Thumbnail

Google Stadia - PC-ს და კონსოლებს განსაცდელი ელით?

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Google ვიდეო-თამაშების ინდუსტრიაში ახალი სტრიმინგ პლატფორმით ერთვება
  • კომპანიამ პროდუქტი 2019 წლის Game Developers Conference-ზე დააანონსა
  • ბევრი ექსპერტის აზრით, PC-ს და კონსოლების დღეები დათვლილია

გეიმინგის ე.წ. ღრუბლოვანი (Cloud) სერვისები სიახლე ნამდვილად არ არის. Vortex, GeForce Now, Liquid Sky, თვით PlayStation Now-ც კი ერთგვარი Cloud სერვისია, რომელიც დისტანციურად, "სტრიმინგის" და მონაცემთა ბაზის მეშვეობით თამაშის საშუალებას იძლევა. იდეა ძალიან კარგი და მიმზიდველია, თუმცა უმთავრესი პრობლემა დღემდე არასათანადო სისწრაფის ინტერნეტი და "ლაგია", რომლის შედეგადაც ღრუბლოვანი სერვისები სრულყოფილ გეიმერულ გამოცდილებას ვერ უზრუნველყოფენ.

Stadia-ს ყველა სხვა დანარჩენი Cloud მომსახურებისგან მნიშვნელოვანი რამ განასხვავებს - მას მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია - Google ქმნის.

ყოველწლიურ Games Development Conference-ზე (GDC), რომელიც გუშინ, სან ფრანცისკოში გაიმართა, Google-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ დამსწრე საზოგადოებას Stadia წარუდგინა. კონსოლებისგან და პერსონალური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომლებიც თამაშებს ადგილობრივად უშვებენ, Stadia-ს შემთხვევაში მომხმარებელი ღრუბლოვანი სერვისით სარგებლობს. Google გვპირდება, რომ თუ საკმარისად სწრაფ ინტერნეტს (25 მბ/წ) შევიძენთ, "ლაგთან" დაკავშირებული პრობლემები არ შეგვექმნება.

"ჩვენ ახალ გამოწვევას ვეჭიდებით და ვცდილობთ, შევქმნათ გეიმინგ პლატფორმა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ვფიქრობ, რომ ჩვენი პროექტი გეიმერებს, მაყურებლებს და დეველოპერებს ერთმანეთთან დააახლოებს", - ამბობს პიჩაი.

Stadia-ს კონსოლებისგან კიდევ ერთ რამ განასხვავებს, ის ყუთი (Box) არ არის და ერთადერთი ფიზიკური კომპონენტი, რომელიც მისი მოხმარებისას შესაძლოა დაგვჭირდეს, ჯოისტიკია. გეიმერებს ჰარდვეარი არ შეზღუდავს და 4K (და მომავალში 8K) თამაშებით Google-ს მონაცემთა ცენტრის წყალობით გაერთობიან. პრეზენტაციისას ყველამ იხილა, რომ Stadia-ს მეშვეობით, ისეთი სუსტი პერსონალური ლეპტოპიც კი, როგორიც Google Chromebook-ია, 4K რეზოლუციაში 120 FPS-ით უშვებდა Assasins Creed: Odissey-ს. კიდევ უფრო შთამბეჭდავი ისაა, რომ Google-მა ნამდვილ Cross-Platform-ზე იზრუნა და ერთი ანგარიშით შეგიძლიათ თამაში ტელეფონზე დაიწყოთ, ლეპტოპზე გააგრძელოთ და ტელევიზორში დაასრულოთ.

Chromebook-ის სუსტი მონაცემები გეიმინგში ხელს აღარ შეგიძლით

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ Stadia-ს მოხმარება მაუსით და კლავიატურით, ან უბრალოდ, სმარტფონითანაცაა შესაძლებელი, თუმცა კონტროლერის შეძენა საინტერესო ფუნქციებზე ხელმისაწვდომობას ზრდის. ჯოისტიკს ორი განსხვავებული ღილაკი აქვს - გაზიარების და დამხმარე, რომელიც სხვა დივაისის გამოყენების გარეშე მოგვაწვდის ინფორმაციას თამაშის რთული ეტაპების დაძლევის ვარიანტების შესახებ.

Stadia-ს კონტროლერი გეიმერთათვის კარგად ნაცნობ ჯოისტიკებს ჰგავს

Stadia-ს დაანონსებით, Google გეიმინგ სფეროს ისეთ გიგანტებთან შევიდა ღია კონკურენციაში, როგორებიც Microsoft, Sony და Nintendo არიან. იმის გამო, რომ Stadia YouTube-ზე იქნება ინტეგრირებული, პლატფორმის კონკურენტთა სიას Twitch-იც ემატება. სია აქ არ წყდება - Stadia, გარდა გეიმინგ პლატფორმისა, თამაშების გამავრცელებლადაც იქცევა, შესაბამისად, მეტოქეობას Steam-ს, Epic Games Store-ს და სხვა მსგავს "ონლაინ მაღაზიებსაც" გაუწევს. ბოლოს კი, ისიც უნდა ვთქვათ, რომ Google თამაშების შექმნასაც ლამობს, რაც მას Blizzard-სა და EA-სთანაც აპირისპირებს.

ამ ეტაპზე დასკვნის სახით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - იმ შემთხვევაშიც კი, თუ Stadia დიდ პოპულარობას ვერ მოიხვეჭს, ამ პროდუქტმა უკვე ყველას დაანახა, თუ როგორი შეიძლება იყოს ვიდეო თამაშების ინდუსტრია უახლოეს მომავალში. ინოვაციები გარდაუვალია.

კომენტარები

ბოლო ამბები