Thumbnail

'ჩემი მიზანი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებაა' - ინტერვიუ ანა ხუნჯუასთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 19 წლის ანა პირველი ქართველია, ვინც ქალთა კრივის ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა
  • ახალგაზრდა სპორტსმენს დიდი მიზნები აქვს დასახული და საკუთარ მომავალს კრივში ხედავს

ანა ხუნჯუა 19 წლის მოკრივეა ხობიდან, რომელმაც ქართული კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა. ანა პირველი ქართველია, ვინც ქალთა კრივის ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.

ევროპის 22-წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე ანამ მეოთხედფინალში ბელარუსი სპორტსმენი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი დაიბევა, 15 მარტს კი ნახევარფინალში რუს მეტოქეს დაუპირისპირდება. ნახევარფინალამდე ანამ popsport.com-ის კითხვებს უპასუხა... 

popsport: ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი გაინაღდე. გაგვიზიარე შთაბეჭდილებები...

ხუნჯუა: ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი და შესაბამისად, მზად ვიყავი წარმატების მისაღწევად, თუმცა ეს სპორტია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ, თითოული ბრძოლის მოგებას დიდი მოტივაცია და თავდადება სჭირდება.

popsport: ნახევარფინალში ბელარუსი სპორტსმენი დაამარცხე. გაიხსენე ალექსანდრა კაპროვიჩთან დაპირისპირება...

ხუნჯუა: თავიდანვე ვეცადე რომ ბრძოლა წამეყვანა და უპირატესობა მომეპოვებინა. ძლიერი მეტოქე მყავდა, აქტიურად შემომიტია, მაგრამ სისწრაფის და უკანა ხელით დარტყმების ხარჯზე გავტეხე. შედეგად, სამივე რაუნდი მოვიგე, რამაც განაპირობა კიდეც საბოლოო გამარჯვება.

📺 ანა ხუნჯუას მეოთხედფინალური ბრძოლა

popsport: წინ ნახევარფინალური ორთაბრძოლაა. რას უმიზნებ ევროპის ჩემპიონატზე?

ხუნჯუა: ღმერთის წყალობით და კარგი მომზადების ხარჯზე, ვეცდები რომ გავიმარჯვო და ფინალში გავიდე. ჩემი მეტოქე რუსი ანასტასია არტამონოვაა. მწვრთნელები წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ, გულშემატკივრები მამხნევებენ და მეც მაქსიმალურად მობილიზებული ვარ რომ დადებით შედეგს მივაღწიო.

popsport: პირველი ქართველი მოკრივე ხარ, ვინც ქალთა კრივის ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა. რას ნიშნავს ეს შენთვის?

ხუნჯუა: ძალიან ამაღელვებელი და ამავდროულად, ამაღლებული გრძნობაა. შრომა დამიფასდა და ბედნიერი ვარ. გავაკეთე ის, რაც ჯერ არ მომხდარა ქართული კრივის ისტორიაში. როდესაც ხედავ რომ შენი წარმატება საქართველოში უამრავ გულშემატკივარს ახარებს, ეს პასუხისმგებლობას გმატებს. ეს ყველაფერი დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული.

popsport: როდის და რატომ დაინტერესდი კრივით?

ხუნჯუა: სპორტული ოჯახიდან ვარ და სხვადასხვა სახეობებით ბავშვიბიდან ვიყავი გატაცებული, რაშიც მამა მიწყობდა ხელს. 12 წლიდან კრივზე შევედი, შემდეგ ჭიდაობაც ვცადე, მაგრამ მალევე მივხვდი რომ კრივი იყო ჩემი საქმე. დღეს, სპორტის ამ სახეობაზე ვარ სრულად კონცენტრირებული და მიზნებიც კრივში მაქვს დასახული.

popsport: რა მიზნები გაქვს დასახული და რისი მიღწევა გსურს კარიერაში?

ხუნჯუა: დღეს ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული, ისე კი ბევრი მიზანი მაქვს დასახული, მათ შორის უმთავრესი კი ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებაა. ეს არის ყველა სპორტსმენის მთავარი ოცნება და გამონაკლისი არც მე ვარ. დღეს რთულია იმაზე ლაპარაკი შევძლებ თუ არა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას, მაგრამ ზოგადად, კარიერაში სწორედ ოლიმპიურ ლიცენზიას ვუზმინებ და მჯერა, რომ მწვრთნელებთან ერთად ამას მივაღწევ.

კომენტარები

ბოლო ამბები