Thumbnail
  • დეტროიტ პისტონსმა კლივლენდ კავალიერსთან 119:126 წააგო
  • ზაზა ფაჩულიამ მხოლოდ 5 წუთი ითამაშა
  • დუეინ კეისიმ ბლეიკ გრიფინი დაასვენა

ლოს ანჯელეს ლეიკერსთან და ტორონტო რეპტორსთან ბრწყინვალე მოგებების შემდეგ, ზაზა ფაჩულიას დეტროიტი კლივლენდთან დამარცხდა. კავალიერსმა, რომელიც NBA-ს შარშანდელი ფინალისტია, მერე კი ლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩა და წელს აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა, პისტონსს 126:119 მოუგო.

დეტროიტელთა 35 წლის ქართველმა ცენტრმა ამჯერად მხოლოდ 5 წუთი ითამაშა და ამ დროში 3 ქულა, 3 მოხსნა (1 შეტევაში, 2 დაცვაში) და 1 პასი დააგროვა. ზაზამ ერთხელ ისროლა 2-ქულიანიც და საჯარიმოც და ორივე შემთხვევაში მიზანს მიაღწია.

ორმაგი დუბლების შემოქმედი ანდრე დრამონდი

აღსანიშნავია, რომ დეტროიტის მთავარმა მწვრთნელმა დუეინ კეისიმ ამ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბლეიკ გრიფინი დაასვენა. კეისიმ თქვა, რომ ამ უკანასკნელმა ბოლო მატჩებში ზედმეტად ბევრი იშრომა, გადაიღალა და სასწრაფოდ დასვენება სჭირდებოდა. გრიფინის არყოფნაში, პისტონსს თამაში არ წაუვიდა (განსაკუთრებით დაცვაში). თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ კლივლენსაც არ ჰყავდა ისეთი კალათბურთელები, როგორებიც კევინ ლავი, ლარი ნენსი, ან ტრისტან ტომპსონი არიან.

გრიფინის არყოფნაში, დეტროიტიდან ყველაზე მეტი ქულა უეინ ელინგტონმა დააგროვა - 25. პისტონსის ძირითადმა ცენტრმა ანდრე დრამონდმა კი ბრწყინვალე ორმაგი დუბლი შეასრულა 21 ქულითა და 21 მოხსნით (პლუს 5 პასი). მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი კლივლენდელი კოლინ სიქსტონი გახდა, რომლის ანგარიშზეც 27 ქულა იყო.

დეტროიტს უკვე 70 მატჩი აქვს ჩატარებული - ზაზა ფაჩულიას გუნდი 36 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ მე-9 ადგილზე მყოფ ორლანდო მეჯიქს მხოლოდ 3 მოგებით უსწრებს. როგორც იცით, პლეი ოფში კონფერენციის 8 საუკეთესო გუნდი გადის. 

დეტროიტი მომდევნო მატჩს 22 მარტს, სტუმრად ფინიქს სანსთან გამართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაჩულია თავის ყოფილ მწვრთნელს საქართველოს ნაკრებში, იგორ კოკოშკოვს დაუპირისპირდება.

📺 ვიდეო: კლივლენდი 126:119 დეტროიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები