Thumbnail

‘ბევრი ფული ფეხბურთს ავნებს!’ - ტრაპატონის რჩევა ფეხბურთელებს და მწვრთნელებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯოვანი ტრაპატონი დღეს 80 წლის გახდა
  • ლეგენდარული იტალიელს თანამედროვე ფეხბურთი არ მოსწონს

ჯოვანი ტრაპატონი 80 წლის გახდა, მაგრამ არ ბერდება! ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გააქტიურდა - ინსტაგრამზე, ფეისბუქსა და ტვიტერზე საკუთარი ოფიციალური გვერდები გახსნა. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, ტრაპი სამწვრთნელო საქმიანობას არ დაუბრუნდა, სოციალურ მედიაში კი ძალიან აქტიურია.

ჯოვანი ტრაპატონი 80 წლის გახდა

“ფეხბურთი უფრო და უფრო მეტად ხდება ბიზნესი. რაც დრო გადის, სპორტის ნომერ პირველ სახეობაში უფრო და და უფრო მეტი ფული ტრიალებს და სადაც ბევრი ფულია, იქ ღირებულებები შეიძლება ადვილად დაიკარგოს,” - განაცხადა 80 წლის ტრაპატონიმ გერმანულ t-online.de-სთან ინტერვიუში.

ტრაპი ისურვებდა, რომ ფეხბურთელები უფრო დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ როლს და სოციალური ქსელები პოზიტიური მესიჯებისთვის და მნიშვნელოვანი ღირებულებების გასავრცელებლად გამოიყენონ: “ფეხბურთელები და მწვრთნელები ადამიანებისთვის მისაბაძი მაგალითები არიან. მათ ეს როლი იმისთვის უნდა გამოიყენონ, რომ ახალგაზრდებს კარგი მაგალითი უჩვენონ. მომავალი თაობის მიდგომა ფეხბურთისადმი სწორედ მათ მესიჯებზეა დამოკიდებული,” - დასძინა იტალიელმა.

ტრაპატონი საკუთარი კარიერით კმაყოფილია: “მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ფეხბურთმა მომცა. ჩემი საქმიანობით წლების მანძილზე ძალიან ბედნიერი ვიყავი და ვფიქრობ, ამაზე უკეთესი კარიერის წარმოდგენაც კი გამიჭირდებოდა. მთელი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი. ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც ვოცნებობ და მესიზმრება ხოლმე, რომ ჯერ კიდევ ფეხბურთელი, ან მწვრთნელი ვარ.”

კომენტარები

ბოლო ამბები