Thumbnail

რევანში აღებულია! ბორჯღალოსნებმა რუსეთს კრასნოდარში მოუგეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ხუთივე მატჩი მოიგეს
  • საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან 21-ე გამარჯვება იზეიმა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე შეხვედრაში რუსეთის გუნდი კრასნოდარში 22:6 დაამარცხა. ''ბორჯღალოსნებმა'' რუსებს 3 ლელო დაუდეს. ამ მოგებით მილტონ ჰეიგის გუნდმა რევანში აიღო იმ მარცხის გამო, რომელიც საქართველო XV-მა 'ტრუდის' სტადიონზე რუსეთის A ნაკრებთან განიცადა.

📋 მეტი ამ თემაზე

''ბორჯღალოსნები'' შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ, სადაც საქართველოს რუკა იყო გამოსახული, ამით მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიანიშნეს, რომ საქართველოს ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი რამდენიმე მორაგბისთვის საიუბილეო იყო: გიორგი ნემსაძემ 90-ე, შალვა სუთიაშვილმა 75-ე, გიორგი თხილაიშვილმა 50-ე, ზურაბ ჟვანიამ მე-40, ხოლო ოთარ გიორგაძე მე-20 შეხვედრა ჩაატარეს.

გიორგი ცუცქირიძის ლელო

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მოედნის თითოეულ წერტილში დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა. მატჩში სიტუაცია პირველად მეორე წუთზე დაიძაბა, როდესაც რუსები ლევან ჩილაჩავას დაუპირისპირდნენ, თუმცა მატჩის ინგლისელმა არბიტრმა სიტუაცია მარტივად განმუხტა. საქართველო მე-8 წუთზე დაწინაურდა, როდესაც სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 0:3.

რუსებმა ანგარიში 32-ე წუთზე გაათანაბრეს: იური კუშნარიოვმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა - 3:3. საქართველოს ნაკრების უპირატესობა შერკინებაში აშკარა იყო და ბოლო წუთზე საჯარიმო ლელო დაიმსახურა, რასაც მატჩში კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა, მატჩის არბიტრს კიდევ ერთხელ მოუწია სიტუაციის განმუხტვა. საქართველომ რუსეთს პირველი ტაიმი 10:3 მოუგო.

"ბორჯღალოსნებმა" მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. 45-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძემ რუსი მორაგბის დარტყმა დაბლოკა, რის შემდეგაც ბურთთან გიორგი ცუცქირიძე აღმოჩნდა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით მე-3 ლელოს დადება მოახერხა. სამწუხაროდ, გარდასახვა ზუსტი არ აღმოჩნდა და საქართველომ 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 15:3.

მატჩის 56-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ჰეიგს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. მათიაშვილმა თამაში ვეღარ გააგრძელა და მის ნაცვლად მინდორზე ლაშა ხმალაძე გამოჩნდა. რუსებმა 57-ე წუთზე ჯარიმის გატანა მოახერხეს, კუშნარიოვმა მეორე დარტყმაც ზუსტად შეასრულა - 15:6.

გიორგი ნემსაძე აუტის მოწოდებისას

''ბორჯღალოსნებმა'' მატჩის 63-ე წუთზე შერკინების საოცარი თამაშის წყალობით მსაჯს რუსების მორაგბე გაასინბინებინეს და მოპოვებული უპირატესობა ორ წუთში ლელოდ აქციეს. მირიან მოდებაძემ მშობლიურ ქალაქში გერმანიასთან შესრულებული ჰეთ თრიკის შემდეგ რუსეთთან მოახერხა ლელოს დადება, რომელიც ლაშა მალაღურაძემ გარდასახა - 22:6.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მე-5 გამარჯვება იზეიმა და მოგებათა სერია შვიდ მატჩამდე გაზარდა. ''ბორჯღალოსნებმა'' ცხრილში პირველი ადგილი დაიკავეს, მათ 22 ქულა დააგროვეს და რაგბი ევროპის ტიტული კრასნოდარში აღმართეს.

#ბორჯღალოსნები 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონები #ბრძოლაშიბედნიერნი #გილოცავთ #რაგბიჩვენითამაშია 🏉 🇷🇺 რუსეთი 6-22 საქართველო 🇬🇪 მატჩის მიმოხილვა: goo.gl/pdVH44

Posted by Georgian Rugby on კვირა, 17 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები