Thumbnail

It's Winter - თამაში, რომელშიც კონკრეტულს არაფერს აკეთებთ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • It's Winter გეიმერებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს
  • თამაში პოეტის და დეველოპერის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა

გეიმფლეი, ისტორია და გრაფიკა თანამედროვე თამაშებში უფრო და უფრო შთამბეჭდავი ხდება, თუმცა ახალი რუსული თამაში გეიმერებს უბრალო ყოველდღიურობას სთავაზობს, რომელშიც თავგადასავლების ადგილი არ არის.

სეთინგი

ღამეა. თქვენ რუსეთის გაურკვეველ რეგიონში პატარა და ბნელ ბინაში იმყოფებით. იხედებით ფანჯრიდან და ხედავთ, რომ ეზო თოვლითაა დაფარული, ქუჩას ლამპიონები ანათებს, ხოლო მაღაზიებს კი ნეონი. ოთახში შუქს ანთებთ და მის დათვალიერებას იწყებთ.

ასეთი მოსაწყენი და მელანქოლიური დასაწყისი აქვს It's Winter-ს, იმერსიულ თამაშს, რომელიც დეველოპერმა ალექსანდრ იგნატოვმა და პოეტმა ილია მაზომ შექმნეს. იმის მიუხედავად, რომ Winter-ს კონკრეტული სცენარი ან მიზანი არ აქვს, მან მოთამაშეებისგან და ჟურნალისტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

გეიმფლეი

შეგიძლიათ შეწვათ კვერცხი, ჩართოთ რადიო, წყალი გადაივლოთ, ან ნაგავი გარეთ გაიტანოთ. ისიც კი შეგიძლიათ, რომ ქუჩაში გახვიდეთ და უბრალოდ გაისეირნოთ. კუთხეში მაღაზიაა, ახლოს სილამაზის სალონი, თუმცა ორივე მათგანი დაკეტილია. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ადამიანებს ვერ შეხვდებით.

თამაშის ყველაზე საინტერესო ნაწილი სამზარეულოა

თამაში ჭეშმარიტი 'სენდბოქსია', ანუ გეიმერს შეუძლია ვირტუალურ სამყაროში, რომელიც, მისივე შემქმელების თქმით - 'პოსტ-საბჭოთა და სევდიანია', თავისუფლად იმოძრაოს. სამყაროს საზღვრებს ვერ გასცდებით და ვერც თავგადასავალს იპოვნით. Winter-ში ერთადერთი ამოცანაა - დეველოპერების მიერ შექმნილი გარემოს კარგად შესწავლაა.

პირადი გამოცდილება

It's Winter მოკლე, მაგრამ შთაბეჭდილებებით სავსე თამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ინტერაქციით სავსე რამდენიმე ოთახს გთავაზობთ, თამაშს საინტერესო ატმოსფერო აქვს, რომელიც მალევე ჩაგითრევთ.

დროის უდიდესი ნაწილს ალბათ თქვენც სამზარეულოში გაატარებთ, სადაც საჭმელს მოამზადებთ. დეველოპერებმა დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს, რაც თითოეულ ქმედებაში ვლინდება. ინტერაქტიულობა It's Winter-ის საუკეთესო თვისებაა. 

ბინის დატოვების შემდეგ, მოთხოვნილება გამიჩნდა, რომ დანარჩენი სამყაროც ასეთივე ინტერაქტიული ყოფილიყო და იმედგაცრუებული დავრჩი. სახლის გარეთ საინტერესო ბევრი არაფერი ხდება, მაგრამ ერთხელ გასეირნება ღირს. სამყარო მარტოობითაა სავსე, რაც განსაკუთრებულ განწყობას ქმნის და ცხადად იგრძნობა, რომ ერთ-ერთი დეველოპერი პოეტია.

სამყარო ცარიელი და სევდიანია

მიუხედავად პოეტურობისა, კონტენტი ძალიან ცოტაა. საბოლოო ჯამში, It's Winter საოცარ ხასიათს და იმის განცდას გთავაზობთ, რომ ერთით მეტ უცნაურ ადგილზე ხართ ნამყოფი. ეს თითქოს არაფერია, მაგრამ ზამთარში გატარებულმა ნახევარმა საათმა, იმაზე მეტი მოგონება დამიტოვა, ვიდრე ბევრი 'AAA' სტუდიის შექმნილმა დახვეწილმა პროდუქტმა.

It's Winter ილია მაზოს დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც წიგნს, თეატრალურ დადგმას, მოკლე ფილმს და მუსიკალურ ალბომს მოიცავს (რომლის მოსასმენადაც რადიო უნდა ჩართოთ). როგორც დეველოპერებმა განაცხადეს, თამაშის საზაფხულო ვერსია უკვე იქმნება. 

გასაგები მიზეზების გამო, It's Winter მხოლოდ 5$ ღირს და მისი გადმოტვირთვა ამ ბმულიდან შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები