Thumbnail

‘დაივიწყეთ წარსული’ - ზიდანის პირველი ვარჯიში და რჩევა ფეხბურთელებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სამეფო კლუბში დაბრუნებული 46 წლის ფრანგი სპეციალისტი საქმეს უკვე შეუდგა
  • ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელებს გამოუცხადა, რომ ყველაფერი ნულიდან იწყება
  • მადრიდის რეალი ზიზუს ხელმძღვანელობით პირველ მატჩს სელტასთან გამართავს
  • ესპანურმა მედიამ გაარკვია, რამდენი იქნება სპეციალისტის წლიური ხელფასი კლუბში

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, რომელიც ამ თანამდებობაზე კვირის დასაწყისში დაბრუნდა, გუნდში პირველი ვარჯიში 13 მარტს ჩაატარა. 46 წლის ფრანგმა სპეციალისტმა თავის ფეხბურთელებს თავიდანვე გამოუცხადა, რომ ყველაფერი ნულიდან იწყება.

📷 ზიზუ რეალს სელტასთან მატჩისთვის ამზადებს 

"დაივიწყეთ წარსული. ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ და სულერთია, ამ მომენტისთვის როგორ მდგომარეობაშია ნებისმიერი თქვენთაგანი. არც ისაა მნიშვნელოვანი, აქამდე რა გაგვიკეთებია. არცერთ თქვენგანს ვპირდები გარანტირებულ ადგილს შემადგენლობაში და არც არავისთვისაა იქ მოხვედრის შანსი დაკარგული. უახლოესი თვეები ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ", - აქვეყნებს ესპანური მედია ზიდანის ნათქვამს, რომელმაც პირველი ტრანსფერის განხორციელებაც მოასწრო.

მეტი ამ თემაზე: ზიდანის პირველი ტრანსფერი - პრიმეირას საუკეთესო მცველი რეალში ითამაშებს

თანამდებობიდან სანტიაგო სოლარის გათავისუფლების შემდეგ, რეალს ლა ლიგაში 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამეა. ახლა უკვე ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით გუნდს უახლოესი თამაში 16 მარტს, სელტასთან უწევს - მადრიდელები ლა ლიგის 28-ე ტურში ვიგოელებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" უმასპინძლებენ.

📺 მწვრთნელი და კაპიტანი ვარჯიშზე

ფრანგმა სპეციალისტმა, რომელმაც რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო და შარშანდელი სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობა დატოვა, ამჯერად “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფულამდე გააფორმა. ესპანური მედია იუწყება, რომ ზინედინს ახალი შეთანხმებით გაცილებით დიდი ხელფასი ექნება, ვიდრე გუნდის მწვრთნელად პირველად დანიშვნისას ჰქონდა. უფრო კონკრეტულად კი, თუკი 2016 წელს ფრანგის წლიური ანაზღაურება 2,5 მილიონი ევრო იყო, ამჯერად ის წელიწადში 12 მილიონ ევროს შეადგენს.

ზინედინ ზიდანმა მადრიდის რეალში 2016-18 წლებში იმუშავა და მასთან ერთად ჯამში 9 ტურნირში გაიმარჯვა - ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგაში (2016, 2017 და 2018 წლებში), ორ-ორჯერ უეფას სუპერთასსა (2016, 2017) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში (2016, 2017), თითოჯერ კი ლა ლიგასა (2016/17) და ესპანეთის სუპერთასზე (2017).

კომენტარები

ბოლო ამბები