Thumbnail
  • 23 მარტს საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება
  • როგორი გუნდია და როგორ ფორმაშია მეტოქე?

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს პირველი მეტოქე შვეიცარიაა. ვლადიმირ ვაისის გუნდი კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას შაბათს, 23 მარტს, შვეიცარიელებთან საშინაო მატჩით იწყებს.

ეს არის გუნდი, რომელმაც ერთა ლიგის A დივიზიონის მეორე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შვეიცარიელებს ჯგუფში ბელგიისა და ისლანდიის ნაკრები გუნდები ჰყავდათ. 4 თამაშიდან მათ 3 მოიგეს და მხოლოდ 1 წააგეს (ბელგიასთან სტუმრად, 1:2). რა შეიცვალა შემოდგომის შემდეგ? რა გუნდია შვეიცარია? როგორ ფორმაში ხვდებიან ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდები საქართველოსთან თამაშს? შევეცდებით, ქვემოთ ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები გავცეთ.

იან ზომერი (მეკარე)

ზედიზედ სამი თვეა, მიონხენგლადბახის ბორუსიას ფანები 30 წლის შვეიცარიელ მეკარეს გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებენ. ეს ფაქტი უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ზომერი შთამბეჭდავ ფორმაშია, თუმცა იმაზეც მიანიშნებს, რომ ბოლო დროს გლადბახში ყველაფერი კარგად არ არის. იან ზომერი შვეიცარიის ნაკრების უკონკურენტო პირველი ნომერია და მის კარში გოლის გატანა, საკმაოდ რთულია.

სტეფან ლიხტშტაინერი (კაპიტანი, მარჯვენა მცველი)

მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია, მის პოზიციაზე შვეიცარიელი ექსპერტები ახლა ყველაზე მეტს ბჭობენ. პეტკოვიჩს დაცვის მარჯვენა ფლანგზე დიდი არჩევანი აქვს, ლიხტშტაინერი კი ლონდონის არსენალში იშვიათად თამაშობს და როცა თამაშობს, არცისე სოლიდურად, როგორც ადრე თამაშობდა. ის უკვე 35 წლისაა. თუმცა იმის გამო, რომ კევინ მბაბუ (იანგ ბოისი) ტრავმირებულია, ხოლო მიხაელ ლანგს (გლადბახი) ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა აკლია, დიდი შანსია, რომ ლიხტშტაინერი საქართველოს ნაკრებთან შვეიცარიელთა სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

მანუელ აკანჯი (ცენტრალური მცველი)

დორტმუნდის ბორუსიას ცენტრალურმა მცველმა მანუელ აკანჯიმ ეს სეზონი შესანიშნავად დაიწყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლუსიენ ფავრის ხელში ის გერმანული კლუბის დაცვის შეფია. წლის ბოლოს აკანჯიმ ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც დორტმუნდს კრიზისი დაეწყო. აკანჯი გამოჯანმრთელდა და დაბრუნდა, მაგრამ ბორუსია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან მაინც გავარდა. BVB-ს ბუნდესლიგაშიც ვეღარ თამაშობს ისე სოლიდურად, როგორც სეზონის პირველ თვეებში, მაგრამ აკანჯის ამაში ყველაზე ნაკლებად მიუძღვის ბრალი. ის დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია.

რიკარდო როდრიგესი (მარცხენა მცველი)

ძალიან ძლიერი ცაცია მარცხენა მცველი, რომელიც შესანიშნავად ასრულებს სტანდარტულებს - რიკარდო როდრიგესი მილანში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია. 26 წლის როდრიგესი შვეიცარიის ნაკრებისთვისაც შეუცვლელია და აღსანიშნავია, რომ ის შვეიცარიის ნაკრებში ყოველთვის უფრო მეტად უტევს, ვიდრე კლუბში.

რემო ფროილერი (ცენტრალური ნახევარმცველი)

რემო ფროილერი კლასიკური ცენტრალური ნახევარმცველია, რომელიც ბერგამოს ატალანტაში სტაბილურად თამაშობს და ხშირად ძალიან კარგ შეფასებებს იმსახურებს (25 თამაში, 2 გოლი და 4 საგოლე პასი სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში). 26 წლის ფროილერი წლებია, მაღალ დონეზე ასპარეზობს - იტალიაში მას ყველაზე მეტად ბურთის კარგად ფლობის გამო აქებენ. ის შეუცვლელი ფიგურაა ატალანტასთვის, რომელიც სერია A-ში ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის. 2018 წელს ფროილერი იმდენად კარგად თამაშობდა, რომ იტალიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც კი შეიყვანეს. ატალანტას ხელმძღვანელები ძალიან ნერვიულობენ იმის გამო, რომ ზაფხულში ფროილერი, დიდი ალბათობით, ბერგამოს დატოვებს და გაცილებით უკეთეს გუნდში გადავა.

ადმირ მეჰმედი (ფორვარდი)

2018 წელი ცუდი ჰქონდა, მაგრამ 2019 წელი ადმირ მეჰმედისთვის ძალიან კარგად დაიწყო. 28 წლის ფორვარდს არაპროგნოზირებადი თამაში ახასიათებს და გერმანულ კლუბ ვოლფსბურგში ძალიან აფასებენ. შაბათს, ვოლფსბურგმა დიუსელდორფის ფორტუნას 5:2 მოუგო და მეჰმედიმ იმ შეხვედრაში წელს თავისი მესამე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სწორედ გასულ შაბათს გახდა ის 28 წლის.

P.S. მეჰმედი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.

ნიკო ელვედი (ცენტრალური მცველი)

ელვედი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და მიონხენგლადბახის ბორუსიაში უკვე 119 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. საერთოდ, მასზე იშვიათად საუბრობენ - შესაძლოა იმიტომაც, რომ ძალიან მშვიდია და თვითონაც ცოტას ლაპარაკობს. სამაგიეროდ, ნიკო ელვედი თავის საქმეს ყოველთვის თუ არა, ხშირად უშეცდომოდ აკეთებს. გლადბახის მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი მას ყოველთვის ენდობა. გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში მას 2 გოლი აქვს გატანილი, რაც მცველისთვის კარგი შედეგია.

გრანიტ ჯაკა (საყრდენი ნახევარმცველი)

მას მერე, რაც ლონდონის არსენალის მთავარ მწვრთნელად უნაი ემერი დაინიშნა, გრანიტ ჯაკა არა მარტო მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, არამედ გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. მისი მთავარი პლუსები ბრძოლის უნარი, გრძელი გადაცემები და შორეული დარტყმებია. ჯაკა არსენალში უმეტესად ძალიან კარგად თამაშობს, თუმცა, ზოგადად, ხანდახან აუხსნელი შეცდომების დაშვება სჩვევია. ბოლო დროს ჯაკა შესანიშნავ ფორმაშია - მანჩესტერ იუნაიტედთან მოგებულ შეხვედრაში მან კარგი გოლიც გაიტანა.

ჯერდან შაჩირი (მარჯვენა გარემარბი)

2019 წელს ჯერდან შაჩირის საქმეები ისე კარგად აღარ მისდის, როგორც მანამდე. შობის წინ მან მანჩესტერ იუნაიტედს ორი გოლი გაუტანა და ყველა აქებდა, მაგრამ მერე იყო თამაშები, რომლებშიც შაჩირიმ იურგენ კლოპს იმედები გაუცრუა და მას მერე ძალიან იშვიათად თამაშობს. ფულემთან მოგებულ შეხვედრაში (2:1) მან 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა - ისევე, როგორც სამი მატჩი მანამდე.

P.S. შაჩირი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.

მარიო გავრანოვიჩი (ცენტრფორვარდი)

მარიო გავრანოვიჩი ევროპის ტოპ-ლიგაში არ თამაშობს - ის ზაგრების დინამოს ცენტრალური თავდამსხმელია. ზამთრის პაუზამდე არცისე კარგად გამოიყურებოდა, თებერვალში კი ტრავმაც მიიღო. თუმცა, იძულებულითი პაუზის შემდეგ, 29 წლის გავრანოვიჩი კარგად დაბრუნდა და რიეკასთან სეზონის მე-6 გოლიც გაიტანა. კვირას, გორიცასთან მან 75 წუთი ითამაშა. გოლი არ გაუტანია.

ფაბიან შერი (ცენტრალური მცველი)

27 წლის ფაბიან შერმა, რომელიც ცენტრალური მცველია, რთული პერიოდები გადაიტანა - ჰოფენჰაიმი, დეპორტივო, მძიმე დასაწყისი ნიუკასლში - მაგრამ ახლა ბრწყინვალე ფორმაშია. ინგლისური კლუბისთვის ის შეუცვლელი ფიგურა გახდა. 9 მოგება, 4 ფრე და 5 მარცხი - ასეთია ნიუკასლის ბალანსი იმ მატჩებში, სადაც შერმა ითამაშა. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ნიუკასლი გასავარდნ ზონას მოშორდა.

დენის ცაკარია (საყრდენი ნახევარმცველი)

ზაფხულში, მიონხენგლადბახის ბორუსიას მთავარმა მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა გადაწყვიტა, დენის ცაკარიასთვის პოზიცია შეეცვალა და კლასიკური “ექვსიანის” ნაცვლად, 8 ნომერზე გაამწესა. 22 წლის მაღალ (1,91 მეტრი) ნახევარმცველს თავიდან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ახალ პოზიციას ალღო აუღო. ახლა უკვე ხშირად თამაშობს და გლადბახის შეტევებში აქტიურად მონაწილეობს.

სტივენ ცუბერი (მარცხენა ნახევარმცველი)

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ცუბერს გაუჭირდა. ჰოფენჰაიმში აღარ ათამაშებდნენ და ზამთარში შტუტგარტში გაანათხოვრეს, სადაც საკუთარი თავი და თამაში იპოვა. 9 მატჩში მან უკვე 5 გოლის გატანა მოახერხა - შტუტგარტი გადარჩენისთვის იბრძვის და შვაბური კლუბის გულშემატკივრებს მისი იმედი აქვთ. შაბათს, ცუბერმა ყოფილ გუნდს, ჰოფენჰაიმს გაუტანა (1:1).

ბრეელ ემბოლო (ფორვარდი)

ბრეელ ემბოლომ საკმაოდ რთული, 4-თვიანი ტრავმა გადაიტანა. გამოჯანმრთელების შემდეგ 22 წლის ფორვარდი, რომელსაც მარჯვენა გარემარბისა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციებზეც შეუძლია თამაში, კარგ ფორმაშია. როცა ტრავმის შემდეგ პირველად ათამაშეს შალკეს ძირითად შემადგენლობაში, მაშინვე დუბლი შეასრულა. თუმცა გელზენკირხენული კლუბი კრიზისშია - ახლახან გუნდის მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო გაათავისუფლეს. მის ნაცვლად დროებით დანიშნულმა ჰუუბ სტევენსმა ემბოლო 90 წუთი ათამაშა, მაგრამ შალკემ ლაიპციგთან მაინც წააგო (0:1).

შვეიცარიის ნაკრებში ასევე გამოძახებულები არიან: ივონ მვოგო, იონას ომლინი, ტიმ კლოზე, ლორის ბენიტო, მიხაელ ლანგი, კრისტიან ფასნახტი, ჯიბრილ სოუ, რენატო შტეფენი, ალბიან აჯეტი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები