Thumbnail

დავით ხოჭოლავა შვეიცარიას მაგარ ფორმაში ხვდება - ზედიზედ მესამე სიმბოლური

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შახტარის ცენტრალური მცველი უკრაინის ჩემპიონატში InStat Index-ით საუკეთესოა
  • 25 წლის ქართველი უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურში ზედიზედ მესამედ მოხვდა
  • დავით ხოჭოლავა ამჟამად ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ის შესარჩევისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის შახტარის მცველი დავით ხოჭოლავა, ზედიზედ მესამე ტურია, უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება. 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, რჩეულთა შორის InStat-ის მონაცემების გათვალისწინებით აღმოჩნდა. 22-ე ტურის სიმბოლური ნაკრები კი უკრაინის პრემიერლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.

ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო შეხვედრაში დონეცკის შახტარი სტუმრად ლუგანსკის ზორიას დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ხოჭოლავამ შახტარის დაცვის ხაზში ტრადიციულად, შეუცვლელად ითამაშა, მისმა InStat Index-მა 302 შეადგინა (საშუალო სეზონში 222), რაც მთლიანად ტურში ცენტრალურ მცველებში საუკეთესო, ხოლო ყველა ამპლუის ფეხბურთელებში მეხუთე შედეგია.
   
ზორიასთან ქართველმა მცველმა მოედანზე 95 წუთი გაატარა, თავად არ დაჯარიმებულა, მასზე კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. მისი 50 პასიდან 44 ზუსტი იყო (88%), 14 ორთაბრძოლიდან კი 11 მოიგო (79%). დავითის ანგარიშზე ასევე 6-იდან 5 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა (83%), 5-იდან 4 მოგერიება (80%) და 7 ჩაჭრაა.

შახტარის ქართველი მცველი ამჟამად შვეიცარიასთან სანაკრებო მატჩისთვის ემზადება
ფოტო: gff.ge

დავით ხოჭოლავამ უკრაინის მიმდინარე პრემიერლიგაში 17 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. ამჟამად ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ის სასტარტო მატჩებისთვის ემზადება.

დონეცკის შახტარი უკრაინის პრემიერლიგას 57 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ კიევის დინამოს 7 ქულით უსწრებს. საჩემპიონო ჯგუფში შახტარი მომდევნო მატჩს 3 აპრილს, სტუმრად ოლეკსანდრიასთან გამართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში 23 მარტს შვეიცარიას უმასპინძლებს, 26-ში კი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები