყო გამარჯვება პეკინში ჩინეთის ღია პირველობაზე, როცა ნიკამ ხუან მარტინ დელ პოტროს მოუგო. ეს იყო მესამე შემთხვევა, როცა ნიკამ ტოპათეულის ჩოგბურთელს მოუგო. 

"ჰამბურგამდე ფინალებში მითამაშია, მაგრამ ტიტულის მოგება სულ სხვაა, განსაკუთრებით ამ დონის ტურნირის მოგება. ეს შენ ძალიან დიდ თვითრწმენასა და თავდაჯერებას გმატებს, რაც ჩოგბურთში უმნიშვნელოვანესია. სულ სხვაა, როცა იცი კორტზე შესვლისას, რომ ტურნირის მოგება შეგიძლია".
"მწვრთნელს ვუჯერებდი და ჩემი კარიერაც სწორი გზით ვითარდებოდა. მხოლოდ ტურნირის მოგება მჭირდებოდა, განწყობისთვის და მე ეს მივიღე - ჰამბურგმა და პეკინმა ჩემი მოტივაცია უზომოდ გააძლიერა".

ბასილაშვილს დიდი ფორჰენდი, სოლიდური ბექჰენდი, სხვადასხვა კუთხეში დარტყმების კარგი ტექნიკა ყოველთვის ჰქონდა. მას ტექნიკითა და ფიზიკური სიძლიერით ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეეძლო. მაგრამ განვითარებას ხელს ბევრი ფაქტორი უშლიდა - ნიკას პერფექციონიზმი, სრულყოფილებისკენ ლტოლვა, უმწვრთნელობა. 

ამ ტიტულისთვის ბრძოლაში თავად დელ პოტრო დაამარცხა

დროის მანქანა, რომ მქონდეს...

"რომ შემეძლოს 21 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილთან დალაპარაკება, მას არ ვურჩევდი თამაშის სტილის შეცვლას, მაგრამ ვურჩევდი მენტალობის გამოცვლას. შედეგებისთვის არ ვიბრძვი, მინდა, რომ კორტსა და მის მიღმა 100 პროცენტით დავიხარჯო, რომ, როცა კარიერას დავასრულებ, არაფერი ვინანო".
ახლა დე ვიტი, რომელსაც 400 ჩოგბურთელის ტაქტიკური გარჩევები აქვს თავის ბაზაში, ახლა ნიკას მომავალზეა კონცენტრირებული: "მე გამაკვირვა მისმა სწრაფმა პროგრესმა. არასოდეს მყოლია მოთამაშე, რომელიც ასე სწრაფად ითვისებს ყველაფერს. მას ამის სპეციალური ნიჭი აქვს. ნიკა კომპლექსურ საკითხებს იოლად ითვისებდა. მას უყვარს შრომა, ერთია, სწორი მიმართულება უნდა მისცე", - ამბობს მწვრთნელი.

ნიკას ტალანტი საეჭვო არასოდეს ყოფილა

"ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ყოველი მატჩისთვის 100 პროცენტით მზად ვიყოთ. ვიბრძოლო ერთნაირად, როგორც დაბალი რეიტინგის მოთამაშეებთან, ისე ტოპებთან". 

არ მოისვენებს, სანამ TOP 10-ში არ შევა

"ვიცი, ის არ მოისვენებს, სანამ ათეულში არ შევა და არ გამიკვირდება, თუ ნიკა ამას შეძლებს", - ამბობს მისი ყოფილი მწვრთნელი კუნი.

იან დე ვიტი: "მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შესვლა არც მე და არც ნიკას არ დაგვისახავს. სიტყვაზე ნომერ მეათეობაც არ არის მიზანი. ეს ყველაფერი ისედაც მოვა, თუ სწორად ვიმუშავებთ. ჩვენი მიზანი გრანდ სლემის ტიტულის მოგებაა. ეს კი მალე და იოლად არ მოდის.

მიხარია, რომ სწრაფად მივდივართ წინ, მაგრამ ყველა საფეხური გასავლელია. ბრძოლა ყოველთვის საჭიროა - იოლი დღე არ არსებობს, პრობლემები ყოველთვისაა. მთავარია ნიკას პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ, ყველაფერი ერთად შევკრიბოთ და ვიბრძოლოდ გრანდ სლემის ტიტულისთვის".

ნიკას გვერდში უდგას ოჯახი, მეუღლე ნეკა და სამი წლის ვაჟი ლუკასი და... დე ვიტი. ძველი დროება დავიწყებული არ არის, მაგრამ საქართველოს ერთადერთი ტოპჩოგბურთელის საჩოგბურთო წინსვლა გრძელდება".

ATP UNCOVERED-ის წინა სიუჟეტი ბასილაშვილზე

კომენტარები

ბოლო ამბები