Thumbnail

The Occupation - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • The Occupation-ს BioShock-ს ადარებენ
  • თამაში დაუსრულებელის შთაბეჭდილებას ტოვებს
  • პოსტ-პროდაქშენი მდგომაროების გამოსწორების ერთადერთი შანსია

პირველი პირის ვიდეო თამაშების უმრავლესობა, რომლებიც ტერორისტული აქტით იწყება, ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლის სცენებით გრძელდება, მაგრამ The Occupation სხვაგვარ მიდგომას ირჩევს და საინტერესო სწორედ ამითაა. იმის ნაცვლად, რომ თქვენ ერთკაციანი არმიის როლი შეასრულოთ, რომელიც ასობით მტერს გაუმკლავდება და სამყაროს გადაარჩენს, თამაში უბრალოდ გამომძიებელი ჟურნალისტის ფუნქციას განიჭებთ და საშუალებას გაძლევთ გარემოს ანალიტიკური თვალით დააკვირდეთ. სამწუხაროდ, ის რაც საინტერესო, ახლებური და შთამბეჭდავი საგამოძიებო გამოცდილება შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელსაც რევიუერთა ნაწილი Bioshock-საც კი ადარებს, მრავალი მცირე პრობლემის გამო დაუკმაყოფილებლობის განცდას ტოვებს. 

სეთინგი

1987 წელია. ჩრდილო დასავლეთ ინგლისში მომხდარი აფეთქება 23 ადამიანს კლავს, რასაც სამოქალაქო მოძრაობა მოჰყვება, რომელიც ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგაა მიმართული. ალექს დუბუი - ეს სავარაუდო დამნაშავის სახელია. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ჟურნალისტ ჰარვი მილერს დახმარებას სთხოვს. პირველი ნაბიჯი დუბუის სამუშაო გარემოს შესწავლა და მისი ნაცნობების გამოკითხვაა, რათა უკეთ გაერკვეთ თუ რა მოხდა რეალურად და დაამტკიცოთ, ან უარყოთ ეჭვმიტანილის ბრალი.

გეიმფლეი

The Occupation უნიკალური იმ მხრივაა, რომ თითოეულ დონეზე მიზნის მისაღწევად რეალური დრო გვეძლევა. არის რამდენიმე დონე, რომელშიც მოთამაშეს სხვა წინაღობებთან ერთად დროის გასვლასთანაც არ უწევს გამკლავება, მაგრამ ამ დონეებზე ძირითადად ძველ ამბებს ვიხსენებთ. მილერი დანიშნულების ადგილზე საათით ადრე მიდის, რაც მას თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტერიტორიების შესწავლის და დიალოგების მიყურადების შანსს აძლევს. შედეგად პროტაგონისტი დაკითხვის განვითარების რამდენიმე ვარიაციას იღებს და სამხილებს აგროვებს. პარალელურად კი მისი ელექტრონული საათი წიკწიკებს და დრო იწურება.

The Occupation-ის თამაშისას დროის კონტროლი მუდმივად მოგიწევთ

ის, თუ როგორ გაანაწილებთ დროს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, უბრალოდ იცოდეთ, რომ თითოეულ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მოგიწევთ მთელი კაბინეტის გასინჯვა, რათა სატელეფონო ჩანაწერები იპოვოთ, მაგიდებზე 'ნოუთებში' მონახავთ კომპიუტერის პაროლებს, გათიშავთ არაერთ სიგნალიზაციას და შეიარაღდებით საკმარისი ინფორმაციით, რათა თავის მიწურულს ჩასატარებელი დაკითხვებისთვის სრულყოფილად იყოთ მზად. ან უბრალოდ შეგიძლიათ მთელი დრო დაცვას უსმინოთ, რომელიც კლასიკური კინოფილმის ტექსტებს საკუთარ თავს უყვება - არჩევანი თქვენზეა. The Occupation-ის სთორილაინი იმის მიუხედავად ვითარდება, თუ რამდენად ამომწურავ ინფორმაციას მოიპოვებთ, მაგრამ რაც უფრო ეფექტურად გამოიყენებთ დროს, თამაშის გაგრძელების და ისტორიაში გარკვევის უფრო უკეთესი შანსი გექნებათ.

პრობლემები

სამწუხაროა, რომ ხუთსაათიან თამაშში არაერთხელ გადააწყდებით ე.წ. 'გლიჩებს' და 'ბაგებს', რომლებიც თავიდან უბრალოდ შემაწუხებელია, ხოლო დროის განმავლობაში კი თამაშის ხალისს დაგიკარგავთ. მცირე პრობლემაა, როდესაც ეკრანზე ლიფტის გამოსაძახებელი ღილაკი არ გამოისახება და კიბეებზე ფეხით ასვლა გიწევთ, მაგრამ სრული კატასტროფაა, როდესაც ერთ დონეზე 40 წუთს გაატარებთ, შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად თამაშის სამყაროში ჩაძირვას დაიწყებთ და გარშემო მხოლოდ აბსურდულ გეომეტრიულ ფიგურებს ხედავთ. ამ დროს, სხვა არაფერი დაგრჩენიათ - ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ. 

პერსონაჟის გადაადგილება ხშირად მოუხერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინაღობების გადალახვა გიწევთ. ფაქტი, რომ მარტივი მოქმედების შესასრულებლად გეიმერს წვალება უწევს, დეველოპერებზე დადებითად ნამდვილად არ მეტყველებს, მით უმეტეს, როდესაც დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

უცნაური დეველოპერების კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა - მიუხედავად იმისა, რომ მილერი საკმაოდ მოცულობით ქეისს დაატარებს, დოკუმენტების და ტელეფონის მონეტების გარდა მხოლოდ ერთი ნივთის გადატანა შეგიძლიათ. გაეპარებით დაცვას, გააუქმებთ სიგნალიზაციას და სენსიტიური ინფორმაციის მისაღებად კომპიუტერში ფლოპი დისკის ჩადებას აპირებთ, ამ დროს კი აღმოაჩენთ, რომ დისკი რამდენიმე ოთახით ადრე დააგდეთ, როდესაც სრულიად უმნიშვნელო ქაღალდი აიღეთ. საბოლოო ჯამში ძვირფას წუთებს არაფრის გამო დაკარგავთ, რაც თქვენს კიდევ უფრო გაღიზიანებას გამოიწვევს.

თუკი ინტერვიუზე ოდნავ დააგვიანებთ და ოთახში შეხვალთ, რესპოდენტი შეიძლება დაგხვდეთ. თქვენ ორიდან ერთს ელით - ან ინტერვიუსთვის ნაკლები დრო გექნებათ, ან უბრალოდ ვეღარ შეძლებთ ობიეტის გამოკითხვას. ამ ორი ვარიანტიდან არ ერთი არ ხდება - უბრალოდ ოთახში შეხვალთ და ინტერვიუს ვეღარ დაიწყებთ, შემდეგ კი დონე უცბად დასრულდება და შემდეგ დონეზე გადახვალთ, რაც წინაში დაბრუნების საშუალებას აღარ მოგცემთ. ცუდი კი ისაა, რომ მხოლოდ ერთი ინტერვიუს გამოტოვების შედეგად სთორილაინში გარკვევა საგრძნობლად გაგირთულდებათ.

ვერდიქტი

იმ ფაქტში, რომ საათის წინააღმდეგ გიწევთ მოქმედება, ირონია ნამდვილად არის, რადგან The Occupation-ის დეველოპერებს თამაშის დასასრულებლად აშკარად დრო არ ეყოთ. საინტერესო ნარატივის, გახმოვანების უმაღლესი ხარისხის და ბევრი სხვა პლუსის მიუხედავად, არსებული პრობლემები თამაშის პოტენციალს კლავს. 

The Occupation-ის გადარჩენის ერთადერთი გზა პოსტ-პროდაქშენია, რომლის დროსაც დეველოპერებმა არსებული 'ბაგები' რაც შეიძლება დროულად უნდა გამოასწორონ, რათა ეს ინოვაციური თამაში კიდევ ერთ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად არ იქცეს.

კომენტარები

ბოლო ამბები