Thumbnail

ეროვნული ლიგა | თბილისურ დერბიში დინამომ ლოკომოტივი გაანადგურა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 4 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 12 ქულით საბურთალო ლიდერობს
  • მოულოდნელად, მეორე ადგილზე 7 ქულით ბოლნისის სიონია

ეროვნული ლიგის მეოთხე ტური თბილისური დერბით დასრულდა. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც შესაბამისად აისახა: 4:0 დინამოს სასარგებლოდ.

მატჩის ბედი 37-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც დინამოს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მატჩის არბიტრმა კი ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ლოკომოტივის ფეხბურთელი, თორნიკე ძებნიაური გააძევა. ლევან კუტალიამ პენალტი გაიტანა, დინამო დაწინაურდა და თან, რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა.

მეორე ტაიმში დინამოს უპირატესობა გაიზარდა და ლოკომოტივის კარში კიდევ სამი გოლი გავიდა. 58-ე წუთზე ფელის ვისენტეს შეგირდებმა კარგი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც გიორგი ზარიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. ლევან შენგელიამ ზუსტი თერთმეტმეტრიანით სხვაობა სამამდე გაზარდა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ნიკა ჭანტურიას ავტოგოლით დაფიქსირდა, 0:4.

4 ტურის შემდეგ, 12 ქულით სატურნირო ცხრილს საბურთალო ლიდერობს, მეორე ადგილზე 7 ქულით ბოლნისის სიონია, რომელმაც დღეს ვიტ ჯორჯია 1:0 დაამარცხა, შემდეგ კი ერთბაშად ოთხი გუნდი მოდის, რომლებსაც 6-6 ქულა აქვთ: თბილისის დინამო, ლოკომოტივი, ბათუმის დინამო და ტორპედო.

კომენტარები

ბოლო ამბები