Thumbnail
  • ფორმულა 1-ის ახალი სეზონი ავსტრალიის გრანპრით დაიწყო
  • პირველი რბოლა, ბევრისთვის მოულოდნელად, ვალტერი ბოტასმა მოიგო
  • ფერარის პილოტები პოდიუმზე ვერ მოხვდნენ
  • უილიამსი ძალიან სუსტია - რობერტ კუბიცას აუტსაიდერობა მოუწევს

ფორმულა 1-ის ახალი სეზონის პირველი რბოლა სენსაციური შედეგით დასრულდა: ავსტრალიის გრანპრი მერსედესის ფინელმა პილოტმა, ვალტერი ბოტასმა მოიგო! არც მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა (34 წლის, მერსედესი) და არც მისმა მთავარმა კონკურენტმა სებასტიან ფეტელმა (31, ფერარი) - არამედ ბოტასმა!!!

29 წლის ფინელმა ბლიც-სტარტი აიღო, თანაგუნდელ ჰემილტონს (პოული მას ჰქონდა მოგებული) გადაასწრო და ამის შემდეგ ლიდერობა რბოლის ბოლომდე აღარ დათმო. უფრო მეტიც: ბოტასი, რომელმაც წინა სეზონში ერთი გრანპრიც ვერ მოიგო, მთელი რბოლის განმავლობაში ძალიან სოლიდურად მოქმედებდა და უსწრაფესი წრეც დააფიქსირა (1:25,580 წთ).

სეზონისწინა მიმოხილვაშიც ვწერდით, რომ ფეტელისა და ჰემილტონის გარდა, შანსი პირველ რიგში სწორედ ბოტასს ექნებოდა და ფინელმაც არაერთხელ თქვა, რომ ამ სეზონში გაცილებით აგრესიულად იასპარეზებდა, მაგრამ ალბათ მაინც არავინ ელოდა, რომ ვალტერი პირველივე რბოლაში დაამტკიცებდა თავის ამბიციებს.

მეორე ადგილზე ჰემილტონი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერსედესმა ახალი სეზონი დუბლით დაიწყო, მესამე ადგილი კი არა ფეტელმა, არამედ მაქს ფერსტაპენმა (რედ ბული) დაიკავა, რომელმაც ასევე ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა და რომ არა ბოტასის ბრწყინვალე ასპარეზობა, უსწრაფესი წრეც სწორედ მას ექნებოდა. ფერარის პილოტები, სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი მე-4 და მე-5 ადგილებზე გავიდნენ.

საერთოდ, ავსტრალიის გრანპრიზე გასწრებები იშვიათია ხოლმე და სეზონის პირველი რბოლა ამჯერად ამ თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო - მოსალოდნელზე მეტი ექშენი და ბევრი მაგარი დუელი ვიხილეთ.

სეზონის პირველი რბოლის აბსოლუტური იმედგაცრუება უილიამსია - ჯორჯ რასელმა და რობერტ კუბიცამ, უდიდესი ჩამორჩენით, ბოლო და ბოლოსწინა ადგილები დაიკავეს. ცხადია, პოლონელს ფორმულა 1-ში დაბრუნება სულ სხვანაირად წარმოედგინა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მომხდარი კუბიცაზე მეტად უილიამსის ბოლიდის ბრალია. ავსტრალიაში გამოჩნდა, რომ კუბიცა და რასელი აუტსაიდერები იქნებიან.

ზუსტად ისე, როგორც 1 წლის წინ, ჰაასს ისევ საბურავის გამოცვლის პრობლემა შეექმნა - წინა მარცხენა საბურავი არასწორად იყო დამაგრებული, რის გამოც გროსჟანი 32-ე წრეზე დანებდა.

ფორმულა 1-ის ახალი სეზონი დრამატულად დაიწყო - მოულოდნელი გამარჯვებულითა და არაერთი საინტერესო დუელით. იმედია, ავტოსპორტის მოყვარულები არც მომდევნო რბოლების დროს მოიწყენენ. ავსტრალიის გრანპრის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ვალტერი ბოტასი 26 ქულით ჩაუდგა სათავეში.

კარლოს საინსის მაკლარენს ცეცხლი გაუჩნდა. მის გარდა, რბოლას ნაადრევად რომან გროსჟანი (საბურავი) და დანიელ რიკარდო (ტექნიკური პრობლემა) გამოეთიშნენ  

მომდევნო რბოლებში (29-31 მარტი: ბაჰრეინი; 12-14 აპრილი: ჩინეთი) პირველ რიგში ლუის ჰემილტონის პასუხს და, რა თქმა უნდა, ფერარის რეაქციას ველოდებით. ფაქტია, რომ იტალიელებს ავსტრალიაში პრობლემა ჰქონდათ. “რატომ ვართ ასეთი ნელები?” - იკითხა ფეტელმა 44-ე წრეზე. “არ ვიცით” - იყო პასუხი…

საერთო ჩათვლა - TOP 10

1. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 26 ქულა

2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 18

3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 15

4. სებასტიან ფეტელი (ფერარი) - 12

5. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 10

6. კევინ მაგნუსენი (ჰაასი) - 8

7. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო) - 6

8. კიმი რაიკონენი (ალფა რომეო) - 4

9. ლენს სტროლი (რეისინგ პოინტი) - 2

10. დანიილ კვიატი (ტორო როსო) - 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 44

2. ფერარი - 22

3. რედ ბული - 15

4. ჰაასი - 8

5. რენო - 6

6. ალფა რომეო - 4

7. რეისინგ პოინტი - 2

8. ტორო როსო - 1

9. მაკლარენი - 0

10. უილიამსი - 0

 

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები