Thumbnail

ის ლუის სუარესზე უკეთესია - ბარსამ არჩევანი 22 წლის ურუგვაელ ფორვარდზე შეაჩერა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სელტას ფორვარდი მაქსი გომესი შესაძლოა კატალონიურ კლუბში აღმოჩნდეს
  • თუ ვიგოს გუნდი გავარდება, ბარსა ურუგვაელს ხელში ნახევარ ფასად ჩაიგდებს

ვიგოს სელტას ახალგაზრდა თავდამსხმელი მაქსი გომესი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბარსელონაში აღმოჩნდეს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება, რომლის ცნობით, კატალონიურმა კლუბმა შეტევის გასაძლიერებლად კანდიდატების ხანგრძლივი ანალიზის შედეგად, არჩევანის შეჩერება სწორედ ურუგვაელზე გადაწყვიტა.

ბარსელონა 22 წლის ფორვარდის შეძენას სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს. იმ შემთხვევაში კი, თუ სელტა პრიმერას დატოვებს (ვიგოს გუნდი გასავარდნ ზონაშია), გომესის კონტრაქტში ჩადებული პირგასამტეხლო თანხა განახევრდება - 50 მილიონი ევროდან 25 მილიონამდე შემცირდება.

"ის უკეთესია, ვიდრე სუარესი, როდესაც ამ ასაკში იყო. ეს ფეხბურთელი ბრწყინვალედ შეეწყობოდა გუნდს, ლუისი კი, როგორც მის თანამემამულესა და პოტენციურ შემცვლელს, ადაპტაციასა და კოლექტივთან დაახლოებაში დაეხმარეობდა", - ამბობს ბარსელონას ერთ-ერთი წარმომადგენელი ჟურნალისტებთან.

მაქსი გომესს ლუის სუარესისგან გაკვეთილები ურუგვაის ნაკრებში უკვე მიუღია

მაქსი გომესი ურუგვაის კლუბის დეფენსორ სპორტინგის აღზრდილია, საიდანაც 2017 წლის ზაფხულში სელტაში გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა ესპანეთის ჩემპიონატის 24 მატჩში ითამაშა, გაიტანა 9 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. თავდამსხმელს ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული.

Transfermarkt ფორვარდის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 35 მილიონ ევროს ასახელებს. ფეხბურთელით ასევე ინტერესდებოდნენ ლივერპული, ატლეტიკო და ვესტ ჰემი.

ესპანეთის ჩემპიონატში გასული 27 ტურის შემდეგ, ვიგოს სელტას 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილს იკავებს. ფრან ესკრიბას გუნდი 16 მარტს სტუმრად მადრიდში რეალს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები