Thumbnail

გერმანიის ახალი ნაკრები - ლიოვმა შტარკი, კლოსტერმანი და ეგეშტაინი გამოიძახა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
  • ბუნდესგუნდის სიაში რამდენიმე ახალი სახეა
  • იოგიმ დაადასტურა, რომ მომავალს ჰუმელსის, მიულერისა და ბოატენგის გარეშე გეგმავს

გერმანიის ნაკრებიდან თომას მიულერის, ჟერომ ბოატენგისა და მატს ჰუმელსის გაშვების შემდეგ, ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც სერბეთთან და ჰოლანდიასთან მოახლოებულ მატჩებში იასპარეზებენ. მთავარი სიახლეები შტარკის (ჰერტას მცველი), კლოსტერმანისა (ლაიპციგის უკანახაზელი) და ეგეშტაინის (ვერდერის ნახევარმცველი) გამოძახებაა.

ბრემენის ვერდერის ნახევარმცველი მაქსიმილიან ეგეშტაინი

ამასთან, გერმანიის ნაკრებში ბრუნდება ლაიპციგის უკანახაზელი მარსელ ჰალსტენბერგი, რომელსაც ბუნდესგუნდში დებიუტი 2017 წლის ნოემბერში (ინგლისთან 0:0) ჰქონდა. ლიოვი მოახლოებულ მატჩებში პარი სენ-ჟერმენის შემტევ ნახევარმცველ იულიან დრაქსლერს ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი ტრავმირებულია. იოგიმ იონას ჰექტორსა (კიოლნი) და სებასტიან რუდიზეც (შალკე) უარი თქვა. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა და ეროვნულ გუნდში დაბრუნდა მათიას გინტერი (მიონხენგლადბახის ბორუსია). 

პრესკონფერენციაზე, სადაც ლიოვმა ჟურნალისტებს ბუნდესგუნდის ახალი შემადგენლობა გააცნო, რა თქმა უნდა, მიულერის, ბოატენგისა და ჰუმელსის ნაკრებიდან გაშვებაზეც ისაუბრეს. ბუნდესმწვრთნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხსენებულ ტრიოს ნაკრებში დაბრუნების შანსი არ მიეცემა.

'ეს არ არის გაგდება და თომასს, მატსს და ჟერომს არაფერი დაუშავებიათ. მათი დაბრუნება გამორიცხულია!' - იოახიმ ლიოვი

“მე მათ გულახდილად და გასაგებად ვუთხარი, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს და ევრო 2020-ს მათ გარეშე ვგეგმავ. დროებით დათხოვნაზე საუბარი არასერიოზული იქნებოდა. ვფიქრობ, გასაგებად უნდა მეთქვა, რასაც ვფიქრობ. მინდა, ეს პერიოდი იმისათვის გამოვიყენო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარების შანსი მივცე. ეს არ არის გაგდება და არც თომასს, ჟერომს და მატსს დაუშავებიათ რამე. არ მესმის, რატომ საუბრობენ ზოგიერთები უპატივცემულობაზე მაშინ, როცა ისინი ფეხბურთელებთან ჩემს გასაუბრებას არ დასწრებიან,” - განაცხადა ლიოვმა და დასძინა, რომ სამივეს დიდ პატივს სცემს.

2019 წლის პირველ მატჩს გერმანია ოთხშაბათს, სერბეთთან (ტესტ-მატჩი ვოლფსბურგში) გამართავს, 4 დღის შემდეგ კი, ბუნდესგუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ამსტერდამში, ჰოლანდიასთან ურთულესი გასვლითი მატჩით იწყებს. შეგახსენებთ, რომ გერმანიას ჯგუფში კიდევ ჩრდილოეთ ირლანდია, ბელარუსი და ესტონეთი ჰყავს.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), კევინ ტრაპი (აინტრახტი).

მცველები: მათიას გინტერი (გლადბახი), თილო კერერი (პსჟ), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), ნიკო შულცი (ჰოფენჰაიმი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი), ჯონათან თაა (ლევერკუზენი), ნიკლას შტარკი (ჰერტა), მარსელ ჰალსტენბერგი, ლუკას კლოსტერმანი (ლაიპციგი).

ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), მაქსიმილიან ეგეშტაინი (ვერდერი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), კაი ჰავერტცი (ლევერკუზენი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ტონი კროოსი (რეალი), მარკო როისი (დორტმუნდი), ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი).

თავდამსხმელი: ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

კომენტარები

ბოლო ამბები