Thumbnail

PREVIEW | რუსეთთან ბორჯღალოსნების მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა

  • 📅 17 მარტი | ⌚ 16:00 | 🏉 რუსეთი V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრები რუსებთან 23-ე შეხვედრას გამართავს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 17 მარტს, რაგბი ევროპაზე ბოლო შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. მატჩი "ყუბანის სტადიონზე" გაიმართება და 16:00-საათზე დაიწყება. გულშემატკივარი მატჩის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იხილავს.

რუსეთში გამგზავრებამდე მილტონ ჰეიგმა აღნიშნა, რომ მეტოქე ძლიერია, კარგ ფორმაშია და ბოლომდე იბრძოლებს:

მიუხედავად ჩემპიონობისა, მილტონ ჰეიგის ნაკრები მოსაგებად ემზადება. ''ბორჯღალოსნებს'' პრინციპულ მეტოქესთან 23-ე შეხვედრის გამართვა მოუწევთ და მორიგი გამარჯვების გარდა, იმ მარცხისთვისაც შური უნდა იძიონ, რომელიც საქართველო XV-მა რუსეთის A ნაკრებთან განიცადა.

გერმანიასთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, მილტონ ჰეიგმა რუსეთის ნაკრებთან მატჩისთვის ძირითად შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორციელა: 9 ნომრის პოზიციას ვასილ ლობჟანიძე დაუბრუნდა, რომელიც გერმანიასთან მატჩში გელა აფრასიძემ შეცვალა. უკანა ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა, გიორგი კვესელაძე სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა.

გიორგი კვესელაძე ძირითადში იწყებს

რაც შეეხება შერკინებას, თითო რგოლში თითო ცვლილებაა. კვაჭის პოზიციაზე ზედიზედ მეექვსე თამაშს (შარშან ნოემბერში ტონგასთან და წელს რაგბი ევროპაზე) იწყებს შალვა მამუკაშვილი. ზურაბ ჟვანიას ნაცვლად, მარცხენა ბურჯად გადაინაცვლა ბექა გიგაშვილმა, ხოლო მარჯვნივ ლევან ჩილაჩავა ბრუნდება.

ბექა გორგაძე რუსეთთან მატჩამდე

მეორე ხაზში ძირითადშია ნოდარ ჭეიშვილი, რომელიც გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება. მესამე ხაზი ისეთი იქნება, როგორიც ნოემბრის თიბისი სერიების სამ მატჩში იყო. ბექა საღინაძის ნაცვლად, ფლანკერად ოთარ გიორგაძე დადგება, რომელიც გერმანიასთან შემკვრელი იყო, მეორე ფლანკერად გიორგი ცუცქირიძე რჩება, ხოლო შემკვრელად ბექა გორგაძე ბრუნდება.

''ბორჯღალოსნებს'' ამ დროისთვის 18 ქულა აქვთ და ცხრილში პირველ ადგილზე არიან. რუსეთის ნაკრები 11 ქულით მე-3 ადგილზეა და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილის შანსი ექნება.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

🏉 'ბორჯღალოსნები' რუსებთან 23-ე შეხვედრას გამართავენ. 22 მატჩიდან ქართველებმა 20 მოიგეს, ერთი ფრედ ითამაშეს და ერთ მატჩშის დამარცხდნენ.

🏉 რუსებმა გამარჯვება ამ ნაკრებებს შორის გამართულ პირველ შეხვედრაში მოახერხეს, 1993 წელს პოლონეთის ქალაქ სოპოტში. ბორჯღალოსნებმა ის მატჩი 6 ქულით, 15:9 წააგეს.

🏉 2002 წელს ამ ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, 12:12 დასრულდა.

🏉 ბორჯღალოსნებმა რუსეთს ორჯერ ისე მოუგეს, რომ მეტოქემ ქულაც ვერ აიღო. 2012 წელს მიხეილ მესხზე გამართული მატჩი 46:0 დასრულდა, ხოლო 2015 წელს ქართველებმა 33:0 იმარჯვეს.

🏉 ყველაზე დიდი სხვაობით რუსეთი 2012 წელს დამარცხდა - 46:0.

🏉 საქართველოს რუსეთთან 63 ლელო აქვს გატანილი, რუსებს კი მხოლოდ 16.

🏉 გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსი 557:254, საქართველოს სასარგებლოდ.

🏉 დავით კაჭარავა ნაკრებში 114-ე შეხვედრას ჩაატარებს და ნაკრების ლიდერთან, მერაბ კვირკაშვილთან სხვაობას ერთ მატჩამდე დაიყვანს.

🏉 გიორგი ნემსაძე 90-ე სანაკრებო მატჩს ჩაატარებს

🏉 შალვა სუთიაშვილი 75-ე სანაკრებო მატჩს ჩაატარებს

🏉 გიორგი თხილაიშვილი 50-ე სანაკრებო მატჩს ითამაშებს, ზურაბ ჟვანია 40-ე შეხვედრას გამართავს, ხოლო ოთარ გიორგაძე მე-20 მატჩს ჩაატარებს.​​​​​​

🏉 სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამური რაოდენობა 520-ია, საიდანაც 280 მორკინალებზე, ხოლო 240 ხაზის მოთამაშეებზე მოდის. ​​​​​

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთთან

უკანა ხაზი: 15 სოსო მათიაშვილი, 14 მირიან მოდებაძე, 13 მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 12 ლაშა მალაღურაძე, 11 გიორგი კვესელაძე, 10 თედო აბჟანდაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე

შერკინება: 1 ბექა გიგაშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 ლევან ჩილაჩავა, 4 ნოდარ ჭეიშვილი, 5 გიორგი ნემსაძე, 6 ოთარ გიორგაძე, 7 გიორგი ცუცქირიძე, 8 ბექა გორგაძე

სათადარიგოები: 16 ზურა ჟვანია, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18 გიორგი მელიქიძე, 19 შალვა სუთიაშვილი, 20 გიორგი თხილაიშვილი, 21 გელა აფრასიძე, 22 ლაშა ხმალაძე, 23 დავით კაჭარავა

კომენტარები

ბოლო ამბები