Thumbnail
  • ვლადიმირ ვაისმა რუსეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზე აზრი გამოთქვა
  • სლოვაკი საბა კვერკველიაზე, ჯანო ანანიძესა და თორნიკე ოქრიაშვილზე საუბრობს
  • საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შვეიცარიასთან რთულ მატჩს ელის 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი რუსულ გამოცემა იზვესტიას საქართველოს ნაკრებსა და რუსეთშ მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზე ესაუბრა. 54 წლის სლოვაკი სპეციალისტი, რომელიც საქართველოს ნაკრების 2016 წლის გაზაფხულიდან წვრთნის, თავის დროზე რუსეთშიც მუშაობდა (2006-07 წლებში სატურნში) და ამ ქვეყნის ჟურნალისტებისთვის ის საინტერესო რესპონდენტია. 

ზოგადად, ბატონი ვლადიმირი გულღია და უშუალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, აზრის გაზიარებას დღემდე არც რუს ჟურნალისტებთან ერიდება და არც - ყაზახებთან, სადაც ალმათის ქაიარათში მუშაობის (2013-15) პერიოდიდან კარგად იცნობენ, მაგრამ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სლოვაკ მწვრთნელს საქართველოში გატარებული ამ სამი წლის განმავლობაში, ექსკლუზიური ინტერვიუთი ჯერ არცერთი ქართული მედიასაშუალება გაუბედნიერებია (გვახსენდება მხოლოდ პრესკონფერენციები). უცნაურია, მაგრამ ფაქტია.

ამჯერად კი ისღა დაგვრჩენია, ვლადიმირ ვაისის ნააზრევს ცნობილი საბჭოთა და რუსული გაზეთის, იზვესტიას ფურცლებიდან გავეცნოთ.

საბა კვერკველიაზე

2007 წელს, სატურნიდან წასვლის შემდეგ, ვცდილობ, თვალი მივადევნო რუსულ ფეხბურთს. ამჟამად აქ ექვსი ქართველი ფეხბურთელი გამოდის და ეს მნიშვნელოვანი მიზეზია, ამ ქვეყნის ლიგის საყურებლად. ზოგადად კი, რუსეთის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა. 

საბა კვერკველიამ ლოკომოტივთან ერთად რუსეთის ჩემპიონობა და თასი მოიპოვა

გავიგე, რომ გასულ ზაფხულს კვერკველიას წინადადება ინგლისური ლესტერიდან ჰქონდა. ამაზე მასთან ვილაპარაკე კიდეც. რა თქმა უნდა, უამრავი ფეხბურთელია, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ინგლისსა თუ ესპანეთში წავიდნენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რუსეთში თამაშზე ოცნებობენ. კვერკველია ერთ-ერთი მათგანია. მან რთული გზა გამოიარა. ჰქონდა მძიმე პერიოდი რუბინში, ახლა კი ის ლოკოში გამოდის და ჩემი აზრით, რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონის საუკეთესო მცველი იყო. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ: კვერკველია ძალიან კარგი ბიჭი და ბრწყინვალე ფეხბურთელია. ამბობდა, რომ კლუბი ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ლოკომოტივში მას პატივს სცემენ და აფასებენ და ეს მახარებს. რაც შეეხება იმას, რომ მას კონტრაქტს ლესტერი სთავაზობდა, ეს სოლომონისთვის კარგი რეკლამაა.

ვფიქრობ, დღეს კვერკველია ინგლისური ფეხბურთისთვის მზადაა და იქ სათამაშოდ ყველა მონაცემი აქვს: კარგად თამაშობს თავით და გაბარიტებიდან გამომდინარე, არცთუ ცუდი სისწრაფე აქვს. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის წინააღმდეგ ვითამაშეთ და გარეტ ბეილმა ვერაფრით მოახერხა მისი მოტყუება. ეს ბევრზე მეტყველებს.

ჯანო ანანიძეზე

ჯანოსთან სპარტაკიდან წასვლაზე ბევრი ვისაუბრეთ. გასაგებია, რომ მას მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და ამის შესაძლებლობას კრილია აძლევს. სამარის გუნდს ჩემი კარგი მეგობარი მიოდრაგ ბოჟოვიჩი წვრთნის, რომელმაც ჯანოს ყველა ძლიერი მხარე კარგად იცის, ჯერ კიდევ ერთად როსტოვში მუშაობს პერიოდიდან. იმედი მაქვს, ამჯერად ანანიძეს თამაშის შესაძლებლობა მუდმივად ექნება, ეს მისთვისაც კარგი იქნება და საქართველოს ნაკრებისთვისაც.

ჯანომ კრილია სოვეტოვის მაისურით პირველი გოლი უკვე შეაგდო

გიორგი ჯიქიაზე

თითოეულ ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება. ის ქართველია, მაგრამ გადაწყვიტა, რუსეთის სახელით ითამაშოს. გიორგიმ უკვე ითამაშა ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში და აქ აღარაფერი შეიცვლება. ამ თემაზე მასთან მეც ვისაუბრე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამაც... მაგრამ ყველა თავად ირჩევს თავის გზას. იმედია, კმაყოფილია თავისი არჩევანით, მე კი წარმატებებს ვუსურვებ რუსეთის ნაკრებში.

თორნიკე ოქრიაშვილზე

თორნიკე ფანტასტიკური ფეხბურთელია. მას შეუძლია რუსეთის წამყვან კლუბებში ითამაშოს, ასევე მოუხდებოდა ესპანეთის ჩემპიონატს. მაგრამ მას ძალიან ცუდი ტრავმები ჰქონდა. საბოლოოდ, მან თავად გადაწყვიტა კრასნოდარის დატოვება, თუმცა ზუსტი მიზეზები მე არ ვიცი. ველაპარაკე, თორნიკე გუნდის ძიებაშია, მაგრამ ეს არცთუ იოლია, განსაკუთრებით ასეთი ტრავმების შემდეგ.

თორნიკე ოქრიაშვილი ჯერჯერობით კვლავაც უკლუბოდაა

ევრო 2020-ის შესარჩევზე

პირველ რიგში, ძალიან კარგია, რომ უეფას ერთა ლიგაში ჯგუფის მოგება მოვახერხეთ. ეს დამატებითი შანსი იქნება ევრო 2020-ის ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფი კი საკმაოდ რთულია. ძალიან შორს არ ვიყურებით, წინ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიაროთ. პირველი მატჩი შვეიცარიასთან გვაქვს. რთული იქნება, რადგან მეტოქე ძლიერია, მაგრამ მოგება გვინდა.

საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან მატჩისთვის მზადებას მალე დაიწყებს

ვლადიმირ ვაისის ხელმძღანელობით საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევში პირველ მატჩს 23 მარტს, "დინამო არენაზე", შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარებს, 26 მარტს კი დუბლინში, ირლანდიას ესტუმრება. მომავალი მატჩებისთვის ვაისმა ნაკრებში ფეხბურთელები უკვე გამოიძახა.

კომენტარები

ბოლო ამბები