Thumbnail
  • პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს
  • იუვეს ფორვარდი სანტუშის გუნდს უკრაინასა და სერბეთთან მატჩებში დაეხმარება
  • 34 წლის ვარსკვლავს ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ აღარ უთამაშია

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო დაპირებას ასრულებს და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება. 34 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნული გუნდის ფორმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ აღარ მოურგია, ფერნანდო სანტუშის გუნდს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებში დაეხმარება.

ევროპის მოქმედი ჩემპიონები ტურნირში გამოსვლას უკრაინასა (22 მარტს) და სერბეთთან (25 მარტს) დაპირისპირებით დაიწყებენ. პორტუგალიის ნაკრები ორივე შეხვედრას ლისაბონში, "ეშტადიუ და ლუშზე" ჩაატარებს.

კრიშტიანო რონალდომ და პორტუგალიის ნაკრებმა რუსეთში გამართულ მუნდიალზე გამოსვლა ⅛-ფინალში, ურუგვაისთან მარცხით დაასრულეს. მოგვიანებით ფეხბურთელმა ნაკრების ხელმძღვანელობას თავად სთხოვა გუნდისგან დროებით ჩამოშორება. ამის მიზეზად იუვენტუსთან ადაპტაციის საჭიროება, ასევე, საგადასახადო და გაუპატიურების ბრალდებებთან დაკავშირებით ფეხბურთელის პრობლემები დასახელდა.  

შედეგად, კრიშტიანოს არ უთამაშია უეფას ერთა ლიგაში, სადაც სანტუშის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "ოთხთა ფინალში" გავიდა.

ფერნანდო სანტუშმა მომავალი მატჩებისთვის პორტუგალიის ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

რონალდო ნაკრებში 2003 წლიდან გამოდის, 2008 წლიდან კი მისი კაპიტანია. ნაკრებთან ერთად მან ევრო 2016-ზე გაიმარჯვა. ევრო 2012-ზე ბრინჯაო მოიპოვა, ხოლო ევრო 2004-ზე - ვერცხლი.

34 წლის თავდამსხმელს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 154 მატჩში 85 გოლი აქვს გატანილი და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ევრო 2020-ის შესარჩევში პორტუგალიის ნაკრების მეტოქეები, უკრაინისა და სერბეთის გარდა, ასევე არიან ლიეტუვა და ლუქსემბურგი.

კომენტარები

ბოლო ამბები