Thumbnail

NBA | ბრწყინვალე დაფარება ბოლო წამებზე - ლებრონმა ლეიკერსში მოტივაცია დაკარგა?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეიკერსი ნიუ იორკ ნიქსთან 123:124 დამარცხდა
  • ლებრონ ჯეიმსი დემოტივირებული ჩანს
  • მარიო ჰეზონიამ "მეფეს" ბოლო წამებზე შესანიშნავად დაუფარა

მე-8 წაგება ბოლო 9 მატჩში - ლოს ანჯელეს ლეიკერსის კრიზისს ბოლო არ უჩანს! ლებრონ ჯეიმსის გარშემო აწყობილი გუნდი ამჯერად აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ ნიუ იორკ ნიქსთან დამარცხდა, რომელიც რეგულარული სეზონის ყველაზე სუსტი გუნდია (14 მოგება, 56 წაგება). შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლეიკერსმა დასავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსან ფინიქსთანაც მარცხი განიცადა (109:118).

ნიქსთან მატჩში განსაკუთრებით საინტერესო ის იყო, რომ ლებრონს ბოლო, გადამწყვეტი სროლა დაუბლოკეს - სწორედ ამის შემდეგ დაფიქსირდა საბოლოო ანგარიში 123:124 და იმის ნაცვლად, რომ მატჩის გმირი გამხდარიყო, ლებრონი ლეიკერსის მორიგი მტკივნეული მარცხის სიმბოლოდ იქცა და ამ შემთხვევაში აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ “მეფემ” 33 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა გააკეთა. ლებრონის წინააღმდეგ ბრწყინვალე ბლოკი ნიუ იორკელთა ხორვატმა მსუბუქმა ფორვარდმა, მარიო ჰეზონიამ, საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე შეასრულა.

📺 ვიდეო: ლებრონ ჯეიმსს ბოლო წამებზე დაუფარეს

ამ მატჩის შემდეგ, ლეიკერსში ლებრონის როლის შესახებ დისკუსიები კიდევ უფრო გამძაფრდა. საქმე ისაა, რომ იგი უშუალოდ მატჩის დროსაც საკმაოდ ნეგატიურად წარმოჩინდა, როდესაც ლეიკერსის ტაიმ აუტის დროს, მწვრთნელის მითითებები უყურადღებოდ დატოვა. ნიუ იორკ ნიქსის ლეგენდამ, უოლტ ფრეიზერმა, რომელიც ახლა Madison Square Garden-ში ერთ-ერთი კომენტატორია, ლებრონი გააკრიტიკა - მისი აზრით, ლებრონი არ არის გუნდის ნაწილი, ის ცალკეა და არ ადარდებს, რა მოხდება.

ლეიკერსს უკვე 70 მატჩი აქვს ჩატარებული - 31 მოიგო და 39 წააგო. ამ შედეგით ლებრონ ჯეიმსის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი აღარ აქვს. შედეგად, ლებრონს მოტივაციაც აღარ ეტყობა და საკითხავია, სურს თუ არა, რომ მომდევნო სეზონშიც ლეიკერსში ითამაშოს...

📺 ვიდეო: ნიუ იორკ ნიქსი 124:123 ლეიკერსი

კომენტარები

ბოლო ამბები