Thumbnail
  • ეს პრიზი 2004/05 წლების სეზონიდან თამაშდება
  • მიროტიჩმა, ბოგდანოვიჩმა და დონჩიჩმა ტროფეი 2-2-ჯერ მოიგეს
  • ამ სეზონში პრიზი 99%-ით ბითაძისაა

ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის პრიზი (EuroLeague Rising Star Trophy) 2004/05 წლების სეზონიდან დაწესდა. ეს პრიზი თავის დროზე მოუგიათ რიკი რუბიოს, ნიკოლა მიროტიჩს, ლუკა დონჩიჩს, ბოგდან ბოგდანოვიჩს, ანდრეა ბარნიანის, დანილო გალინარისა და სხვებს. ახლა კი პრიზის მოპოვების მთავარი კანდიდატი ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეა!

წლეულს ევროლიგაში ამ პრიზისთვის ბრძოლის უფლება (ასაკის მიხედვით) 22 მოთამაშეს შეუძლია, ევროლიგის პარტნიორმა საიტმა eurohoops.net კი 5 უმთავრესი კანდიდატის სია გამოაქვეყნა. ეს სტატია ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზეც მოხვდა. 

მიროტიჩი, ბოგდანოვიჩი და დონჩიჩი იმით არიან გამორჩეულები, რომ ამ პრიზის მოპოვება ორ-ორჯერ შეძლეს. იმედია, გოგას ეს არ მოუწევს, რადგან დიდი ალბათობით, NBA-ს დრაფტის პირველ წრეში აირჩევენ და შემოდგომიდან კარიერას ამერიკაში გააგრძელებს. 

ამომავალი ვარსკვლავის პრიზის 5 კანდიდატი

1. გოგა ბითაძე (ბუდუჩნოსტი)

2. იოველ ზუსმანი (მაკაბი)

3. გეორგიოს პაპაიანისი (პაათინაიკოსი)

4. პეტარ პოპოვიჩი (ბუდუჩნოსტი)

5. ლაურინას ბირუტისი (ჟალგირის).

ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრი

გოგა ამ ხუთეულში აშკარა ფავორიტია და, ალბათ, პრიზის მფლობელიც გახდება. ამას თავად ევროლიგა აღიარებს.

"იმის მიუხედავად, რომ ბოლოს ტრავმამ ხელი შეუშალა, გოგა ბითაძე ამ პრიზის მოგების მთავარი ფავორიტია. ბითაძე საშუალოდ 11.9 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.7 ბლოკს აკეთებს ევროლიგის მატჩებში. მან სულ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეჭვგარეშეა, ის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრია.
ბითაძეს ევროლიგაში საუკეთესო თამაში ოლიმპიასთან ჰქონდა მილანში, როცა გუნდს 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 ბლოკით შეეშველა. ის თამაში იტალიის ჩემპიონმა მოიგო, მაგრამ ბითაძემ ძალიან მაგრად ითამაშა", - წერს eurohoops.net. 

ბითაძე ევროლიგაში საშუალოდ 11.9 ქულას, 6.4 მოხსნასა და 2.7 ბლოკს აგროვებს

ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ, რომ შეგექმნეთ წარმოდგენა, როგორი ფავორიტია გოგა ამ კატეგორიაში - პეტარ პოპოვიჩი იმ 22 კალათბურთელს შორის, ვისაც პრიზის მოსაპოვებლად ასაკი უწყობს ხელს, მეორე ადგილზეა საშუალოდ 4.9 ქულით თამაშში. გოგას მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 16.44-ია, ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე მყოფი გეორგიოს პაპაიანისისა კი - 4.72. 99%-ით პრიზი ბითაძისაა. 

ამომავალი ვარსკვლავის ყველა გამარჯვებული

2004/05 - ერაზემ ლორბეკი (სლოვენია)

2005/06 - ანდრეა ბარნიანი (იტალია)

2006/07 - რუდი ფერნანდესი (ესპანეთი)

2007/08 - დანილო გალინარი (იტალია)

2008/09 - ნოვიცა ველიჩკოვიჩი (სერბეთი)

2009/10 - რიკი რუბიო (ესპანეთი)

2010/11 - ნიკოლა მიროტიჩი (ესპანეთი)

2011/12 - ნიკოლა მიროტიჩი (ესპანეთი)

2012/13 - კოსტას პაპანიკოლაუ (საბერძნეთი)

2013/14 - ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი)

2014/15 - ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი)

2015/16 - ალექს არბინესი (ესპანეთი)

2016/17 - ლუკა დონჩიჩი (სლოვენია)

2017/18 - ლუკა დონჩიჩი (სლოვენია) 

კომენტარები

ბოლო ამბები