Thumbnail
  • ფორმულა 1-ის ახალი სეზონი ავსტრალიის გრანპრით იწყება
  • ფავორიტები ისევ ლუის ჰემილტონი და სებასტიან ფეტელი არიან
  • თუმცა არის კიდევ ორი მრბოლელი, რომლებსაც, შესაძლოა, შანსი ჰქონდეთ

ჰემილტონი V ფეტელი, ხუთგზის ტრიუმფატორი V ოთხგზის ჩემპიონი, მერსედესი V ფერარი - ახალი სეზონი, ძველი ინტრიგები!

ფორმულა 1-ის 2019 წლის სეზონის დაწყების წინ, ავტოსპორტის სამყაროს დისკუსიები კვლავ ორი მთავარი პილოტის გარშემო ტრიალებს. დანარჩენები ჩრდილში არიან, მაგრამ მათ შორის რამდენიმე ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ჰემილტონის და ფეტელის ფავორიტობა ლოგიკურია, მაგრამ მოდით, განვიხილოთ, ვის შეიძლება ჰქონდეს კიდევ ტრიუმფის შანსი, ვისთვისაა გამორიცხული ფეტელთან და ჰემილტონთან კონკურენცია და ვინ არის უბრალოდ საინტერესო პილოტი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ავსტრალიის გრანპრის?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • შარლ ლეკლერი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • სხვა

შარლ ლეკლერი (ფერარი, მონაკო)

ფორმულა 1-ის ექსპერტები სენსაციურ ასპარეზობას ამ სეზონში ყველაზე მეტად 21 წლის მონაკოელ ბიჭს უწინასწარმეტყველებენ. ლეკლერი უნიჭიერესი მრბოლელია, რაც მან არაერთხელ დაამტკიცა. ის მხოლოდ 21 წლისაა და ფორმულა 1-ში მხოლოდ 21 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ შარლმა ფერარის ბოლიდის საჭესთან ჯდომა არ დაიმსახურა. ლეკლერი თამამად ამბობს, რომ რაც შეიძლება მალე სურს თავისი პირველი რბოლის მოგება და მან ტესტებზეც დაამტკიცა, რომ ეს უპერსპექტივო ამბიცია არ არის.

შარლ ლეკლერი და სებასტიან ფეტელი

ბევრი ვარაუდობს, რომ კიმი რაიკონენისგან განსხვავებით, რომელიც ფეტელისთვის უფრო ადიუტანტი იყო, ლეკლერი, შესაძლოა, გერმანელის კონკურენტი გახდეს. თუ მონეგასკელი ფეტელს დუელს მოუგებს, გერმანელის მომავალი სკუდერიაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება - მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული.

ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი)

29 წლის ფინელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამ სეზონში გაცილებით აგრესიულად იასპარეზებს. მართლაც: ბოტასისთვის ეს მესამე წელია მერსედესში და ის უკვე ვალდებულია, რომ იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სანდო მეორე ნომერი ლუის ჰემილტონის უკან.

იცოდით?

ბოტასს კარიერაში 3 გრანპრი აქვს მოგებული. ავა ავსტრალიაში პოდიუმზე?

ფინელს წლის ბოლოს მერსედესთან კონტრაქტი უმთავრდება და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სეზონი გრანპრის მოგების გარეშე არ დაასრულოს. ბოტასი საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშაა იმ მხრივაც, რომ 22 წლის ესტებან ოკონი მზადაა, ზილბერპფაილში მისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს.

მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია)

გაზაფხულზე, ავტოსპორტის მოყვარულებს ტრადიციულად ისეთი განცდა აქვთ, რომ ახლა სწორედ მაქს ფერსტაპენის დრო უნდა იყოს. თუმცა Mad Max საკმაოდ ბევრ ინდივიდუალურ შეცდომას უშვებს და მისი შანსები, გაამართლოს იმედები, სეზონის დაწყებიდან მალევე მცირდება ხოლმე.

მაქს ფერსტაპენი - ასტონ მარტინ რედ ბულ რეისინგი, ბოლიდს ჰონდას ძრავა აქვს

ფერსტაპენს წელსაც უწინასწარმეტყველებენ სენსაციურ ასპარეზობას, თუმცა რედ ბულის გარშემო მაინც ბევრი კითხვის ნიშანია, რაც ჰონდას ძრავების სანდოობას უკავშირდება. ლოგიკურად, სუპერტალანტმა ფერსტაპენმა, ისევ “მხოლოდ” თითო-ოროლა გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს. თუმცა ცხადია, რომ მისი დრო, ადრე თუ გვიან, მაინც მოვა.

ნიკო ჰიულკენბერგი (რენო, გერმანია)

მას ფორმულა 1-ში უკვე 156 რბოლა აქვს, მაგრამ არცერთი მოგება, პოდიუმზეც კი არ ყოფიულა! ტოპ-პილოტს ასეთი შედეგი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჰიულკენბერგს ჯერ არ ჰყოლია ისეთი ბოლიდი, რომელსაც ამაზე მეტი შეეძლებოდა. 2019 წელსაც ალბათ არაფერი შეიცვლება. 31 წლის ჰიულკენბერგმა წელს ისეთ თანაგუნდელთან ერთად უნდა დაამტკიცოს შესაძლებლობები, როგორიცაა 7 გრანპრის მფლობელი დანიელ რიკარდო. თუ მას პირად დუელს მოუგებს, შესაძლოა, ტოპ-გუნდები მისით დაინტერესდნენ.

რობერტ კუბიცა (უილიამსი, პოლონეთი)

ეს ფორმულა 1-ის ახალი სეზონის ყველაზე კარგი სიახლეა. რალიში საშინელი ავარიიდან 8 წლის შემდეგ, უილიამსმა 34 წლის პოლონელს ნდობა გამოუცხადა! და ეს მიუხედავად იმისა, რომ რობერტ კუბიცას მარჯვენა ხელი ვეღარასოდეს იქნება 100 პროცენტით ისეთი, როგორიც 8 წლის წინ იყო.

რობერტ კუბიცა ფორმულა 1-ში დაბრუნდა

კუბიცას ფორმულა 1-ში დაბრუნება ძალიან მაგარი ამბავია, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მას უკან მოუწევს ყოფნა. მისი Williams FW42 ყველაზე ბოლოს დამზადდა და სხვებთან შედარებით, სისწრაფეში მოიკოჭლებს. აღსანიშნავია, რომ კუბიცას თანაგუნდელი, 21 წლის ჯორჯ რასელი დიდი ტალანტია.

კიმი რაიკონენი (ალფა რომეო, ფინეთი)

Iceman არ ბერდება! ფერარიდან გაშვების შემდეგ, 39 წლის ლეგენდარულ ფინელს კარიერის დასრულებაზე ერთი წუთითაც კი არ უფიქრია და ალფა რომეოში (ყოფილი ზაუბერი) გადასვლა გადაწყვიტა. ალფას ბოლიდშიც ფერარის გული ძგერს! ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ რაიკონენს ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა და კიმის მისიაა, ისინი გააჩუმოს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები