Thumbnail
  • 📅 17 მარტი | ⌚ 23:30 | ⚽ მილანი V ინტერი
  • სერია A-ში მილანური დერბი 170-ედ გაიმართება
  • თამაშზე რეკორდული თანხის ბილეთები გაიყიდა
  • მილანი მშვენიერ ფორმაშია, ინტერი - პრობლემებში 

სერია A-ს 28-ე ტურს მთავარი მატჩი დაასრულებს - მილანში, "სან სიროზე" ნომინალური მასპინძლის სტატუსით, მილანი ინტერს უმასპინძლებს. როგორც ძველ და კარგ დროს, თანაქალაქელები "დერბი დელა მადონინას" სატურნირო ცხრილში მეზობლად ხვდებიან (მილანს 51  ქულა აქვს, ინტერს - ერთით ნაკლები) და გააფთრებით იბრძვიან… ოღონდ, ძველი და კარგი დროებისგან განსხვავებით, ამჯერად ცხრილში მესამე და მეოთხე ადგილებს ინაწილებენ და მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ისახავენ.

როგორც უნდა იყოს, წინ მილანური დერბია და ეს უკვე გულშემატკივარში ძალიან, ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაშის ხილვის მოლოდინს აჩენს. აგერ ფაქტიც: თამაშის წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ ბილეთების გაყიდვიდან, ასევე - დერბისთან დაკავშირებული სხვა უფლებების რეალიზაციიდან, ჯამში მატჩის ორგანიზატორება 5,7 მილიონი ევრო გამოიმუშავეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაუმჯობესდა სერია A-ს უწინდელი რეკორდი, რომელიც 2018 წლის აპრილში, ინტერისა და იუვენტუსის შეხვედრის დროს დამყარდა (5,3 მილიონი ევრო). საგულისხმოა ისიც, რომ კვირის თამაშს 80-ათასიან "სან სიროზე", იტალიელების გარდა, მსოფლიოს 29 ქვეყნიდან ჩასული 4 ათასი გულშემატკივარი დაესწრება.

ეს შეხვედრა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მილანისთვის, ისე - ინტერისთვის. სასწორზე მესამე ადგილია. არადა, ეს პოზიცია მიმდინარე სეზონში ლუჩანო სპალეტის გუნდს ერთი ხანობა დამაჯერებლად ეკავა, მაგრამ შემდეგ დაათმობინეს. 

მილანი

მილანი იტალიის ჩემპიონატში უკვე ზედიზედ რვა მატჩია, არ აგებს, უკანასკნელი ხუთი შეხვედრა კი სულაც მოიგო და ამის წყალობით, ლიდერთა სამეულშია. ჯენარო გატუზომ, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა წინა სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა, თანამდებობა ამ სეზონშიც შეინარჩუნა და წელს აშკარად უფრო მაღალ მიზნებს ისახავს.

პიონტეკმა მილანის მაისურით 9 მატჩში 8 გოლი შეაგდო

"როსონერის" მეორე წრიდან დაეტყო ლაზარეთის გამოთავისუფლება და პროგრესი უმთავრესად მის  დაცვაზე აისახა. სტასტიკა შთამბეჭდავია - ბოლო 12 თამშში გუნდმა მხოლოდ 4 გოლი გაუშვა. რაც შეეხება თავდასხმის ხაზს, აქ ზამთარში, როგორც იქნა, გამოჩნდა ნამდვილი ბომბარდირი - გონსალო იგუაინის წასვლის შემდეგ, მილანმა ჯენოადან პოლონელი კშიშტოფ პიონტეკი დაიმატა და არჩევანში არც შემცდარა. პიონტეკმა უმალ დაამტკიცა, რომ გოლის გატანა სისხლში აქვს.

დონარუმამ სერია A-ში წელს გამართულ 9 მატჩში სულ 3 გოლი გაუშვა

 დერბის წინ გატუზოს დანაკლისი მაინც აქვს - ტრავმის გამო ჯაკომო ბონავენტურა ვერ ითამაშებს, კითხვის ნიშნის ქვეშაა კრისტიან საპატას მოედანზე გამოჩენაც.

ინტერი

ლუჩანო სპალეტის გუნდმა სეზონის პირველი ნაწილი მეზობელზე უკეთესად კი ჩაატარა, მაგრამ შემდეგ აირია. შიდა ასპარეზის პარალელურად, ჯერ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, შემდეგ კი ევროპალიგაზე გადაერთო და იქაც გამოსვლა წინა ოთხშაბათს, საკუთარ მოედანზე აინტრახტთან წაგებით (0:1) დაასრულა.

მატეო პოლიტანომ სერია A-ს ბოლო სამ მატჩში 2 გოლი შეაგდო

ევროთასებიდან გამოთიშვა კლუბის ერთადერთი პრობლემა არაა. სპალეტის გუნდმა, რომელშიც ატმოსფერო იკარდისთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამაც დაამძიმა, ვერც ჩემპიონატის ბოლო ტურებში აჩვენა დამაჯერებელი თამაში - ბოლო სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

"შეგვწევს თუ არა ძალა, ფინიშზე ცხრილში მილანზე მაღლა ვიდგეთ? მეტოქე ძლიერია და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. მაგრამ ჩვენი მიზანი ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა. დერბიში ძნელია პროგნოზის გაკეთება. მნიშვნელოვანია, შენ როგორ თამაშობ და ამაზე იქნება დამოკიდებული შედეგიც", - ამბობს თამაშის წინ სპალეტი.

სპალეტი დერბის საკადრო პრობლემებით ხვდება

მილანური დერბის წინ სპალეტის ისევ ტრავმირებული ჰყავს მაურო იკარდი. ამავე მიზეზით აკლია შიმე ვრსალკო, მირანდა და რაჯა ნაინგოლანი. 

საინტერესო ფაქტები

⚽ იტალიის ჩემპიონატში “დერბი დელა მადონინა” 170-ედ იმართება. 

⚽  სერია A-ს ეგიდით გამართულ დერბიში მილანმა ბოლოს 2016 წლის იანვარში მოიგო, მას შემდეგ ორჯერ ინტერმა იმარჯვა, ორი მატჩიც ფრედ დასრულდა.

⚽ ბოლო ტურში როსონერიმ კიევოს ანგარიშით 2:1 მოუგო, ეს გამარჯვება გუნდისთვის ზედიზედ მეხუთე იყო მიმდინარე ჩემპიონატში. 

⚽ გასულ 27 ტურში მილანმა 41 გოლი გაიტანა და ეს მეშვიდე მაჩვენებელია ლიგაში. 23 გაშვებული გოლით გუნდი ლიგაში მეოთხეა.

⚽ მილანმა საშინაო მატჩებიდან 9 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 2 დათმო და 30 ქულა მოიპოვა. ამ მაჩვენებლით გუნდი მხოლოდ იუვენტუსსა და ნაპოლის ჩამორჩება.

⚽ მილანი მასპინძლის სტატუსით ბოლო 6 დერბიში (ყველა ტურნირი) დაუმარცხებელია - 3 მოგება, 3 ფრე. როსონერიმ შინ ინტერთან ბოლოს 2012 წლის ოქტომბერში წააგო.

⚽ ლუჩანო სპალეტის გუნდმა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 8 შეხვედრიდან მხოლოდ 3-ში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

⚽  გასულ 27 ტურში ინტერმა 40 გოლი გაიტანა, რაც მერვე მაჩვენებელია ლიგაში. გაშვებული 22 გოლით გუნდი ლიგაში მესამეა.

⚽  "ნერაძურიმ" სტუმრად გამართული მატჩებიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 5 დათმო და 21 ქულა მოიპოვა ეს მეოთხე საუკეთესო შედეგია ლიგაში.

⚽ ლუჩანო სპალეტის გუნდს სტუმრად ჩატარებული ბოლო 9 შეხვედრიდან 8-ში ერთზე მეტი გოლი არ გაუტანია.

⚽ მილანის ინტერი ფრთხილად თამაშობს - გუნდის ბოლო 7 მატჩიდან 5-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

მარკო მატერაცი და რუი კოშტა მილანურ დერბიში

სავარაუდო შემადგელობები

მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - კესიე, ბაკაიოკო, პაკეტა - სუსო, პიონტეკი, ჩალჰანოღლუ.

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ’ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - ვესინო, ბროზოვიჩი - პოლიტანო, მარიუ, პერიშიჩი - მარტინესი.

კომენტარები

ბოლო ამბები