Thumbnail
  • დეტროიტმა ტორონტოსთან უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო
  • პისტონსმა რეპტორსი 110:107 დაამარცხა
  • ზაზა ფაჩულიამ 11 ქულა ჩააგდო, რაც მისთვის სეზონის საუკეთესო შედეგია

ბრუკლინთან და მაიამისთან ორი პრინციპული მატჩის წაგების შემდეგ, ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა ჯერ ლეიკერსი დაამარცხა, ახლა კი ტორონტოსაც მოუგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი დაიბრუნა. პისტონსმა მეორე ადგილზე მყოფი რეპტორსი უაღრესად დაძაბულ მატჩში, 110:107 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა

35 წლის ქართველმა ცენტრმა ამჯერად 13 წუთი ითამაშა და ამ დროში 11 ქულის ჩაგდება მოახერხა, რაც მისთვის ამ სეზონში საუკეთესო შედეგია. ზაზამ ექვსიდან ოთხი 2-ქულიანი ჩააგდო და სამივე საჯარიმო ზუსტად ისროლა. გარდა ამისა, მის აქტივში 3 მოხსნა (2 შეტევაში, 1 დაცვაში) და 1 პასიც იყო. ფაჩულიას 1 დაფარებაც ჰქონდა, +/- კოეფიციენტი კი +9 გამოუვიდა.

📺 ვიდეო: ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები ტორონტოსთან

პირველ და მეორე მეოთხედებში თანაბარი თამაში იყო, მესამე პერიოდი ტორონტომ 37:28 მოიგო და წინ გავიდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში დეტროიტი დაბრუნდა და თამაში თავის სასარგებლოდ შეატრიალა. დასკვნითი პერიოდი პისტონსმა 32:23 მოიგო და საბოლოოდ 110:107 დააფიქსირა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კავაი ლეონარდი გახდა - მან 33 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. დეტროიტიდან საუკეთესო ბლეიკ გრიფინი გახლდათ - 25 ქულით და 8 მოხსნით. პისტონსის ძირითადმა ცენტრმა ანდრე დრამონდმა, ტრადიციულად ორმაგი დუბლი შეასრულა (15 ქულა, 17 მოხსნა). ტორონტოსთან გამარჯვებაში მას გადამწყვეტი როლი ჰქონდა.

დეტროიტის ლიდერები: ბლეიკ გრიფინი და ანდრე დრამონდი

69 მატჩის შემდეგ, დეტროიტი 36 მოგებითა და 33 მარცხით მე-6 ადგილზეა. ტორონტოს 49 მოგება და 21 მარცხი აქვს - რეპტორსი აღმოსავლეთში მხოლოდ მილუოკის ჩამორჩება. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 19 მარტს, სტუმრად კლივლენდ კავალიერსთან გამართავს.

📺 ვიდეო: დეტროიტი 110:107 ტორონტო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები