Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არცერთი გერმანული კლუბი არ არის
  • მიხაელ ბალაკმა გერმანული ფეხბურთი მკაცრად გააკრიტიკა

მიუნხენის ბაიერნი, დორტმუნდის ბორუსია და გელზენკირხენის შალკე ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშნენ. თუკი შალკეს შემთხვევაში წარმატების იმედი არავის ჰქონდა (გელზენკირხენულ კლუბს ბუნდესლიგაშიც ძალიან ცუდად აქვს საქმე), საფეხბურთო გერმანია ბაიერნისგან და დორტმუნდისგან ინგლისური ბარიერების (ლივერპული, ტოტენჰემი) გადალახვას ითხოვდა. მაგრამ BVB ტოტენჰემთან ფაქტობრივად უშანსოდ დამარცხდა, ბაიერნმა კი, მართალია, ‘ენფილდზე’ სასურველ 0:0-ს მიაღწია, მაგრამ მიუნხენში, საპასუხო თამაში 1:3 წააგო.

ბუნდესლიგის კლუბების ფიასკოს გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მიხაელ ბალაკი გამოეხმაურა. მან გერმანული ფეხბურთი მკაცრად გააკრიტიკა.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი ვერ გადავლახეთ, ერთა ლიგაში A დივიზიონიდან B დივიზიონში დავქვეითდით, ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი კლუბების ბოლო გაჩერება მერვედფინალში იყო - კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ მივხვდეთ: გერმანული ფეხბურთი ღრმა კრიზისშია. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად არ ვაკეთებთ. თავის მართლების უფლება უბრალოდ არ გვაქვს!” - განაცხადა ბალაკმა Sky-სთან ინტერვიუში, ბაიერნისა და ლივერპულის მატჩის შემდეგ.

პირველად 2006 წლის შემდეგ: ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არცერთი გერმანული არ არის

“მართალია, გერმანელებს უკიდურესი შეფასებები გვჩვევია, მაგრამ უბრალოდ ფაქტია, რომ ინგლისურ კლუბებთან დავმარცხდით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა, მაგრამ რეალობა უნდა მივიღოთ,” - ეს ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერის სიტყვებია.

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გერმანელია და გერმანული კლუბების კრიზისი ნამდვილად არ უხარია, თუმცა ბუნდესლიგასთან შედარებით, ინგლისის პრემიერლიგის უდიდეს უპირატესობას აღიარებს: “პრემიერლიგის ყველა კლუბი ნამდვილად არ ჯობია ბუნდესლიგის ყველა კლუბს, მაგრამ ინგლისში 6-7 ისეთი გუნდია, რომლებსაც ევროტურნირებზე შორს წასვლა და ტიტულების მოგება შეუძლიათ,” - აღნიშნა კლოპმა.

ლივერპულის დამრიგებელმა სამივე გერმანულ-ინგლისურ დუელზე დეტალურად ისაუბრა: “ის ფაქტი, რომ სიტიმ შალკე გაანადგურა, ზუსტ საზომად არ გამოდგება, რადგან შალკეს ამ სეზონში სერიოზული პრობლემები აქვს და ბუნდესლიგაშიც კი გადარჩენისთვის იბრძვის. დორტმუნდის მარცხი ტოტენჰემთან უფრო საყურადღებოა. რაც შეეხება ჩვენი და ბაიერნის დუელს - ლივერპული რეკორდმაისტერზე უკეთესი არ არის, უბრალოდ, ჩვენი დამარცხება ძალიან ძნელია.”

კომენტარები

ბოლო ამბები